Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება სასროლეთში და კოდორის სპეცოპერაციის კიდევ ერთი მონაწილის "უცნაური" სიკვდილი


"ბეთლგრაუნდის" ბევრისთვის განტვირთვის, საცეცხლე მომზადებისა და წვრთნის სივრცე იყო.  
"ბეთლგრაუნდის" ბევრისთვის განტვირთვის, საცეცხლე მომზადებისა და წვრთნის სივრცე იყო.  

ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" ტერიტორიაზე, სადაც 7 აპრილს აფეთქება მოხდა და რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

ახლა ჯერი ექსპერტებზეა, რომლებმაც უნდა დაადგინონ, რა აფეთქდა სასროლეთში, სადაც ყოველდღიურად არაერთი ადამიანი, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები დადიოდნენ. ეს ადგილი ბევრისთვის განტვირთვის, საცეცხლე მომზადებისა და წვრთნის სივრცე იყო.

რას ამბობს საგამოძიებო უწყება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ეს განცხადება უწყებამ აფეთქების დღეს, 7 აპრილს გაავრცელა. მას შემდეგ გამოძიებას აღარაფერი დაუმატებია ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ.

უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ბევრი ექსპერტიზა.

რას ამბობს „ბეთლგრაუნდი“?

„ბეთლგრაუნდს“ მომხდარზე არაფერი უთქვამს. მათი გვერდი ფეისბუკზე ბოლოს 4 აპრილს არის განახლებული და მომხმარებლებს ატყობინებს, რომ „𝐁𝐚𝐭𝐭𝐥𝐞𝐠𝐫𝐨𝐮𝐧𝐝-ში 𝐃𝐚𝐧𝐢𝐞𝐥 𝐃𝐞𝐟𝐞𝐧𝐬𝐞-ის შაშხანების განახლებული კოლექცია დახვდებათ.“

„ბეთლგრაუნდის“ ადმინისტრაცია არ პასუხობს არც სატელეფონო ზარებს.

ბოჭორმის №12, 7 აპრილი, 2024 წელი
ბოჭორმის №12, 7 აპრილი, 2024 წელი

რა არის „ბეთლგრაუნდი“ და ვინაა მისი მფლობელი?

ტაქტიკური მულტიფუნქციური ცენტრის „ბეთლგრაუნდის“ მფლობელია შპს Global Defense Group. კომპანია 2013 წელს დაფუძნდა.

„ბეთლგრაუნდი“ აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტების 25-მეტრიან სასროლეთს, ტაქტიკური ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიასა და იარაღის მაღაზიას.

სასროლეთი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიაროს საცეცხლე მომზადების 3- და 6-დღიანი კურსი და მონაწილეობა მიიღოს სროლის ტურნირებში.

სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტაციით, შპს Global Defense Group-ის ერთადერთი, 100%-იანი წილის მფლობელია იაკობ ბერიძე. უახლესი, 2024 წლის 11 მარტის დოკუმენტაციის თანახმად, ის თავადაა კომპანიის დირექტორიც.

ვინ დაიღუპა აფეთქებისას?

7 აპრილს, „ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა 24 წლის რატი საგანელიძე. ის „გალფ ჯორჯიას“ თანამშრომელი, ლოგისტიკის მენეჯერი იყო და სასროლეთში ხშირად დაიოდა ცოლთან ერთად.

აფეთქებისას დაღუპული რატი საგანელიძე
აფეთქებისას დაღუპული რატი საგანელიძე

7 აპრილს „ბეთლგრაუნდში“ მეგობრებთან ერთად იყო. რატი საგანელიძესთან ერთად ემსხვერპლა აფეთქებას მისი თანამშრომელი, 39 წლის ლევან ჯეირანაშვილი, სამი შვილის მამა.

აფეთქებისას დაღუპული ლევან ჯეირანაშვილი
აფეთქებისას დაღუპული ლევან ჯეირანაშვილი

ლევან ჯეირანაშვილის ოჯახის ახლობელი, მეგობრები, რომლებიც ლევანთან და რატისთან ერთად უნდა მისულიყვნენ „ბეთლგრაუნდში“, საცობმა შეაყოვნა და ასე გადაურჩნენ აფეთქებას.

დაღუპულთა შორისაა იური ლომიძე. ის სასროლეთის თანამშრომელი, ინსტუქტორი და დარაჯი იყო.

აფეთქებისას დაღუპული იური ლომიძე
აფეთქებისას დაღუპული იური ლომიძე

სტრასბურგში მცხოვრები ქართველი გენერალი, გოგი თავთუხაშვილი ამბობს, რომ პოლკოვნიკი იური ლომიძე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. მისივე თქმით, იური ლომიძე 2007 წელს, ე.წ. კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

როდის და რატომ ჩატარდა კოდორის სპეცოპერაცია?

საქართველოს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული ინგლისურენოვანი დოკუმენტის თანახმად, სადაც ასახულია ინფორმაცია 2004-2007 წლებში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის, მათ შორის, ტერორისტული თავდასხმებისა და „გრუს“ (რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს) სპეცოპერაციების შესახებ, ე.წ. კოდორის სპეცოპერაცია ჩატარდა 2007 წლის 20 სექტემბერს.

ამ დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა კოდორის ხეობაში გაანეიტრალა 10-კაციანი დაჯგუფება. ისინი გეგმავდნენ იმ ახალი გზის აფეთქებას, რომელიც კოდორის სოფლებს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ორმხრივი შეტაკებისას ქართულმა მხარემ მოკლა დაჯგუფების მეთაური და მისი მოადგილე - იგორ მუზავატკინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზირებულ უსაფრთხოების სამმართველოში მსახურობდა და არტურ ზორინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორი, ე.წ. მშვიდობისმყოფელთა მისიის წევრი.

დაჯგუფების შვიდი წევრი, რომლებიც საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ სასაზღვრო ძალების დივიზიის წევრებად, ქართულმა მხარემ დააკავა, თუმცა, მოგვიანებით, როგორც კეთილი ნების გამომხატველი ჟესტი, ისინი გადასცეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას.

კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეების „უცნაური“ სიკვდილი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოყოლებული, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე პირების სიის გადაცემას მოითხოვდა.

კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე პირების ე.წ. უცნაური სიკვდილების შესახებ, მათი ოჯახის წევრების ნაწილი ღიად ლაპარაკობს და მათ სიკვდილს სწორედ კოდორის სპეცოპერაციას და „გრუს“ მიერ მათზე გამოცხადებულ ნადირობას უკავშირებს.

უკანასკნელ 14 წელიწადში, კოდორის სპეცოპერაციის რვა მონაწილე არაორდინალურ ვითარებაში დაიღუპა. მათგან ბოლო, იური ლომიძე, 7 აპრილს, თბილისში, სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას.

დიმიტრი კორძაძე - დაიღუპა 2010 წელს, 5 მაისს, ბათუმში. ის საკუთარ ავტომობილში აფეთქდა.
ალექსანდრე დანელია - დაიღუპა 2013 წელს. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზია თვითმკვლელობა. სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 2013 წლის 24 ნოემბერს, ორი ტყვიით მკვდარი იპოვეს.
სერგო უბილავა - გარდაიცვალა 2014 წლის 17 მარტს. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზია ღვიძლის ციროზი.
ივანე ივანიძე - გარდაიცვალა 2014 წლის გაზაფხულზე ავტოკატასტროფაში.
ზვიად ლაგვილავა - დაიღუპა 2014 წელს, 28 ოქტომბერს, ზუგდიდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, საკუთარ კაბინეტში მომხდარი აფეთქებისას. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა წყლის გამათბობლის გაუმართაობა.
არჩილ მამაგეიშვილი - ის 2016 წლის 18 ივლისს, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.

გენერალი გოგი თათუხაშვილი, შალვა თათუხაშვილის მამა, რომლის შვილიც კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე იყო და რომელიც 33 წლის ასაკში, 2014 წლის 23 მარტს, სახლში გარდაიცვალა, დარწმუნებულია, რომ როგორც მისი შვილი, ისე კოდორის სპეცოპერაციის სხვა მონაწილეები, მათ შორის, იური ლომიძეც, სწორედ რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს დავალებით არიან მოკლულები.

გენერალი გოგი თათუხაშვილი უკვე წლებია სტრასბურგში ცხოვრობს. ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ურჩიეს, ქვეყანა შვილთან ერთად დაეტოვებინა, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს დატოვება შალვამ არ ისურვა.

სასროლეთში აფეთქებამდე 10 დღით ადრე, 29 მარტს, გოგი თათუხაშვილმა და მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, გენერალურ პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს, შალვა თათუხაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილების გაუქმება, ანუ გამოძიების განახლება და გოგი თათუხაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა.

შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს, აჩვენებს, რომ შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი არა ალკოჰოლით ინტოქსიკაცია, არამედ გარკვეული მედიკამენტისა და მასთან ერთად ალკოჰოლის მიღება გახდა:

ადვოკატი შოთა თუთბერიძე
ადვოკატი შოთა თუთბერიძე

„ექსპერტიზამ თქვა, რომ მაიორ თათუხაშვილს მიღებული ჰქონდა რამდენიმე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ხოლმე დაკითხვის დროს, ე.წ. სიმართლის ელექსირები, სასურველი ინფორმაციის მისაღებად. ასევე მას აღენიშნებოდა სიცოცხლის დროს მიღებული დაზიანებები, რომელიც მიყენებული იყო მკვრივი, ბლაგვი საგნით და რომელიც ემთხვევა თათუხაშვილის მიერ ჩვენებების მიცემისა და პროკურატურაში სიარულის პერიოდს.

10 წლის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სცადა, რომ თათუხაშვილის გარდაცვალება დაებრალებინა იმისთვის, რომ მას სისხლში აღმოაჩნდა დიდი დოზით ალკოჰოლი. თუმცა, მოწმეთა ჩვენების თანახმად, თათუხაშვილმა მიიღო მხოლოდ ორი ჭიქა ალკოჰოლი. დამოუკიდებელი ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი არის სწორედ ე.წ. სიმართლის ელექსირების, ძლიერმოქმედი პრეპარატების ზემოქმედება, რაც გააძლიერა იმ ორმა ჭიქა ალკოჰოლმა, რაც თათუხაშვილმა მიიღო“.

შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაიბარეს.

თუმცა, მამამისი, გოგი თათუხაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის პროკურატურაში დაბარების მოტივი სწორედ კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობა იყო:

„გამოკითხვიდან დილის ოთხ საათზე გამოვიდა. როგორც ჩემი შვილები და მისი მეგობრები ყვებიან, რომლებიც იქ ელოდებოდნენ, საკუთარ თავს არ ჰგავდა, გაბრუებული იყო, აშკარად წამლების ზემოქმედების ქვეშ“.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 24 თებერვალს, ჩვენების მიცემის შემდეგ, შალვა თათუხაშვილმა მოითხოვა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა, რის საფუძველზეც მას დაენიშნა დაცვა და ის კონსპირაციულ ბინაში გადაიყვანეს. თუმცა, მთავარი პროკურატურის ინფორმაციითვე, ამ ბინაში მან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. მეორე დღეს, 25 თებერვალს, ის დაცვის წარმომადგენლებს გაექცა.

თუმცა, შვილის თითქმის 20 დღით გაუჩინარების შესახებ სულ სხვა ვერსია აქვს შალვა თათუხაშვილის მამას:

„ის გატაცებული ჰყავდათ, გამოკეტილი და გაბრუებული. 18 მარტის ღამეს გამოაჩინეს, ვითომ ლილოს ტერიტორიაზე დააკავეს, მთვრალი, თითქოს ბარში აწუხებდა ხალხს და ბარის მეპატრონემ შეატყობინა სამართალდამცავებს. 18 მარტს, უკვე საღამოსკენ გამოუშვეს სახლში. თუმცა, პერიოდულად უნდა მისულიყო უწყებაში და დაფიქსირებულიყო.

23 მარტს, საღამოს, დასთან შეიარა, ჭამა. შემდეგ სახლში მივიდა და ახლობლებს სთხოვა, კარგი ხარისხის ვიდეოკამერა მჭირდება, ვიდეოგზავნილის ჩაწერა მინდა, მე რომ რამე მომივიდეს, მამაჩემმა ნახოსო. შემდეგ დაიძინა და ძილში გარდაიცვალა“, - ამბობს გოგი თათუხაშვილი და ამატებს, რომ როგორც კოდორის ოპერაციის სხვა მონაწილეები, 7 აპრილს, სასროლეთში დაღუპული იური ლომიძეც „გრუს“ მსხვერპლი გახდა.

რატომ არაფერს ამბობს გამოძიება?

თეონა აქუბარდია, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, „ბეთლგრაუნდის“ ხშირი სტუმარი იყო: „ჩემთვის, ერთი მხრივ, განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა, მეორე მხრივ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ვსწავლობ. თბილისში საუკეთესო ტირი იყო“, - გვეუბნება თეონა აქუბარდია, რომლის თქმითაც, გარდა რიგითი მოქალაქეებისა, სასროლეთში ხშირად დადიოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებიც.

თეონა აქუბარდიას ახლა ბევრი კითხვა აქვს. მათ შორის, პირველი - რატომ დუმს გამოძიება? მეორე კითხვა სასროლეთში კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე პირის დაღუპვას ეხება:

პარლამენტარი თეონა აქუბარდია
პარლამენტარი თეონა აქუბარდია

„შეთქმულების თეორიებში ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია და ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ჩვენი სამხედროები, რომლებმაც მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს, სამიზნეში ჰყავთ. მათ შორის, პერიოდულად ქვეყნდება ხოლმე რუსეთის განსაკუთრებული მტრების სიებიც. ერთ-ერთ ბოლო სიაში პარლამენტის დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც იყო შეყვანილი.

ასევე, თუკი შევხედავთ აგვისტოს ომის მონაწილეებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილი. ასევე ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ კირბალში მომხდარი მკვლელობა... ეს რუსეთის გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენ სწორედ ამისთვის გვყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი და არა იმისთვის, რომ ოპონენტების პირად ცხოვრებაზე ინადიროს“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

„ის კვამლი, რაც ვნახეთ, არ იყო გაზის აფეთქებით გამოწვეული კვამლი“

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ ტირში მომხდარი აფეთქების კადრები და იქიდან გამოსული კვამლი სოციალურ ქსელში ნახა.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კვამლი, რომელიც აფეთქებას მოჰყვა, არ ჰგავდა ბუნებრივი აირით გამოწვეული აფეთქების კვამლს: „მუსიკის მასწავლებელი არ ვარ, ჩემი ერთ-ერთი სპეციალობა უკავშირდება ასაფეთქებელ ნივთიერებებს. იმ გამონაბოლქვს, იმ შავ ღრუბელს, რაც შეიქმნა და გამოვიდა გარეთ, სწორედ ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის, ტროტილი წარმოქმნის. გაზის აფეთქებას აქვს თეთრი კვამლი და გარდა ამისა, გაზი ასეთ დეტონაციას ვერ წარმოშობდა“.

ვანო ნადირაძე ამბობს, რომ ამ ტიპის აფეთქებას ვერ გამოიწვევდა ვერც ტყვია-წამალი:

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ვანო ნადირაძე
უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ვანო ნადირაძე

„ტყვია-წამალი ასე არ ფეთქდება. სასროლეთში ვერ იქნებოდა შენახული საარტილერიო ჭურვები. იქ ძირითადად იქნებოდა შაშხანებისა და პისტოლეტებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა. არ ვიცი, განა რა რაოდენობის ტყვია-მასალა უნდა ჰქონოდათ, რომ ასეთი აფეთქება გამოეწვია. მაშინ გამოდის, რომ მათ იქ ტროტილი ჰქონდათ შენახული, რაც უკანონოა. ეს დაწესებულებები შემოწმებებს გადიან და ასეთ ასაფეთქებელ ნივთიერებებს იქ ვერავინ შეინახავს“.

როგორც ვანო ნადირაძე ამბობს, მისი ინფორმაციით, აფეთქება „ბეთლგრაუნდში“ მაშინ მოხდა, როდესაც იური ლომიძემ სასროლეთის ტერიტორიაზე შუქი აანთო:

„აფეთქების ერთ-ერთ ვერსიად სახელდება ბუნებრივი აირის დაგროვება. ეს რომ ასე ყოფილიყო, იმ დახურულ სივრცეში ისეთი სუნი იქნებოდა, რომ იური ლომიძე, კაცი, რომელსაც ასეთი გამოცდილება აქვს, იქ სინათლეს ნამდვილად არ აანთებდა, ამას ვერავინ დამაჯერებს“.

ვანო ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში მომხდარი აფეთქების კვალი კოდორის სპეცოპერაციამდე მიდიოდეს:

„ამ სპეცოპერაციის რამდენიმე მონაწილე დღეს უკრაინაშია. ცხადია, მე მათ ვინაობას არ დავასახელებ და კიდევ კარგი, რომ აქ არიან. იური ლომიძე არ იყო რიგითი ადამიანი. არ ვიცი, რატომ დუმს გამოძიება. ეს არ არის გადასაფარი საქმე და ეს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს. ჩვენ არ ვიცით, რუსეთის მოქალაქეების შემოდინებასთან ერთად, რამდენი აგენტი შემოდის, "გრუს" რამდენი წარმომადგენელია შემოსული“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

7 აპრილს მომხდარი აფეთქებისას, დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და ერთი „ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელია. ისინი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩებიან.

XS
SM
MD
LG