Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა შოვში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე?


შოვი, სტიქიის ეპიცენტრი, 5 აგვისტო
შოვი, სტიქიის ეპიცენტრი, 5 აგვისტო

შოვში, სტიქიიდან ექვსი დღის შემდეგ და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩნდება კითხვები სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაჩენის შესახებ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, 3 აგვისტოს წამოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა ქვეშ მოიყოლა საქონელიც.

სამძებრო ღონისძიებების დროს, მაშველებს დახოცილი მსხვილფეხა საქონელი ამოჰყავთ.

სოფელ გლოლის მკვიდრი გია სულთანიშვილი, რომელიც მეწყერში მოყოლილ ძმას, გენო სულთანიშვილს ეძებს, არ გამორიცხავს, რომ მაშველების მიერ ნაპოვნი დახოცილი საქონელი მისი ოჯახის იყოს:

„ექვსი სული საქონელი დაიკარგა ჩვენგან. მაგრამ საქონელს ვინ ჩივის ახლა. ჩემი ძმის შესახებ სიახლე არაფერია. გავიგეთ, რომ მაშველები საქონლის ლეშსაც პოულობენ იმ ტალახში. შესაძლოა, ჩვენი საქონელიც იყოს“.

შოვი, სტიქიის ეპიცენტრი, 5 აგვისტო
შოვი, სტიქიის ეპიცენტრი, 5 აგვისტო


ცხოველთა დამცველმა თიკო კვალიაშვილმა რამდენიმე დღე გაატარა სტიქიის ზონაში. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ელაპარაკა არაერთ ოჯახს, რომლებმაც სტიქიისას მსხვილფეხა საქონელი დაკარგეს:

„არიან ოჯახები, რომლებმაც 5-6 ძროხა დაკარგა. გარდა ამისა, საქონლის ნაწილი ცოცხალია, მაგრამ ვერ გამოჰყავთ, რადგან უკან ტყეა, წინ კი რამდენიმე მეტრის სიღრმის ტალახი. ვესაუბრე ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელმაც მდინარის კალაპოტთან დრონის საშუალებით დააფიქსირა დახოცილი ძროხები“.

რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხე?

სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფექციის გავრცელების წყარო, პირველ რიგში, წყალია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვიხსნის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილ ტერიტორიას კავშირი აქვს იმ წყლებთან, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენებს, მაშინ არსებობს სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის გავრცელების საშიშროება და ამიტომ ტერიტორია მაქსიმალურად დროულად უნდა გასუფთავდეს:

„რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ, მაგალითად, საქონლის ლეშიდან სხვადასხვა ინფექცია გავრცელდეს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მათ ექნება კონტაქტი იმ წყალთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს და ან ეს წყალი უკავშირდება იმ რეზერვუარებს, საიდანაც მოსახლეობა წყლით მარაგდება. მასშტაბსა და რისკებზე საუბარს მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი გვეცოდინება, არის თუ არა მეწყრისგან დაბინძურებული ტერიტორია დაკავშირებული იმ წყლებთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს“.

შოვი, სტიქიის ეპიცენტრი
შოვი, სტიქიის ეპიცენტრი

ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ წყლის დაბინძურების შემთხვევაში, არსებობს ისეთი ბაქტერიების გავრცელების რისკი, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს.

რაც შეეხება წყლის მიღმა ანუ ტრანსმისიურ, მწერების მიერ ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რისკი დაბალია, რადგან ინფექციონისტის თქმით, ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლებიც მწერის ნაკბენით ვრცელდება, ამ ეტაპზე რაჭაში არ გვხდება.

ნონა ბაკურაძე, ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილი ტერიტორია დროულად არ გაიწმინდება, სტიქიის ზონაში მოსალოდნელია გარკვეული ეპიდემიოლოგიური პრობლემის შექმნა, თუმცა, მისი თქმით, ისინი მზად არიან, რომ "პრობლემა არ შეიქმნას“.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიას არ აქვს კავშირი იმ წყლებთან, რომლებსაც მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს:

„ეს პროცესი კონტროლდება და ამ ეტაპზე მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ საფრთხე ემუქრება იმ წყაროების დაბინძურებას, რომლიდანაც მოსახლეობა იღებს სასმელ წყალს. ჩვენს სამსახურში ინფორმაცია ამის თაობაზე არ შემოსულა. ის ტერიტორია, რომელიც დაიმეწყრა, არ ერევა იმ წყაროებს, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა გამოიყენებს ხოლმე“.

სტიქიის ზონის მიმდებარედ სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნებიან, რომ კომპანია არ ოპერირებს დამეწყრილ ტერიტორიაზე. მათი განმარტებით, კომპანია წყალს სოფელ ჟიჟორეთის სათავე ნაგებობიდან, რიონის ფილტრატიდან იღებს, თუმცა სტიქიის შემდეგ ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს წყლის ხარისხს:

„სტიქიის შემდეგ კვლევები დღის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგენლობით ვარგისიანია. წყლის შემოწმება სისტემატიურ რეჟიმში გაგრძელდება და ნებისმიერი მცირედი გადაცდომის შემთხვევაშიც კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს“, - გვეუბნება ელენე კავსაძე, კომპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფის აპარატის უფროსი.

ტეტანუსით ინფიცირების საფრთხე და ვაქცინაცია

ნონა ბაკურაძე, ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ადგილზე მომუშავე მაშველებმა თუ მოხალისეებმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანების შემთხვევაში, დროულად მიმართონ როგორც სტიქიის ზონაში, ისე კლინიკაში მოქმედ ამცრელ პუნქტებს და ჩაიტარონ აცრა, რათა არ დადგნენ მწვავე ინფექციური დაავადებით, ტეტანუსით დაინფიცირების საფრთხის წინაშე.

მისი ინფორმაციით, 7 აგვისტოს მონაცემებით, ორივე ამცრელ პუნქტში 23 ადამიანია ვაქცინირებული:

„ამ ეტაპზე ნაკლებად მოდიან. არა იმიტომ, რომ ვერ გრძნობენ საფრთხეს, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ საქმეს აგრძელებენ და არ უნდათ, რომ დროებით მაინც შეამცირონ დატვირთვა. ორ დღეში ველოდებით გააქტიურებას“.

შოვი, სტიქიის ეპიცენტრი
შოვი, სტიქიის ეპიცენტრი


ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვეუბნება, რომ დღეს სტიქიის ზონაში ტეტანუსის ვაქცინაციის დროული ჩატარება ერთ-ერთი აქტუალური საკითხი უნდა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია აცრის აუცილებლობის შესახებ:

„მიწასთან და ტალახთან კონტაქტის დროს, მაშველები იქნებიან თუ მოხალისეები, ხშირად იზიანებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილს და აქედან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია ტეტანუსის განვითარების რისკი. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თუკი ჭრილობაში ხვდება მიწის ან ტალახის ნაწილი, რისკი, რომ ეს დაავადება განვითარდეს, არსებობს და ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართონ იქვე არსებულ იმუნიზაციის ცენტრებს, სადაც მათ გაეწევათ პირველადი დახმარება და შემდეგ უკვე განიხილება ვაქცინაციის საკითხი. იქ მომუშავე ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დღეს ტეტანუსით ინფიცირების რისკები ძალიან გაზრდილია“.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, უმჯობესია, ვაქცინაციის საკითხის განხილვა მოხდეს დაზიანებიდან პირველ 48 საათში. მანამდე აუცილებელია, რომ ჭრილობა საფუძვლიანად დამუშავდეს:

„პირველი რეკომენდაციაა, რომ ჭრილობა გაიწმინდოს გამდინარე წყლით, რომ ის ბოლომდე გასუფთავდეს. ამის შემდეგ უკვე გამოყენებული უნდა იყოს ანტისეპტიური ხსნარები. თუკი ადგილზე არ არის გამდინარე წყლით ჩამობანის საშუალება, მაშინ ჯერ ანტისეპტიური ხსნარით უნდა დამუშავდეს ჭრილობა და შემდეგ, როგორც კი ამის საშუალება იქნება, ჩამოვიბანოთ ის წყლით და მივმართოთ იმუნიზაციის ცენტრს, სადაც სპეციალისტი შეაფასებს ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარების საკითხს“.

ინფექციონისტი განმარტავს, რომ იმ დაშავებულმა ადამიანებმა, რომლებსაც ტეტანუსის აცრა უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში არ აქვთ ჩატარებული, აუცილებლად უნდა მიმართონ ვაქცინაციის ცენტრებს.

შოვში, სტიქიის ეპიცენტრსა და მის შემოგარენში, მეექვსე დღეა, სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ექვსი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონაში 19 ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. ეძებენ 15-ს. თუმცა არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, კიდევ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს მოყოლილი მეწყრის ქვეშ.

XS
SM
MD
LG