ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 25 მარტს, დილით ადრე შეიარაღებულმა პირებმა და თვითმკვლელმა მოიერიშეებმა თავდასხმა განახორციელეს ინდური რელიგიის მიმდევრების, სიკჰების ტაძარზე, რასაც სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
თავდამსხმელთა რაოდენობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ოპერაცია ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის. SITE Intelligence Group-ი, რომელიც ექსტრემისტთა ნაბიჯებს იკვლევს, აცხადებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ".
მანამდე თავდასხმაში მონაწილეობა უარყო თალიბანის პრესმდივანმა.
პარლამენტის წევრმა, ნარენდერ სინგჰ ხალსამ, რომელიც ავღანეთის სიკჰების მცირერიცხოვან თემს წარმოადგენს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ერთ მომენტში ტაძრის ტერიტორიაზე 150-ზე მეტი ადამიანი იყო მომწყვდეული. ხალსას თქმით, მძევალთა უმრავლესობა იყვნენ ქალები და ბავშვები, რომლებმაც დილის ლოცვისთვის მოიყარეს თავი. "იქ ბევრი ოჯახია", - ამბობს ხალსა. სააგენტო ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ერთ-ერთი მოკლული ბავშვია და მისი ცხედარი ქაბულის საავადმყოფოში მიიტანეს.