ახალციხეში, ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან, რიგებია. რამდენიმე ათეული მანქანა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ტექდათვალიერებისთვის ახალციხეში ჩადის. სეირან კოროიანი ახალქალაქიდან ახალციხეში ავტომობილის სავალდებულო ინსპექტირებისთვის ჩამოვიდა. მძღოლს ცენტრთან რიგში ათობით მანქანა დახვდა.
„მე არ ვიცი როგორ უნდა მოასწროს ერთმა ცენტრმა ამდენი ავტომობილის მომსახურება. ახალქალაქიდან ახალციხეში წადი-მოდი, 80 კმ გაიარე, ცოტა ფული არ უნდა. დილის 9 საათიდან ჩამოდი და მთელი დღე რიგი არ გიწევს და ასე გრძელდება, რამდენიმე დღეა უკვე. დღესაც ან მომიწევს რიგი და ან არა. თან, რომ მოძრაობ, ჭკვიანი კამერები გიღებენ და ინსპექტირება რომ არ გაქვს გავლილი, 50 ლარით გაჯარიმებენ. როგორ უნდა გადავიხადოთ? არ ვიცი, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. ან აღარ დაგვაჯარიმონ, ან ყველა რაიონში ცენტრები გახსნან “, - ამბობს მძღოლი, რომელიც, მეორე დღეა, თავის რიგს ელის.
დღეში 40-45 მანქანის შემოწმებას ვასწრებთ. გარეთ ცოცხალი რიგია. მძღოლები თავად არეგულირებენ. ვისაც უწევს, ის შემოდის...საშა ზედგინიძე
პირველიდან 25 იანვრამდე ინსპექტირების ცენტრში 800-მდე მანქანა შემოწმდა. აქედან ნახევარზე მეტმა ინსპექტირება წარმატებით გაიარა, დანარჩენმა კი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. უკმაყოფილებას არც სხვა მძღოლები მალავენ. მეორე დღეა, ავტომობილის ინსპექტირებისთვის ასპინძიდან ახალციხეში ჩამოდის 50 წლის მამაკაცი.
"გუშინ მთელი დღე ველოდე და სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, ცენტრი დაიკეტა. ამ ყინვაში მანქანებში ვზივართ და საათობით ველოდებით. ხომ იცოდა მთავრობამ, რომ ერთი ცენტრი არ ეყოფოდა. სად წავიდეთ, უახლოესი ცენტრი ხაშურშია, მაგრამ იქაც რიგებია, ბორჯომელი მანქანებიც ვერ მიიღეს", - ამბობს რიგში მდგომი მძღოლი.
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი შპს „მესხეთი“, რომელიც მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტზე იყო გათვლილი, ახლა რეგიონის ექვსივე რაიონს ემსახურება. ინსპექტირების მსურველი მძღოლების რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა, რაც 14 იანვრიდან იმ ავტომობილების დაჯარიმება დაიწყეს, რომლებსაც სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ აქვს.
„დღეში 40-45 მანქანის შემოწმებას ვასწრებთ. გარეთ ცოცხალი რიგია. მძღოლები თავად არეგულირებენ. ვისაც უწევს, ის შემოდის“, - ამბობს შპს „მესხეთის“ ხარისხის მენეჯერი. საშა ზედგინიძის თქმით, რეგიონში ერთადერთ ცენტრს ექვსივე მუნიციპალიტეტიდან მანქანების მომსახურება გაუჭირდება.
,,რეგიონში ეს ერთი ცენტრი ვერ დააკმაყოფილებს მანქანათა ნაკადის გატარებას, იმიტომ რომ ახალქალაქი და ნინოწმინდა დიდი რაიონებია და მანქანებიც ბევრია. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, სადაც არის გრაფიკები ვინ როგორ უნდა იმუშაოს, ჩვენი ცენტრი გათვალისწინებულია მხოლოდ ახალციხის რაიონზე. ახალქალაქი – ნინოწმინდას უნდა ჰქონოდა ცალკე ცენტრი, რომელიც უნდა გახსნილიყო 1–ელ იანვრამდე. გაიმარჯვა ტენდერში ჩემთვის უცნობმა ორგანიზაციამ, მაგრამ მან ვერ მოახერხა ხელშეკრულების პირობებში ახალი ობიექტის გახსნა. ამიტომ იქმნება ასეთი რთული სიტუაცია. ჩვენ დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ვმუშაობთ, როცა ვიდეოკამერები ჩართულია. ვიდეოკამერები აფიქსირებს ყველა შემომსვლელ მანქანას. ამავე დროს, არის ლაივხედვა“, – აცხადებს საშა ზედგინიძე.
შექმნილ ვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ინსპექტირების ცენტრები კერძო სექტორია. შეგახსენებთ, რომ მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების 100 ლარი ღირს. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.