აფხაზეთის მთავრობამ გამოსცა წიგნი „აფხაზური ენა დამწყებთათვის“. ამ წიგნის მეშვეობით მსურველს აფხაზური ენის შესწავლა შეეძლება.
წიგნის პრეზენტაცია 13 მარტს, ბათუმის წიგნის სახლში შედგა. გამოცემა, რომლის ტირაჟი დაახლოებით 800 ერთეულია, თავდაპირველად აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს დაურიგდებათ, შემდეგ საქართველოს იმ სკოლებს, სადაც აფხაზურ ენას ასწავლიან. ასევე, წიგნები გადაეცემათ გალში მცხოვრებ ქართველებსაც.
კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო ენაა: ქართული და აფხაზური, რაც საქართველოს მთავრობას აფხაზურ ენაზე ზრუნვას ავალდებულებს.
„ამასთან, ენის ცოდნა ერთ-ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო იოლად იპოვონ ერთმანეთთან მისასვლელი გზები“, - ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.
მისივე თქმით, აფხაზები მსგავს პროექტებზე ღიად არაფერს ამბობენ, მაგრამ მაინც სიამოვნებთ.
წიგნი ანბანის გაცნობით იწყება. შემდეგ მოდის გაკვეთილები. ყველა გაკვეთილს ლექსიკონი ახლავს.
აფხაზურ ენაში ქართულთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი ბგერაა - 64. ბევრად ნაკლებია ასოები, ამიტომ ზოგიერთი ბგერის გამოსახატად ასოების კომბინაციის გამოყენება ხდება საჭირო.
მაინც რა არის აფხაზური ენის შესწავლისას ყველაზე რთული?
„იმ ბგერების გამოთქმა, რომელიც არც ქართულში გვხვდება და არც ევროპულ ენებში. ასევე, სირთულეს ქმნის ზოგიერთი სიტყვის აგებულება, ფორმის ცვლილება. მაგრამ ეს არ არის დაუძლეველი. გრამატიკას ამ წიგნში საერთოდ არ ვეხებით. წიგნი დამწყებთათვის არის განკუთვნილი“, - ამბობს გამოცემის ერთ-ერთი ავტორი, აფხაზოლოგი თემურ გვანცალაძე.
წიგნი არის ფერადი და ილუსტრირებული, რათა ის პატარა ბავშვებისთვისაც საინტერესო და ხელმისაწვდომი იყოს.