Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახტალა აუქციონზე და პოლიტიკური ბრალდებები


ბალნეოლოგიური კურორტი “ახტალა” სახელმწიფომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ კურორტის ხელში ჩაგდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ოჯახს სურს. „ბოღმიანსა და შურიანს“ უწოდებს თავად დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, რომელმაც ამ თემაზე ღიად ილაპარაკა. სახელმწიფომ აუქციონზე „ახტალის“ გაყიდვა 2015 წელსაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

რა მიზანი აქვს ამჯერად კურორტის გაყიდვის მცდელობას?

ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი რესურსი და შესაძლებლობა. იქნება ბევრი დამსვენებელი.
დავით სონღულაშვილი

გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ სახელმწიფომ გასაყიდად აუქციონზე გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს, რისთვისაც ოთხი წლის განმავლობაში 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კურორტის ხელში ჩაგდებით დაინტერესებულია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ოჯახი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, ისინი აუქციონის მიმდინარეობას უკვე აკვირდებიან:

ახტალა

  • „ახტალა“ იყიდება პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში.
  • აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს.
  • კომპლექსის ასაშენებლად ოთხი წლის განმავლობაში 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
  • აუქციონი, რომელზეც კურორტი უნდა გაიყიდოს, 15 ივნისს დასრულდება.
  • ქონების საწყისი ღირებულება 3 755 000 ლარია.
  • ახტალაში ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში 800-ს არ აღემატება
  • „ახტალა“ აუქციონზე 2015 წელსაც იყიდებოდა.

„დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება სონღულაშვილების ოჯახის გარეშე. ეს ასეა და ყველამ იცის. დაველოდებით აუქციონის შედეგებს, სადაც აუცილებლად ვნახავთ პირდაპირ ან ირიბ კავშირებს დეპუტატთან. გასაგებია, 48 თვეში სასტუმრო უნდა აშენდეს, მაგრამ აქ უნდა იყოს ინვესტორის ინტერესი და არა ადამიანებისა, რომლებიც დღეს მხოლოდ ქონების დასამატებლად არიან მოსული ხელისუფლებაში“.

„ბატონი ბოტკოველი, ეტყობა, იბოღმება, რომ გურჯაანში ბევრი საქმე კეთდება“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებას, რომ ბალნეოლოგიური კურორტ „ახტალის“ ხელში ჩაგდებით დეპუტატი და მისი ოჯახია დაინტერესებული. სონღულაშვილმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ კურორტის განვითარება გურჯაანში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ტურიზმის განვითარებას ნიშნავს:

„ბატონი ბოტკოველი რატომღაც იბოღმება და შური ალაპარაკებს, რომ გურჯაანში ბევრი საქმე კეთდება. ეგ არის მისი სტილი. ჩემი ერთადერთი ინტერესი კურორტ „ახტალასთან“ მიმართებით არის, რომ ამუშავდეს და შემოიტანოს ახალი სიცოცხლე გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი რესურსი და შესაძლებლობა. იქნება ბევრი დამსვენებელი. უცხოელი ტურისტი ჩამოვა. ეს იქნება გურჯაანელებისთვის დამატებითი საქმიანობა“.

დაველოდებით აუქციონის შედეგებს, სადაც აუცილებლად ვნახავთ პირდაპირ ან ირიბ კავშირებს დეპუტატთან.
გიორგი ბორკოველი

„ახტალა“იყიდება პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში. როგორც კურორტის დირექტორმა გოგა უტიაშვილმა გვითხრა, ობიექტის გაყიდვის მიზანია ტურიზმის განვითარება, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო-კომპლექსების მოწყობა. აუქციონი, რომელზეც კურორტი უნდა გაიყიდოს, 15 ივნისს დასრულდება. ქონების საწყისი ღირებულება 3 755 000 ლარია:

„’ახტალა’ ახლაც მუშაობს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს პირობებს. საჭიროა ინვესტიციების ჩადება. ‘ახტალა’ გაყიდვის შემდეგ თავის ფუნქციას შეინარჩუნებს. 12 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს 4 წელიწადში. კურორტის განვითარებისთვის უნდა აშენდეს ახალი სააბაზანოები, სასტუმრო, პოლიკლინიკა და ყველაფერი, რაც საჭიროა“.

„ახტალა“ საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს, ადგილობრივების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, თუმცა კურორტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ წელიწადში ვიზიტორების რაოდენობა 800-ს არ აღემატება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG