Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, საჩივრები მასობრივად "ქართული ოცნების" უპირატესობის შემდეგ დაიწერა


"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მისი თქმით, საჩივრები მას შემდეგ დაიწერა, რაც მათი უპირატესობის შესახებ ცნობილი გახდა.

"წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დარღვევებთან დაკავშირებით შემოვიდა მინიმალური რაოდენობის საჩივრები. საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა", - თქვა მან და დასძინა, რომ რამდენიმე ასეული საჩივრიდან უმეტესობა ერთსა და იმავე ფაქტს ეხებოდა, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციამ შეიტანა.

მდინარაძე ამბობს, რომ ამ დრომდე გადათვლილია 19 უბნის მონაცემები და შედეგებმა აჩვენა, რომ გაყალბების ან დარღვევის კვალი არ ყოფილა:

"მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები".

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები ცესკოს იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გამარჯვებულია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტია პარლამენტში 74 მანდატს აგროვებს და უმრავლესობით გასამარჯვებლად მხოლოდ 2 მანდატიღა სჭირდება. შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ და პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

XS
SM
MD
LG