ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა „წამებას“ საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპროტესტო აქციებზე სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი სისტემური დანაშაულებს და რეპრესიებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.
რადიო თავისუფლება აგრძელებს დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ისტორიების შეგროვებას.
ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს 30 ნოემბრის დილას, 7 საათისთვის ნიღბიანებმა რუსთაველის გამზირზე სცემეს, სასტუმრო „ბილტმორის“ სიახლოვეს.
გიორგი გამგებელი პოლიციას აქციაზე არ დაუკავებია, თუმცა ის სასტიკად სცემეს და კამერა დაუმტვრიეს.
რადიო თავისუფლება მას 19 დეკემბერს ესაუბრა -გიორგი ჯერ კიდევ კლინიკაში იყო, წინა დღით ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს.
„თავიდან სასწრაფომ რომ წამიყვანა, მითხრეს, არაფერი არ გჭირდება, კოჭია გადაბრუნებულიო, მაგრამ სამ დღეში მაინც გადაიღე რენტგენი იმის შესამოწმებლად, ძვალი ხო არ არის გაბზარულიო.
რომ გადავიღე სამ დღეში რენტგენი, იოგები იყო გაწყვეტილი, კოჭი ამობრუნებული კი არა, სადღაც იყო წასული, წვივი მქონდა მოტეხილი - სადაც გადავიღე, იმ კლინიკაში მითხრეს, ეს რანაირად ვერ დაინახესო. მერე რამდენიმე დღე ჩაცხრობას ველოდებოდი და ბოლოს გამიკეთეს ოპერაცია. ახლა ორი თვე მაინც მომიწევს ვიწვე, 5 კვირაში მეორე ოპერაცია უნდა გავიკეთო კიდევ, გააჩნია როგორ წავა მკურნალობა“, - ამბობს გიორგი, რომელსაც კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაწერენ.
არცერთი სამედიცინო ხარჯი, რომელიც მან აქციაზე დაშავების შემდეგ გაწია, სახელმწიფოს არ დაუფარავს - გიორგის ოპერაციის და სხვა საჭიროებებისთვის თანხა მისმა მეგობრებმა და აქციაზე დაშავებულების დასახმარებლად შექმნილმა ფონდებმა შეაგროვეს.
„ერთი სამჯერ მცემეს, თავიდან რომ გამომათრიეს, ფეხი მომტყდა, ხალხი ალყაში რომ მოაქციეს, მანდ ვიყავი და ფოტოებს ვიღებდი. რომ გამოვარდნენ, მარტო ვიყავი, მახსოვდა, რომ წინა დღესაც ცემეს ფოტოგრაფი და ვიფიქრე მარტო დარჩენას ხალხში შერევა სჯობდა. ამ ხალხთან მოცვივდნენ, ვერ გეტყვი რამდენი, ყველა სპეცრაზმელი მანდ იყო, მოგვიმწყვდიეს სასტუმრო "ბილტმორი" როა, მაგასთან.
ხალხს ხომ ურტყამდნენ, გვაგინებდნენ, იქ ვიღაც დავარდა, კიბეზე დაარტყა თავი, გაითიშა, ვითხოვდით სასწრაფოს, ერთი პოლიციელი იყო მარტო იმდენ ნიღბიანში ისეთი, სახე ვისაც უჩანდა, მივიდა ეს ამ გათიშულ ადამიანთან, ვიფიქრეთ, არიქა, გვეშველა, მაგრამ სულ ტყუილად. მალევე გაიწია უკან, რაღაც ანიშნა ამ სპეცრაზმელებს და იმათაც მოგვიშვეს სახეში წიწაკის სპრეი და დაგვიწყეს რტყმა.
რამდენიმე იძახდა, ეს იყო, ეს იყოო და დაიწყო ერთი ოთხმა კაცმა ჩემი გამოთრევა - ამ თრევაში მომტყდა ფეხი, ოღონდ მაშინ ვერ მივხვდი, რო ფეხი მქონდა მოტეხილი. კი მეტკინა, მარა, მეთქი გადამიბრუნდა, წამოვდექი და ამ წამომდგარს კიდევ სახეში მუშტი ჩამარტყეს, ტუჩი მქონდა გახეთქილი, ტუჩიც გაკერილი მქონდა.
მეორედაც დავეცი და ამ დაცემულზე მეცა კიდევ ექვსი კაცი და დამიწყეს გათრევა. ჩამომგლიჯეს კამერა, ვყვიროდი - ფოტოგრაფი ვარ, რა დაგიშავეთ, მაგრად მცემეს და დამანებეს თავი.
ორიენტაციას უკვე ვკარგავდი, ხალხი მოვიდა და გამიყვანეს მერე სასწრაფომდე. სასწრაფოსთან რო მივედი, ყველა გამოტენილი იყო ამ ნაცემი ხალხით. მე რო დამინახეს, ვიღაც ჩამოსვეს, ეს უარეს მდგომარეობაშიაო.
ერთი 20 წუთი ვყავდი მერე იქ სასწრაფოს, ვიღაც ამოვიდა, მომაყოლა რა დამემართა, მკითხა, საავადმყოფოში თუ გინდა გადაყვანაო და ეგრე გადამიყვანეს კლინიკა "ჰელსიკორში". ონისე ცხადაძე რო დაიჭირეს მერე, ეგეც მანდ იყო, თავი ქონდა გატეხილი“, - იხსენებს გიორგი 30 ნოემბრის დილას.
„ვერც გავბრაზდი, იმდენად არ მჯეროდა, რომ ეს ამბავი ჩემ თავს ხდებოდა. იმდენი რამე გადამხდენია, 90-იანებში გავიზარდე, ჩხუბების მეტი რა მინახავს, 2008 წელს რეზერვისტი ვიყავი, ომშიც წავედი, მაგრამ ეს რაც ხდებოდა, დაუჯერებელი უბედურება იყო.
მეგონა, რო მომკლავდნენ, როგორც ტერორისტები, ისე დაგვესიენ, თან ყველა ნიღბით არის, ვერც გაიგებ, ვინ გცემდა, ვიღაცებს იტაცებდნენ, ცემდნენ, ეს ხალხი ყვირის, ძირს დაყრილ ადამიანებს უვლის - საშინელებათა ფილმში მეგონა თავი. იმდენად ქაოსი იყო და იმხელა შიში ხალხში, ყველაფერი ფრაგმენტებად მახსოვს, რაღაცები მერე და მერე უფრო გამახსენდა. ხალხის ასე გამეტება მე არ მახსოვს, ეს თუ შერჩათ და ეს თუ გაუვიდათ, ამხელა უსამართლობა, აღარ ყოფილა ჩვენი საშველი.
რაღაც დროს ვფიქრობდი, სხვებზე უკეთ გადავრჩი-თქო, მაგრამ ესეც საშინელებაა. ვერ ვმოძრაობ, ტკივილებიც ჯერ კიდევ მაქვს, ეს ოპერაციაც რთული იყო. ფეხი და ფოტოაპარატია ჩემი ცხოვრება და დავრჩი ორივეს გარეშე. მარა არა უშავს, მთავარია ქვეყანა დადგეს სწორ გზაზე და ამას გადავიტან“, - ამბობს ის და თავს იმშვიდებს, რომ საქართველოში შეუძლებელია იგივე სცენარი განვითარდეს, რაც ბელარუსში მოხდა 2020 წელს.
გიორგიმ ჩვენება უკვე მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მისმა ადვოკატმა კი ფოტოაპარატის განადგურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია გამომძიებლებს.
28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს - ეს ომბუდსმენის დათვლილი სტატისტიკაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ფორუმი