„რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი სირიის მრავალტანჯული ხალხისთვის“, - განაცხადა 8 დეკემბერს ჯო ბაიდენმა ისლამისტების მეთაურობით მებრძოლი მეამბოხე ჯგუფების კოალიციის მიერ ასადის დამხობაზე თავის პირველ სრულ გამოსვლაში.
ბაიდენმა სირიაში არსებულ ვითარებას არასტაბილური და რისკებით სავსე უწოდა და პირობა დადო, რომ გარდამავალ პერიოდში დაეხმარება რეგიონის ქვეყნებს და თავად სირიას.
სირიაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან საქართველოდანაც, რომელსაც მოსკოვის სატელიტმა ასადის რეჟიმმა თავი იმით „დაამახსოვრა“, რომ 2018 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა.
თავის დროზე სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო ომის კონტექსტში ასევე ხშირად ახსენებდნენ საქართველოს, რომლის მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 30 წლის ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, სირიაში მებრძოლი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის საველე მეთაურად ითვლებოდა.
უცნობია, თუ ვის დარჩება ძალაუფლება სირიაში
ვაშინგტონისა და მის მოკავშირეების აზრით, შეიარაღებული ისლამისტური ჯგუფების ელვისებური შეტევა ჩრდილოეთ სირიაში და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი ერთპიროვნული მმართველობის 4 დღეში დამხობა, სირიელი დიქტატორის მოკავშირეების, პირველ ყოვლისა, რუსეთის დასუსტების შედეგად გახდა შესაძლებელი.
აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადი გაიქცა თავისი ქვეყნიდან. „მისი დამცველი, რუსეთი ვლადიმირ პუტინს მეთაურობით, აღარ არის მისი დაცვით დაინტერესებული“, - დაწერა ტრამპმა X-ის პლატფორმაზე. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ამ თანამდებობაზე, თვლის, რომ „რუსეთი და ირანი დასუსტებული არიან, ერთი - უკრაინის და ცუდი ეკონომიკის და მეორე კი - ისრაელის და მისი სამხედრო წარმატებების გამო“.
წინა დღით ტრამპმა თქვა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიის კონფლიქტში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 8 დეკემბრის გამოსვლაში განაცხადა, რომ ასადის მოკავშირეებმა - რუსეთმა, ირანმა და რადიკალურმა ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ (რომელიც ტერორისტულად არის მიჩნეული აშშ-სა და ევროკავშირში) სირიაში მიმდინარე მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში „პირველად“ ვერ შეძლეს სირიის პრეზიდენტისათვის დახმარების გაწევა. როგორც ბაიდენი ამტკიცებს, პირველი ყოვლისა იმის გამო, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკამ მოსკოვისა და თეირანის დასუსტება განაპირობა.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მოსკოვი, რომელსაც ორი სამხედრო ბაზა აქვს სირიის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით არ არის მზად, გაგზავნოს სახმელეთო ჯარები დამასკის დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ნოემბრის მიწურულს ასადის ძალების წინააღმდეგ დაწყებული შეტევის პასუხად რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, ამ შეზღუდულმა ჩარევამ ვერ შეაჩერა ამბოხებულთა წინსვლა.
„რეალურად, რაც სირიაში ხდება, ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მარცხი, იმიტომ რომ მთლიანად ასადის რეჟიმი ჩამოკიდებული იყო რუსეთზე და თავის დროზე, რუსეთისგან იყო გადარჩენილი ჩამოგდებისგან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი, ყოფილი დიპლომატი:
„ახლა როდესაც რუსეთი მთლიანად ჩართულია უკრაინაში, მას პრაქტიკულად აღარ რჩება დრო და ენერგია იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ კონფლიქტში, ამა თუ იმ სახით. ეს სირიამ აჩვენა ყველზე კარგად. ეს ამავე დროს აბათილებს მითს იმის თაობაზე, რომ რუსეთი არის უძლეველი და მას აქვს რაღაც განსაკუთრებული ძალა. და ეს ასე არ არის. დავინახეთ, რომ მან ვერავითარი დახმარება ვერ აღმოუჩინა სირიას, ანუ მითი იმის შესახებ, რომ აქ საქართველოში რუსეთი ჯარით შემოვა და ამას იზამს და იმას იზამს, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გაბათილდა სირიის შემთხვევაშიც“.
გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 9 დეკემბერს, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება და სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს რუსეთის ინიციატივით, რომელმაც თავშესაფარი მისცა ბაშარ ასადსა და მის ოჯახს.
რუსეთის ხელისუფლება ასადს ოფიციალურად ყოფილ პრეზიდენტს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ხელისუფლების გადაცემაზე ოპოზიციასთან შეთანხმდა. თავად ასადს აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია თავისი რეჟიმის დაცემაზე და არ გამოჩენილა საზოგადოებაში.
თუმცა, ასადის კომენტარზე მეტად საერთაშორისო საზოგადოებას ის აინტერესებს, თუ როგორი იქნება სირიის გარდამავალი ხელისუფლების კონფიგურაცია და რამდენად შეძლებს მის სრულად გაკონტროლებას ჯიჰადისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ (ოდესღაც ალ-ყაიდის ადგილობრივი განშტოება, რომელსაც „ჯაბჰათ ალ-ნუსრა“ ეწოდებოდა).
დაჯგუფება აღიარებულია ტერორისტულ ჯგუფად შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და, შესაბამისად, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს არ სურთ, რომ იგი სირიის ძალაუფლებაში იხილონ.
„სირიაში ახლა არის რამდენიმე დაჯგუფება, რომელიც ებრძოდა ასადის რეჟიმს და რომლებიც ახლა გამარჯვებულები არიან. მათ შორის არიან, რა თქმა უნდა, რადიკალურად განწყობილი ჯგუფებიც. ჩვენ არ ვიცით, ახლა რა მიმართულებით წავა და ვის ხელში ძალაუფლება - უფრო რადიკალების ხელში, თუ უფრო ზომიერების ხელში“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი
ამ ფონზე, ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისლამისტური ჯგუფები გამარჯვებულ მეამბოხე ალიანსში ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ. ზოგიერთ მეამბოხე ჯგუფს, რომლებმაც ჩამოაგდეს ასადი, აქვს ტერორიზმისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სავალალო ისტორია, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სირიის მეზობელი ქვეყნის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი არ დაუშვებს თავის საზღვრებთან მტრული ძალების გამაგრებას. ასევე მეზობლის, იორდანიის მეფე აბდულამ მოუწოდა სირიელებს თავიდან აიცილონ კონფლიქტები, რასაც შეიძლება ქაოსი მოჰყვეს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ სირიაში კრიზისი უნდა მოგვარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 2254-ე რეზოლუციის თანახმად.
საუდის არაბეთიც მიმართავს რეგიონის მოთამაშეებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა მოვლენები სირიაში ქაოსური არ გახდეს.
ალ-შიშანი და ასადის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ 2011 წლის შემდეგ დაწყებულ ანტისამთავრობო გამოსვლებს, სულ მალე ქაოსი, შეიარაღებული დაპირისპირება და ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურება მოჰყვა.
რუსეთის ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის შედეგად ბაშარ ასადმა 2017 წლისთვის შეძლო კონტროლის აღდგენა სირიის დაახლოებით 60%-ზე. ამით მოსკოვმა სამხედრო მისია სირიაში დასრულებულად ჩათვალა. „ორი წლის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის არმიასთან ერთად გაანადგურეს საერთაშორისო ტერორისტების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სახლში, რუსეთში დაბრუნდეს სირიაში მყოფი სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 2017 წლის 11 დეკემბერს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა სირიაში, სადაც ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე მას ბაშარ ალ-ასადი დახვდა.
მაგრამ პუტინის ამ ხმამაღალი განცხადების მიუხედავად სირიაში არ წყდებოდა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული დაპირისპირება.
ასადს ებრძოდნენ როგორც დასავლეთის და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციური რაზმები, ისე ტერორისტული ჯგუფები, მათ შორის - ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, რომლებიც აშშ-ის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენდნენ.
ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 30 წლის ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის საველე მეთაურად ითვლებოდა, ზოგი მას „ომის მინისტრსაც“ უწოდებდა.
2016 წლის მარტის დასაწყისში, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დახოცეს ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მებრძოლი, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ომარ ალ-შიშანიც იყო.
პანკისის სათემო რადიოს ცნობით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 34 პანკისელი ემსხვერპლა.
ერთ-ერთი ბოლო იყო პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი, რომელიც სირიაში 2019 წლის მარტში დაიღუპა.
შესაბამისად, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება იმის საფრთხე, რომ სირიას ექსტრემისტულად განწყობილმა არაერთმა ადამიანმა მიაშუროს.
„თუ [სირიაში] რადიკალების ხელში აღმოჩნდა ძალაუფლება, მაშინ, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს, საფრთხეები მატულობს და ეს საფრთხეები იდეაში არსად არ წასულა. ვნახოთ, ძალიან ძნელია ახლა რამის პროგნოზირება, თუ რომელ ჯგუფს ექნება ახლა იქ უპირატესობა. ისიც ფაქტია, რომ სირიაში ბრძოლები არ დასრულებულა. ერთი მხრივ, არის ოპოზიცია, რომელშიც ბევრი რადიკალურად განწყობილი ჯგუფია და, მეორე მხრივ, არიან აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პროქურთული ნაწილები, რომლებიც ახლაც ერთმანეთს ებრძვიან. ამიტომ ძალზე ძნელია ამ მომენტისთვის რაიმეს პროგნოზირება, თუ როგორი იქნება მომავალი სირიის კონფიგურაცია“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, დასათვლელია საქართველოსთვის რისკები და გამოწვევები, რაც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას უკავშირდება.
„ნორმალურ ქვეყანაში იმაზე, რაც მოხდა სირიაში, მინიმუმ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ყველა სახელმწიფოს ინსტიტუტის ფუნქციონირება მოშლილია და ეს კიდევ უფრო დაუცველად წარმოაჩენს საქართველოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარმა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ.
საქართველოს ამ „დაუცველობას“, საერთაშორისო მკვლევრის თქმით, აძლიერებს ქვეყნის დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ გაფუჭებული ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირსა და სხვა სახელმწიფოებთან.
„იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა მარცხი განიცადა ყარაბაღსა და სირიაში, ჩვენ უცებ შეიძლება ადვილ ლუკმად მოვეჩვენოთ ვინმეს, რადგან დღეს ესაა საქართველო, რომელიც პარტნიორებს კარგავს, რომელიც სუსტდება. აქ შეიძლება ცდუნებები უფრო მაღალი იყოს, გამომდინარე, კვლავაც ხაზს ვუსვამ, იქიდან, რომ დღევანდელ დღეს იმ ძლიერი მხარდაჭერის გარეშე ვართ, რაც აქამდე გვქონდა. ამიტომ ეს რისკები დასათვლელია“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
აღსანიშნავია, რომ სირიამ სწორედ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს, 2018 წლის 29 მაისს, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს (ყოფილი სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა.
შესაბამისად, ასადის რეჟიმის დამხობას და მის ნაცვლად ხელისუფლების სათავეში დამოუკიდებელი, სუვერენული სირიის მომხრე ძალების მოსვლა, საქართველოს ხელისუფლებას, - ფხალაძის აზრით, - შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდა.
„და, რაც მთავარია, მე მაკვირვებს ის, რომ დღევანდელ დღემდე მე არ მომისმენია გამოხმაურება საქართველოს ოფიციალურ ხელისუფალთა მხრიდან სირიის საკითხთან დაკავშირებით. არადა, ამ დროს სირია ეს ის ქვეყანაა, რომელმაც აღიარა ოკუპირებული ქვეყნების დამოუკიდებლობა. ანუ პირველი, რაც უნდა ყოფილიყო საქართველოს მხრიდან გაჟღერებული, ეს უნდა ყოფილიყო ის, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა და იმედი იმისა, რომ ახალი ძალები, რომლებიც მოდიან ხელისუფლების სათავეში, უკან წაიღებენ იმ აღიარებას, რომელიც ასადის რეჟიმმა გააფორმა. ეტყობა ამ საკითხების მიმართაც კი ვეღარ იცლის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს ვანუატუმ და ტუვალუმ, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.
ფორუმი