Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია ქერის ყანაში - დედოფლისწყაროში კომბაინების ნაკლებობას აპროტესტებენ


დედოფლისწყაროში მცხოვრები გლეხების ნაწილი მოსავალს ვერ იღებს. მიზეზი ტექნიკის სიმცირეა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მექანიზატორები უპირატესობას ანიჭებენ მათ, ვისაც მოსავალი ასეულობით ჰექტარზე აქვს ასაღები.

რა უპასუხეს შპს ,,მექანიზატორის“ წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს და როგორ მოგვარდება პრობლემა?

დედოფლისწყაროელი ფერმერების ნაწილმა მოსამკელ ქერის ყანაში დღეს აქცია გამართა.სოფელ გამარჯვებაში გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, ქერის მოსავალი ასაღები აქვთ, მაგრამ მუნიციპალიტეტში არასაკმარისი კომბაინებია. ამ ფონზე ადგილობრივი მოსახლეობა შპს ,,მექანიზატორს“ ფერმერთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილე ილია ღვინიაშვილის თქმით, ტექნიკას მსხვილ ფერმერებს უგზავნიან, ხოლო ვისაც მცირე ფართობი აქვს, ყურადღებას არ აქცევენ.ამ ფაქტს ადგილზე „მცირემიწიან ფერმერთა ჩაგვრად მიიჩნევენ“:

როცა გავაპროტესტეთ და ტექნიკა სოფლიდან არ გავუშვით, ბოლოს გვითხრეს, რომ ეს კომბაინები აქ იდგმება და ჩვენ მაინც არ ვამუშავებთო. ეს არის მავნებლობა, რომელიც აფუჭებს პირადად გლეხების და მერე საკუთარ საქმეს. ერთი კვირით ადრე რომ მოსულიყო კომბაინი, ახლა აქ უკვე მორჩენილი იქნებოდა ქერის აღება...

„შპს „მექანიზატორის“ წარმომადგენელი, ვინც ამ ტექნიკას კურირებს, მოვიდა და გამოგვიცხადა, რომ ვერ მოგცემთ კომბაინებს, სხვაგან უნდა წავიყვანო, რადგან ხალხი მელოდებაო... ჩვენ ვთხოვეთ, რომ დამატებით კიდევ ერთი დღით დაეტოვებინათ, რაზეც კვლავ კატეგორიული უარი მივიღეთ. ისედაც დაგვიანდა ქერის აღება და მოსავლის ნაწილი უკვე ჩაწოლილია. ახლა თუ წვიმა მოვა, საერთოდ აზრი აღარ ექნება არაფერს“.

აქციაზე ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მექანიზატორმა “ სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ ფერმერებს ორი კომბაინი მიაქირავა, თუმცა კომბაინებმა სოფლის მოსავალი ერთ დღეში ვერ აიღეს და 27 ივნისის დღის ბოლოს სოფლის დატოვება დაიწყეს. ამ ფაქტს ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა. მათ ტექნიკას სოფლის დატოვების საშუალება არ მისცეს. იმედი ჰქონდათ, რომ კომბაინები დღეს ქერის აღებას ამავე სოფელში გააგრძელებდნენ, მაგრამ მექანიზატორებმა უთხრეს, რომ ტექნიკა დაზიანებული იყო და საერთოდ ვეღარ იმუშავებდნენ.

„კომბაინები ჯერ 100-ჰექტარიან ნაკვეთებში კი არ უნდა მიდიოდნენ, ვისაც 2 ჰა აქვს, ის უნდა აიღონ და შემდეგ, თუ უნდათ, სხვაგან წავიდნენ. არავინ არ არის პატრონი, რომ მოვიდეს და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ამ სოფელში მოსავლის ნაწილი აღებულია და სულ რაღაც სამი საათის საქმეა დარჩენილი“.

„როცა გავაპროტესტეთ და ტექნიკა სოფლიდან არ გავუშვით, ბოლოს გვითხრეს, რომ ეს კომბაინები აქ იდგმება და ჩვენ მაინც არ ვამუშავებთო. ეს არის მავნებლობა, რომელიც აფუჭებს პირადად გლეხების და მერე საკუთარ საქმეს. ერთი კვირით ადრე რომ მოსულიყო კომბაინი, ახლა აქ უკვე მორჩენილი იქნებოდა ქერის აღება“.

შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სამსახურის დირექტორი დავით გონაშვილი ადასტურებს, რომ კომბაინების სიმცირეა, თუმცა აქციის მონაწილეთა განცხადებებს მცირემიწიან ფერმერთა ჩაგვრის შესახებ არ იზიარებს.გონაშვილის თქმით, ტექნიკა ნამდვილად დაზიანებულია და დღეს მუშაობა ამ მიზეზით ვერ განაახლა.გონაშვილი ამბობს, რომ კომბაინებს სოფელ გამარჯვებიდან მანამდე არ გაიყვანენ, ვიდრე მოსავალს სრულად არ აიღებენ:

„გუშინ ორი კომბაინი გავუგზავნეთ დასახმარებლად და მთელი დღე იმუშავეს. შემდეგ ვაპირებდით ტექნიკა სოფელ ხორნაბუჯში წაგვეყვანა. ადგილობრივებს ისიც ვუთხარით, რომ ორი დღის შემდეგ ისევ დავრუნდებოდით, მაგრამ არ მოგვისმინეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთელი დღის ნამუშევარი ტექნიკა დაზიანებული იყო. ახლა გავაკეთეთ და მუშაობას დაიწყებს. ამას გარდა, ამ სოფელს კიდევ ერთი კომბაინი მივაშველეთ. ზოგადად, გეტყვით, რომ ტექნიკის პრობლემა არის, რადგან მოსავლის აღება ყველას თითქმის ერთ დღეს უნდა“.

დედოფლისწყაროში ამჟამად 40 კომბაინი მუშაობს და როგორც შპს „მექანიზატორში“ გვითხრეს, ამ რაოდენობაზე კიდევ უფრო მეტია საჭირო, რომ ტექნიკის პრობლემა მოიხსნას.

ერთი ჰექტარი ქერის აღება კახეთში 100-დან 130 ლარამდე მერყეობს. რეგიონში წელს როგორც ქერის, ასევე ხორბლის უხვი მოსავალია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ფერმერებმა ხორბლის დაბალი ფასი გააპროტესტეს. 1 კგ ხორბალი 37-38 თეთრი ღირს, რაც, კახელი მეხორბლეების თქმით, მიზერული ფასია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG