Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩის" ხმაურიანი იდეა - არსებობს თუ არა ბოიკოტის ალტერნატივა


საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. მომიტინგეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. მომიტინგეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ოპოზიციიური პარტიები აცხადებენ, რომ კვლავაც ერთსულოვნებაა პარლამენტის ბოიკოტის იდეის გარშემო; სამართლებრივი დავის პარალელურად ისინი ქუჩის აქციების გაგრძელებას აპირებენ. ისმის მოსაზრებები ალტერნატიულ გამოსავალთან დაკავშირებითაც, რის გამოც, მაგალითად, პარტია „გირჩი“ თავდასხმის სამიზნე გახდა.

  • რა სურს „გირჩს“?
  • რას ფიქრობენ სხვა პოლიტიკური ძალები?
  • არსებობს თუ არა ოპოზიციის ერთიანობის რღვევის საფრთხე?

ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ კიდევ 3 ნოემბერს მოაწერეს ხელი ერთობლივ განცხადებას, პირობა დადეს, რომ არ აღიარებენ 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგებს და არ აპირებენ მიღებული მანდატებით სარგებლობას. პოლიტიკურმა ძალებმა დაადასტურეს ისიც, რომ შეთანხმებული ბოიკოტი თავისთავად გამორიცხავდა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში.

ქუჩის აქციების ფონზე, ასეთ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს ყველა ის პარტია თუ ბლოკი, რომელმაც, ცესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა და სადეპუტატო მანდატები მოიპოვა. მათ შორის არის პარტია „გირჩიც“, რომელიც, ოპოზიციის ერთსულოვნებაში ბზარის შეტანის ბრალდებით, მეორე დღეა შეტევის ობიექტად იქცა.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის „გირჩის“ სათვალავზე 4 სადეპუტატო მანდატია, პარტიამ თბილისის მასშტაბით მესამე შედეგი აჩვენა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მეორე ტურში გავიდა.

რატომ შეუტიეს „გირჩს“ და რას სურს პარტიას სინამდვილეში?

„გირჩის“ გარშემო ხმაური ბოლო დღეებში, მას შემდეგ ატყდა, რაც პარტიის ლიდერებმა ლაპარაკი დაიწყეს ალტერნატიულ იდეაზე, რომელმაც, მათი თქმით, შესაძლოა ჩაანაცვლოს ქუჩაში განვითარებული პროცესები.

როგორც პარტიული სიის მესამე ნომერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „გირჩი“ ყოველთვის გამოკვეთილად უწყობდა ხელს ოპოზიციის ერთსულოვნებას და მის მიმართ ყველა საპირისპირო ეჭვი აბსოლუტურად უსაფუძვლოა - „მართლა ერთიანები ვართ სინამდვილეში... ამ ეჭვების გაღვივება ძალიან უნდა „ქართულ ოცნებას“ - ამით ის ოპოზიციის ერთიანობას ერჩის“.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამ წუთას კრიზისიდან გამოსასვლელი ორი გზა ჩანს - ან რევოლუცია, ანდა ქვეყნის თურქმენეთად ქცევა, რასაც არავინ შეეგუება; ხოლო რაც შეეხება ალტერნატიულ იდეას, მისი არსი შესაძლოა ყველასთვის მისაღები იყოს და მათ შორის - „სახის შესანარჩუნებლად“ მისაღები იყოს „ქართული ოცნებისთვისაც“, „რომელსაც ზედმეტი მოუვიდა და არჩევნებზე ისეთი პროცენტი (48%) დაიწერა, რომ საერთოდ დაუკარგა აზრი ხელისუფლებისთვის ბრძოლას“.

მეგრელიშვილის მონათხრობის თანახმად, „გირჩის“ იდეა ასე გამოიყურება:

  • ·როგორც არჩევნებში დაუმსახურებლად 48% დაიწერა, „ქართულმა ოცნებამ“, „როგორც უნდა, იმ გზებით“, ახლა ისეთ ზღვრამდე დასწიოს ეს პროცენტი, რომ აზრი ჰქონდეს ოპოზიციის მონაწილეობას მეორე ტურებში - „ოცნებას“ შეუძლია, მაგალითად, გააუქმოს უბნების შედეგები - თვითონ კარგად იცის, სად რა აქვს გაკეთებული“;
  • უნდა შეიქმნას რეალობა, რომ მეორე ტურებში, 16 ოლქის შედეგებმა გადაწყვიტოს - ვინ იქნება უმრავლესობით პარლამენტში - ამჟამინდელი ხელისუფლება თუ ოპოზიცია - „ეს არის საჯარო მესიჯი ხელისუფლებისთვის - ჩვენ ერთიანები ვართ და რადგან შეგვიძლია - დედა გიტიროთ, ჩვენვე გთავაზობთ ასეთ გამოსავალს“.

„თუ წამოვლენ ამაზე, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, გვეთქვა - პირველ ტურს არაფერი ეშველება, სიმართლე ვერ დადგინდება; მოდი მეორე ტურში მთელი ოპოზიცია გავერთიანდეთ და მართლა დავეჯახოთ ხელისუფლებას დემოკრატიულ არჩევნებში... 16 ოლქში არჩევნების მეორე ტურის შედეგების დაცვა ერთობლივი ძალებით ნამდვილად არ გაგვიჭირდება ოპოზიციას“, - ამბობს მეგრელიშვილი.

თუკი მეორე ტურში დამარცხდება, „გირჩის“ სცენარით, ოპოზიცია მაინც შევა პარლამენტში ერთი დათქმით, რომ პირველი ტურის გაყალბების გამო - მალევე, „მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, მანამდე კი - ოპოზიცია აქტიურად იმუშავებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ხოლო თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს და უმრავლესობას შექმნის, „მას ექნება სრული ბერკეტები, გამოცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებში ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები“.

როგორც პარტიაში ამბობენ, ამ ალტერნატიულ იდეასთან დაკავშირებით „გირჩს“ აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომელთათვისაც ერთპარტიული პარლამენტის ხილვა დემოკრატიის უკუსვლა იქნებოდა.

ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ - „ოპოზიციაში ამაზე არ არის წინააღმდეგობა, მაგრამ მათ არ ჰგონიათ, რომ ხელისუფლება ამაზე წამოვა... მე კი ვიძახი, რომ ხელისუფლებას სხვა შანსი არა აქვს“.

რამდენად რეალისტურია „გირჩის“ იდეა?

საპროტესტო პროცესებში ჩართული პარტიები პრობლემას ვერ ხედავენ, რომ ოპოზიციურ ერთობაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მათი დეკლარირებული მიზანი ახლა პროტესტის გაგრძელება და 8 ნოემბრის მასშტაბური აქციისთვის მზადებაა. აქციას უერთდება „გირჩიც“.

თუმცა „გირჩის“ იდეა ოპოზიციური ერთობისთვის იოლად მისაღები არ ჩანს.

როგორც, მაგალითად, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან სამუშიამ უთხრა რადიო თავისუფლებას - ამ იდეის განხორციელება შეუძლებელი იქნება - „აუცილებელია, რომ თუ გასწორდება, ყველაფერი სამართლებრივად გასწორდეს. ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება. ოპოზიციურ ძალებსა და ხელისუფლებას შორის ასეთი შეთანხმება კი - არასამართლებრივია და გამორიცხული მგონია“.

ლევან სამუშია ფიქრობს, რომ გაყალბების მასშტაბებიდან გამომდინარე, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი რეალისტური გამოსავალი არსებობს და ეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

„მთავარია ხალხის არჩევანი და არჩევნების შედეგი ხალხის არჩევნის მიხედვით უნდა განისაზღვროს. იმაზე, რაც მოხდა, თვალის დახუჭვა შეუძლებელი მგონია. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 99 საარჩევნო უბანი იყო, და აქედან 88 უბნის შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ ჯდება. იყო ბიულეტენების მეტობისა და ნაკლებობის მრავალი შემთხვევა.

გავასაჩივრეთ, ცხადია, მაგრამ საოლქო კომისიამ ჩვენს წარმომადგენელს უარი უთხრა საჩივრების განხილვაზე. დღეს გავასაჩივრე სასამართლოში საოლქო კომისიის დადგენილებები. რა იმედი უნდა გვქონდეს მურუსიძის სასამართლოსგან?! მაგრამ „ლელო“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას ბოლომდე გამოიყენებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან სამუშია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობის მსგავსად, ვადამდელი არჩევნების მისაღწევ ყველაზე ეფექტიან საშუალებებად სამუშიაც პარლამენტის ბოიკოტსა და ხალხის პროტესტს განიხილავს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუკი „ქართული ოცნება“ მარტო შევა პარლამენტში, კრიზისის ფონზე, მაქსიმუმ რამდენიმე თვის ფარგლებში, მას აუცილებლად მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

არჩევნების „თითქმის გადარჩენა“

ბლოკში „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ შემავალი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მეორე ტურის ჩატარების შანსების გაზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარაუდობს, თუკი „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი მაქსიმუმ 41%-მდე შემცირდება.

„თუმცა ეს შანსი არის ძალიან დაბალი და პრაქტიკულად გამორიცხულია დასავლეთის უშუალო მონაწილეობის გარეშე. როგორც პროპორციული არჩევნები თითქმის გადაარჩინა (საარჩევნო სისტემის) ფორმულამ - 120/30-ზე, ასევე არსებობს ამ არჩევნების თითქმის გადარჩენის მბჟუტავი შანსი - თუკი საერთაშორისო პარტნიორები ისევ ჩაერთვებიან ამ პროცესში შუამავლების სახით და ხელისუფლებას აიძულებენ - დაჯდეს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - ეუბნება დავით ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, გრძელდება ელჩებთან მუშაობა და მეტ გააქტიურებას ის აშშ-ში საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ მოელის. დავით ბერძენიშვილი ასევე ფიქრობს, რომ პროცესების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია 8 ნოემბერს დაგეგმილი მიტინგის მასშტაბებზეც.

პარალელურად, კვლავაც ხაზი ესმება სამართლებრივი ბრძოლის აუცილებლობას, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც არიან ჩართული. დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს მიმართ უნდობლობის მიუხედავად, სამართლებრივი პროცესის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ჭრილში.

თუკი „არჩევნების გადარჩენა ვერ მოხერხდა“, დავით ბერძენიშვილს პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან მოვლენები შესაძლოა სხვადასხვაგვარად განვითარდეს - „შეუძლებელია ახლა იმის თქმა - 2003 წლის ანალოგია იქნება უფრო აქტუალური თუ 2009 წელს საკნებში გალეული პროტესტი, რასაც მოჰყვა ნიჰილიზმი და ოპოზიციის გამარჯვების გადავადება“.

კანონმდებლობის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG