ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტებს თითქმის 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაიჭრა 150-ზე მეტი ადამიანი.
თალიბანს, რომელმაც ძალაუფლება ახლახან ჩაიგდო ხელში, ავღანეთში ამბიციური კონკურენტი გამოუჩნდა.
ალ-ყაიდის ბაზაზე წარმოშობილ - „ისლამურ სახელმწიფოს“ თავის მთავარ იდეაზე - ისლამური „ხალიფატის“ შექმნაზე - ხელი არ აუღია და, სავარაუდოდ, ბრძოლასაც ამ გეგმით გააგრძელებს. მკვლევრები ამბობენ, რომ გამოწვევების წინაშე დგას საქართველოც.
- რას ნიშნავს „ისლამური სახელმწიფოს“ ახლებური, ხმაურიანი გამოჩენა ავღანეთში?
- რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს ტერორისტულ ორგანიზაციას ავღანეთში და მის ფარგლებს გარეთ?
- რა ახალ პრობლემებს უქადის „ისლამური სახელმწიფო“ რეგიონს და რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს?
რას წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“?
ქაბულის ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“.
საერთაშორისო მკვლევართა წრეებში განმარტავენ, რომ ეს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი შტოა, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.
„ალჯაზირას“ ცნობით, ძირითადად ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ფესვგადგმულმა ამ დაჯგუფებამ, იატაკქვეშა მოქმედებებით, დანაყოფების ქსელი უკვე შექმნა როგორც ქაბულში, ასევე ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე.
მკვლევრებს სადავოდ არ მიაჩნიათ, რომ ამ განშტოებას, „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსად, სწორედ „ხალიფატის“ შექმნის იდეა ამოძრავებს.
ხორასანი ცნობილია უძველესი „ხალიფატის“ ისტორიულ რეგიონად, რომელიც ერთ დროს მოიცავდა ასევე ავღანეთის, ირანის, პაკისტანისა და თურქმენეთის ტერიტორიებს.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ბოლო წლებში პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთში და მათ შორის - ქაბულში მომხდარ არაერთ აფეთქებაზე, თუმცა - თალიბების მიერ ავღანეთის აღების შემდეგ, ექსპერტთა აზრით, ტერორისტულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული ძალის დემონსტრირება მოახდინა.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ნამდვილი სასაკლაო მოაწყო 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ხალხმრავალ ზონებში.
სამხედროებზე, თვითმხილველებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების თანახმად:
- პირველი აფეთქება მოხდა ქაბულის აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ავღანეთიდან თავის დაღწევის მომლოდინე ათასობით ადამიანია შეკრებილი;
- ამ აფეთქებაში თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა, ხოლო აფეთქების შემდეგ ხალხს ცეცხლი მისმა მოკავშირემ გაუხსნა;
- მეორე აფეთქება მოხდა აეროპორტთან მდებარე სასტუმრო „ბარონთან“, რომლის გავლითაც ამერიკელი სამხედროები ხალხის ევაკუაციას ახდენენ.
„ისლამური სახელმწიფოს“ გეგმა ავღანეთში და სხვაგან?
რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ „გადაჭარბებული“ იყო იმედები „ისლამური სახელმწიფოს“ დასუსტებისა და განადგურების შესახებ - რაც მსოფლიოს 2019 წლებში გაუჩნდა, სირიასა და ერაყში ISIS-ის მიერ განცდილი თვალსაჩინო მარცხის შემდეგ.
„სინამდვილეში კი, მათ გადაიცვეს სამოქალაქო ფორმა, გადაინაცვლეს იატაკქვეშეთში, აგრძელებდნენ არსებობასა და პოზიციების გაძლიერებას... შემოსავალი აქვთ. ფულს აგროვებენ ძირითადად „დარქ ნეტში“ ვაჭრობით.
ვაჭრობენ ყველაფრით - იარაღით, ნარკოტიკებითა თუ ადამიანებით. თავის დროზე ნავთობის ჭაბურღილებსაც აკონტროლებდნენ, ახლა - ვეღარ...
ვფიქრობ, ისინი მსოფლიოს კიდევ ბევრჯერ შეახსენებენ თავს... სადაც სახელმწიფო სუსტია და მმართველობის ვაკუუმი ჩნდება, ისინი ყველგან გამოჩნდებიან“, - გვეუბნება ბატიაშვილი.
ყველას ეეჭვება, რომ ახლო მომავალში „ისლამური სახელმწიფო“ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს „ხალიფატის“ სქემით ახალი სახელმწიფოს შექმნის გზაზე. მაგრამ სახიფათოა მათი მცდელობებიც - ბრძოლის სასტიკი მეთოდების გამო, რამაც დღემდე უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მაგალითად, მხოლოდ პარიზში, 2015 წლის ნოემბერში მომხდარ ტერაქტებს 130 ადამიანი შეეწირა.
ქაბულის ბოლო აფეთქებებს ზურაბ ბატიაშვილი განიხილავს „ისლამური სახელმწიფოს“ ამბიციურ განაცხადად, რომ ის მზად არის კონკურენცია გაუწიოს „თალიბანს“ ავღანეთში, მიზიდულობის ცენტრი გახდეს სხვა რადიკალური ჯგუფებისთვის და ახალი ძალით გაილაშქროს დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგაც.
„ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ წარმომადგენელზე დაყრდნობით „ალჯაზირა“ იტყობინება, რომ თავდასხმის ძირითად სამიზნეებს ამერიკელი სამხედროები და თარჯიმნები წარმოადგენდნენ. ამავე წყაროს ცნობით, ავღანეთიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიასა და ერაყშიც იბრძოდნენ და მათ გეგმაში დასავლურ სამიზნეებზე თავდასხმაც შედიოდა.
- ასპარეზზე 2013 წელს გამოჩენილმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ „ხალიფატის“ შექმნის იდეა 2014 წელს გაახმაურა;
- სახელი „ხალიფატი“ წინასწარმეტყველ მუჰამედის მიერ დაარსებული პირველი არაბულ-ისლამური სახელმწიფოსგან არის ნასესხები; შემდგომ მას ხალიფები მართავდნენ;
- ამ დრომდე „ისლამური სახელმწიფო“ განსაკუთრებული ძალით ძირითადად ერაყსა და სირიაში აქტიურობდა და მისი მარცხი დასავლეთმა 2018-2019 წლებში გამოაცხადა.
„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ წარმომადგენელი, ტერორიზმის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი გვეუბნება, რომ შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფო“ ამ ეტაპზე გლობალური მოთამაშე აღარ არის, მაგრამ მისი ზეგავლენა არცთუ სუსტია რეგიონში და ისევ წარმოადგენს საფრთხეს, ვინაიდან კვლავ შეუძლია ტერორისტული აქტების სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზება.
„მას უარი არ უთქვამს თავის გაცხადებულ გეგმაზე, რომ გახდეს გლობალური მოთამაშე და, შესაბამისად, მუდმივად არსებობს საფრთხე იმისა, რომ გააგრძელოს "ხალიფატის" შექმნის გზა.
ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც ახდენს ახალი მხარდამჭერების მოძიებასა და რეკრუტირებას.
გამოვრიცხავ, რომ მან უახლოეს თვეებში მიაღწიოს ხელშესახებ პროგრესს. თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა“, - გვეუბნება ძიძიშვილი.
ექსპერტის განმარტებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ არაპირდაპირი გზებით ხშირად ხელს უწყობს რუსეთი, რომელიც დაინტერესებულია დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შექმნით რეგიონში და აქვეა მიზანი, რომ ტერორიზმის პრობლემამ მოადუნოს დასავლეთის ქვეყნების ყურადღება, მაგალითად, უკრაინისა და საქართველოს მიმართ.
„როცა, მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქურთების დაჯგუფებები გაილაშქრებენ, პროცესში „ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ ერთვებიან რუსული დაქირავებული ძალები. არის შემთხვევები, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგეებს რუსეთი მაგალითად „ვაგნერის“ დაჯგუფების საშუალებით უპირისპირდება“.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტერორიზმის თემას რუსეთი, გარკვეულ შემთხვევებში, სამომავლოდაც სავაჭროდ გამოიყენებს.
რა შეაჩერებს პროცესს?
ექსპერტებისთვის ნათელია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერების პროცესს იმავე ავღანეთში მნიშვნელოვნად ამუხრუჭებდა ნატოს კოალიცია. ახლა კი, ისინი წინა პლანზე გადმონაცვლებას ცდილობენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქაბულის ტერაქტების შემდეგ დადო პირობა, რომ ტერორისტებს ყველგან მისწვდება და შურისძიებაც გარდაუვალი იქნება.
ექსპერტების შეფასებით, სახმელეთო ოპერაციის დასრულება სულაც არ ნიშნავს დასავლეთის მხრიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას.
დისკუსიების თანახმად, აშშ-ს პაკისტანის დახმარებით შესანიშნავი შესაძლებლობა ექნება სარაკეტო შეტევების განსახორციელებლად. ასევე, „ისლამურ სახელმწიფოს“ აშშ იოლად მიუდგება ხმელთაშუა ზღვიდან და სპარსეთის ყურიდან.
რა რისკებია საქართველოს წინაშე?
ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს დროში დაემთხვა საქართველოს 5 მოქალაქის დაკავების ფაქტი.
სუს-ის ვერსიით, ისინი გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას.
გამოძიების მტკიცებით, ერთ-ერთი დაკავებული თავს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლად თვლის და სწორედ მან გააწევრიანა დანარჩენებიც ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში.
პანკისის ხეობაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გააჩინა. ეს შეკითხვები დავით ძიძიშვილსაც აქვს, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ კვლავ განაგრძოს მხარდამჭერების მოძიება საქართველოში.
გარდა ამისა, ტერორიზმის მკვლევარი „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მოსალოდნელ კიდევ ორ საფრთხეზე ლაპარაკობს:
- "თუკი, მაგალითად, „ისლამური სახელმწიფო“ სხვაგან ვერ მისწვდება დასავლეთის სამიზნეებს, ვთქვათ - საელჩოებსა და სხვა წარმომადგენლობებს, ეს შესაძლოა გააკეთოს ქვეყანაში, მაგალითად - საქართველოში, სადაც უფრო იოლია თავდასხმების ორგანიზება. ასეთი მოქმედების გამორიცხვა შეუძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში".
- "თუკი საქართველო რეალურ წინააღმდეგობას გაუწევს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს - თურქეთის ტერიტორიის გავლით, ან სხვა გზებით შემოვიდნენ საქართველოში - სულის მოსათქმელად და ჭრილობების მოსაშუშებლად... ვნახეთ, რომ ცალხელა და ცალფეხა კაცი (ახმედ ჩატაევი) თავისუფლად ჩამოვიდა თბილისში, იყო დღეების მანძილზე, მისი მოკავშირეები თავისუფლად დადიოდნენ და მერე მოგვიწია ლამის ომის გამართვა შუა ქალაქში".
„არ მინდა არავის შეშინება, მაგრამ გასათვალისწინებელია ეს საფრთხეები და საჭიროა უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - ამბობს ძიძიშვილი.
გასულ წლებში, როცა „ისლამური სახელმწიფო“ სწრაფად მიიწევდა წინ და, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოდან ჩასული მებრძოლების მხარდაჭერითაც სარგებლობდა, ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოს „ხალიფატის“ შემადგენელ ნაწილად განიხილავდა.
გავრცელდა მუქარის შემცველი განცხადებებიც, რომ საქართველოში ისინი ყველას მისწვდებოდნენ და სიკვდილით დაისჯებოდა ყველა, ვინც ალაჰს არ აღიარებდა.
ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ „ტერორიზმის საფრთხე ეფემერული არ არის საქართველოსთვის“ და ამ საფრთხის რეალური სახე საზოგადოებამ კარგად დაინახა მაშინ, როცა საქართველოში ჩატაევის რაზმი შემოვიდა.