Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებამდე უკრაინაში შეიძლება უცხოური ჯარები განლაგდნენ


ვოლოდიმირ ზელენსკი და ფრიდრიხ მერცი. კიევი, 9 დეკემბერი, 2024.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ფრიდრიხ მერცი. კიევი, 9 დეკემბერი, 2024.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილავს ნატოში უკრაინის სრულ გაწევრიანებამდე უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგებას, როგორც თავისი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომას რუსეთთან სამშვიდობო მოგვარების ფარგლებში.

9 დეკემბერს კიევში გერმანიის ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ნატოს წევრობას, არამედ ასევე საბოლოო ჯამში ევროკავშირში შესვლას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალი აგრესია მოსკოვის მხრიდან.

„ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო კონტინგენტი შეიძლება უკრაინაში დარჩეს მანამდე, სანამ ის ნატოს წევრი გახდება“, თქვა მან იმის ნიშნად, რომ კიევი სულ უფრო მეტად არის ღია რუსეთთან კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის.

ეს წინადადება ეხმიანება წელს ადრე გამართულ დისკუსიებს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინაში ევროპული ჯარები განთავსდეს.

ზელენსკიმ თქვა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და დასძინა, რომ აუცილებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიების მინიჭება.

„უკრაინას სხვაზე ბევრად უფრო მეტად სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ეჭვგარეშეა, დიპლომატიური მოგვარება მრავალ სიცოცხლეს იხსნიდა. ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით“, თქვა მან.

„თუკი იქნება პაუზა, სანამ უკრაინა არ იქნება ნატოს წევრი, და მიწვევაც რომ გვქონდეს, მაგრამ ჯერ არ ვიქნებით ნატოში და იქნება პაუზა, მაშინ ვინ მოგვცემს რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიებს?“ - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით ზელენსკიმ ტელეგრამში დაწერა, რომ დაგეგმილი აქვს, დაურეკოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მასთან ერთად განიხილოს ნატოს წევრობის საკითხი.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კიევი უსაფრთხოების უფრო მყარ ვალდებულებებს ითხოვს თავისი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან.

უკანასკნელ თვეებში რუსეთმა თანდათანობით წარმატებებს მიაღწია ბრძოლის ველზე და ამჟამად უკრაინის ტერიტორიის ერთ მეხუთედს აკონტროლებს ომში, რომელიც ევროპის უდიდესი სამხედრო კონფლიქტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე თქვა, რომ მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საფუძველი შეიძლება იყოს წინასწარი შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ომის საწყის ეტაპზე მიაღწიეს სტამბოლში.

მაგრამ მნიშვნელოვან წინაღობად რჩება ის, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, ვინაიდან რუსეთი ამას თავისი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ მუქარად განიხილავს.

ნატოში უკრაინის მიღების თაობაზე ზელენსკის მოწოდება დაემთხვა საერთაშორისო დისკუსიას ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკის თაობაზე, რომელიც ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს, თუკი ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

ის ასევე ემთხვევა თეთრ სახლში ხელისუფლების ცვლილებას.

დონალდ ტრამპმა, რომელიც 20 იანვარს დაიკავებს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას, გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია იმისთვის, რომ ომის განმავლობაში მან უკრაინისთვის მილიარდობით დოლარი გაიღო.

ტრამპის თქმით, მას შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 24 საათში დაასრულოს ომი. ეს განცხადება ისე იქნა გაგებული, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ჯარებს აქვთ ოკუპირებული.

ექსპერტების აზრით, რთული იქნება სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად შემუშავება, ვინაიდან მოსაგვარებელია უამრავი ასპექტი, მათ შორის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება.

ამასობაში მიმავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დააჩქარა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.

7 დეკემბერს ტრამპმა პარიზში ზელენსკისა და მაკრონთან გამართა მოლაპარაკებები ომთან დაკავშირებით. ზელენსკიმ სამმხრივ მოლაპარაკებებს „კარგი და პროდუქტიული“ უწოდა. მისი თქმით, ლიდერებმა „სამართლიანი მშვიდობის“ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ტრამპმა პროგრამაში NBC News Meet The Press თქვა, რომ უკრაინა „ალბათ“ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ვაშინგტონისგან ნაკლებ დახმარებას მიიღებს მას მერე, რაც ის დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.

ამასობაში ზელენსკის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ კიევი სტრატეგიულად ემზადება მიმდინარე თვეში თავისი ევროპელი მოკავშირეების საკვანძო მნიშვნელობის დიპლომატიური შეხვედრისთვის.

განცხადების თანახმად, შეხვედრის მიზანია კიევის უმნიშვნელოვანესი პარტნიორების პოზიციების კოორდინაცია და უკრაინის მყარი პოზიციის შემუშავება ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებებისთვის და ბრძოლის ველზე.

ნიკიფოროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონაწილეთა საბოლოო სია ჯერ არ არის დაზუსტებული. როგორც ვარაუდობენ, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან რუსეთის აგრესიის მოგერიებაში.

შეხვედრის დღის წესრიგის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით არ არის ნათელი, მაგრამ მოელიან, რომ მისი ყურადღების ცენტრში იქნება სამხედრო დახმარების გაძლიერება, ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა და ომის დასრულებისკენ მიმართული მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისა და მომავალი დიპლომატიური ძალისხმევის სტრატეგიის კოორდინაცია.

9 დეკემბერსავე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა მოიწონა უკრაინისთვის ახალი, 4,4 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარება. ეს არის ნაწილი უფრო ფართო ინიციატივისა, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ევროკავშირისგან მარტო წელს საერთო ჯამში 16 მილიარდ ევროს (17 მლრდ დოლარი) იღებს.

„ეს ფინანსური დახმარება ნათელყოფს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გააძლიეროს ჩვენი ეკონომიკა, დახმარება გასწიოს რეფორმებში და გააძლიეროს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებები“, თქვა მან.

შმიჰალის თქმით, „ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე უკრაინის გასაძლიერებლად“.

სახსრები განკუთვნილია ომის შემდგომი აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, ასევე უკრაინაში რეფორმების ხელშეწყობისთვის, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG