Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი


გიო ადამია შვილთან, 6 წლის თომასთან ერთად
გიო ადამია შვილთან, 6 წლის თომასთან ერთად

31 წლის გიო ადამია და მისი 6 წლის შვილი, თომა, სოფელ გლოლაში, კურორტ შოვის მახლობლად, 2 აგვისტოს, შუადღეს, ჩავიდნენ. მამა-შვილი რაჭაში ერთი კვირით აპირებდა დარჩენას. ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ და მეორე დღეს შოვში წასვლაც დაგეგმეს.

2 აგვისტოს, საღამოს, გლოლაში გაწვიმდა:

„ძლიერი წვიმა იყო, ქარიც მოჰყვებოდა, ფანჯრებშიც კი შემოწვიმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გადაიღო“.

3 აგვისტოს რაჭაში მზიანი დილა გათენდა:

„სასწაული ამინდი გამოვიდა. მზე, სასიამოვნო სითბო“, - იხსენებს გიო და ცდილობს იმ დღის დეტალები და თითოეული ამბის ზუსტი დრო ტელეფონში გადაღებული ფოტოების მიხედვით აღადგინოს:

„ყველაფერი მახსოვს, იმიტომ რომ ფოტოებს ვიღებდი და პარალელურად ცოლს ვუგზავნიდი. 13 საათი და 45 წუთი იყო, მანქანაში რომ ჩავსხედით მე და თომა და შოვისკენ წავედით. იქ მინერალური წყალი მოდის. მინდოდა ბავშვს დაელია და მერე გადაწყვეტილი გვქონდა სასტუმრო „სანსეტში“ ასვლა, იქაურობის დათვალიერება“.

შოვი. სტიქიამდე ერთი საათით ადრე
შოვი. სტიქიამდე ერთი საათით ადრე

შუადღის 2 საათი ხდებოდა, გიო და თომა წყაროსთან რომ მივიდნენ:

"იქვე იდგა ადგილობრივების ორი მანქანა, თაფლს და ღვინოს ყიდდნენ, ფოტოებიც გადავუღე. წყალი დავლიეთ და ისევ მანქანით გავაგრძელეთ გზა ზევით".

შოვი. სტიქიამდე ერთი საათით ადრე
შოვი. სტიქიამდე ერთი საათით ადრე

გიომ მანქანა სასტუმროს მიმდებარედ, ჩრდილში გააჩერა და შვილთან ერთად ფეხით აუყვა "სანსეტის" გზას:

„სასტუმროს ეზოში ფოტოები გადავიღეთ, ვისეირნეთ, ბავშვი საქანელებზე გაერთო და 3-ს აკლდა 5 წუთი, სახლისკენ წასვლა რომ გადავწყვიტეთ“.

სასტუმრო "სანსეტი" სტიქიამდე რამდენიმე წუთით ადრე
სასტუმრო "სანსეტი" სტიქიამდე რამდენიმე წუთით ადრე

გიო და თომა მანქანასთან დაბრუნდნენ, ჩასხდნენ და ის იყო, მანქანა უნდა დაეძრა, რომ უცნაური ხმა, გრგვინვა შემოესმა:

„ზუსტად 3 საათი იყო ან 4-ის 1 წუთი. თითქოს ავიაგამანადგურებელმა გადამიფრინა თავზე. ცისკენ დავიწყე ყურება, მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან მალე და ძალიან ახლოს, ჩვენს თავზე თვითმფრინავს ან რაიმე მსგავსს უნდა გადაეფრინა. გადმოვედი მანქანიდან. საიდანღაც წამოსული, უცნაური სიცივე ვიგრძენი, არადა, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, გვარიანად ცხელოდა. თითქოს არც ქარი იყო, მაგრამ სიცივე მოჰქონდა ჰაერს. „სანსეტისკენ“ გავიხედე და იმ წამს ჩემს თვალწინ გადაიქცა რამდენიმე ნაძვი. ვიფიქრე, რომ მეწყერი მოდიოდა, არ ვიცოდი, რომ ეს ზევიდან წამოსული ღვარცოფი იყო. ვხედავდი, რომ ჩვენგან დაახლოებით 60-70 მეტრში ხეები ტყდებოდა საშინელი ხმაურით. მაშინვე ჩავხტი მანქანაში. თომას, რომელიც უკან, თავის სავარძელში იჯდა, ვუთხარი: მამა, მეწყერი მოდის, უნდა გავიქცეთ-მეთქი და ძალიან სწრაფად დავეშვით ქვევით“.

დაახლოებით 200 მეტრი იარეს, გამოვიდნენ გზაზე, გაუხვიეს მარჯვნივ, გლოლისკენ, მაგრამ მანქანას წინ ორი ტურისტი გადაუდგა:

„უცხოელები იყვნენ, ჩვენკენ მორბოდნენ, ხელებს გვიქნევდნენ. დავინახე, რომ მათ უკან, გზაზე, უკვე მოდიოდა ღვარცოფი. მანქანაში ჩავისვი ტურისტები, მოვატრიალე მანქანა და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადეთ გაქცევა“.

სწორედ იქ შეხვდა გიოს კიდევ ორი მანქანა:

„ვანიშნე, იქით ვეღარ წახვალთ-მეთქი და ამ დროს, საითაც გაქცევას ვცდილობდით, დავინახეთ, რომ მეწყერი ჩამოწვა. ორივე მხრიდან მეწყერსა და ღვარცოფში აღმოვჩნდით“.

მგზავრები, ჯამში, 10-12 ადამიანი, მანქანებიდან გადმოვიდნენ და ფეხით გადაწყვიტეს გაქცევა. მანქანები კი რამდენიმე წუთში. მოწოლილმა ტალახმა წყალში გადაყარა:

„ხიდზე გადასვლა მოვასწარით, უკან რომ მოვიხედეთ, არცერთი მანქანა აღარ იდგა იქ და „სანსეტისკენ“ გავიქეცით - იქ აღმართია და ვცდილობდით, როგორმე შემაღლებულზე ავსულიყავით“.

როგორც კი ზევით, ციცაბო მინდორზე ასვლა დაიწყეს, მათი მიმართულებით, სასტუმრო „სანსეტის“ მხრიდან, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ტალახის მასა წამოვიდა. გიო იხსენებს, რომ გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. ტალახი 200-300 მეტრის რადიუსზე იყო გაშლილი და მათ უახლოვდებოდა:

„ატყდა საშინელი პანიკა, კივილი. იმ მომენტში მეც ვიფიქრე, რომ ეს იყო გარდაუვალი სიკვდილი. ბავშვი წინიდან ჩავიხუტე და პირით ტალახისკენ დავდექი“.

გიორგიმ დღესაც არ იცის, ასე რატომ მოიქცა: „შეიძლება იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯომარდობისას, ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა მითხრა, წყალში თუ გადავარდები და ძლიერი ტალღა დაგარტყამს, საპირისპიროდ გაცურვა არ სცადო, ზურგზე დაწექი და ტალღას გაჰყევიო. ვიფიქრე, რომ, იქნებ, ტალახის ტალღაზეც ასე ყოფილიყო“, - ამბობს გიო:

„ზოგმა ზურგი აქცია, მე პირიქით, სახით დავხვდი. ტალახის ტალღა რომ დამეჯახა მუცელში, უკან გადავიწიე, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი ტალღას ქვევით. დაახლოებით 20 მეტრში ტალღა გადაიშალა და ფეხზე წამოდგომა შევძელით. ჩვენთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, დავითი, თავის დისშვილთან, მაშოსთან ერთად, გაცილებით შორს წაიღო ტალახის ტალღამ. აქეთ მხარეს ვინც ვიდექით, ისინი უფრო ნაკლებ მანძილზე გაგვიყოლა“.

ფეხზე წამოდგომა რომ შეძლეს, ისევ აღმართს აუყვნენ, სასტუმროსკენ:

„ტალახი ახლა მუხლამდე გვწვდებოდა. წარმოუდგენლად რთული იყო გადაადგილება. ახლაც ვგრძნობ ბასრ, სიპ ქვებს წვივებზე. ფეხის ყოველი ჩადგმისას ახალი და ახალი ჭრილობა ჩნდებოდა. ჩვენს გარშემო ყველაფერი ტალახში იყო. საშინელი სიცივე დაიჭირა. ბავშვი კანკალმა აიტანა. ხე იდგა რაღაც, იმ ხესთან მივღოღდი, თომა შემოვსვი ზედ და დავიწყეთ რეკვა 112-ში, ახლობლებთან“.

სანსეტ შოვი - 3 აგვისტო, 2023
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00


გიო იხსენებს, რომ პირველი ვერტმფრენი, რომელმაც მათ თავზე გადაუფრინა და სასტუმროს ეზოში დაჯდა, დაახლოებით 2-3 საათში გამოჩნდა. ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ 12 ადამიანი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიყვანეს სამშვიდობოს:

„ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ, ექვსნი იყვნენ. შორიდან მომავლები რომ დავინახეთ, თავდაპირველად ისინიც ჩვენსავით მეწყერში მოყოლილები გვეგონნენ, მაგრამ დაგვიძახეს, ადგილობრივები ვართ და გასვლაში დაგეხმარებითო. ფიცრებით, ტოტებით, რაც კი მყარი იყო, იმას ალაგებდნენ ტალახზე და ჩვენკენ მოიწევდნენ. ასე გაგვიყვანეს ჩვენც „სანსეტის“ ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ ვერტმფრენმა გლოლაში გადაგვაფრინა“.

გიო და თომა ოჯახის წევრებმა გვიან ღამით გამოიყვანეს სტიქიის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან. მან უკვე იცოდა, რომ ღვარცოფისა და ტალახის ქვეშ არაერთი ადამიანი იქნებოდა მოყოლილი, რადგან შუადღისას, როდესაც ის და მისი 6 წლის ბიჭი მზიან ამინდში მშვიდად მიიკვლევდნენ გზას წყაროსკენ და სასტუმროსკენ, გზად რამდენიმე სახლს ჩაუარეს, რომლებიც ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ აღარსად ჩანდა. იცოდა, რომ ტალახის ქვეშ იყო მოქცეული კოტეჯების ტერიტორიაც:

„იმ ბინის პატრონმა, სადაც ერთი კვირა უნდა გაგვეტარებინა, მითხრა, რომ დამეწყრილი იყო რესტორნის ტერიტორიაც, სადაც, სავარაუდოდ, ხალხიც უნდა ყოფილიყო“.

გიო ამბობს, რომ თუნდაც 2 წუთით ადრე მაინც რომ სცოდნოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ის და მისი შვილი მეწყერსა და ღვარცოფში არ მოჰყვებოდნენ:

„იქ, სადაც პირველად გავიგე ხმაური, 2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, რომ მსგავსი კატასტროფა იყო მოსალოდნელი, მე მეყოფოდა ის 2 წუთი, რომ მანქანით გამომესწრო ტალახისთვის. კოტეჯებში მყოფ ხალხს 8-10 წუთით ადრე მაინც რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ამ კატასტროფის შესახებ, ისინიც მოასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას“.

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგანი 14 უკვე ამოიცნეს. სტიქიის ზონიდან 3 და 4 აგვისტოს გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.

შოვი, სტიქიის ეპიცენტრი
შოვი, სტიქიის ეპიცენტრი

შსს-ს ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 17 პირის ძებნას, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა სტიქიის ეპიცენტრში უფრო მეტი ადამიანი.

ამავე უწყების ცნობით, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება დაწყებულია ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

6 აგვისტოს, გვიან, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

დასკვნის მიხედვით, რაჭაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექებს წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებს და ღვარცოფის გავლას.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხეობაში დამონტაჟებული იქნებოდა უსაფრთხოების გამართული, სასიგნალო განგაშის სისტემა, ის სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს მნიშვნელოვან დროს მისცემდა გადასარჩენად.

უსაფრთხოების სისტემებს შორისაა ადრეული შეტყობინების სისტემა, სასიგნალო (განგაშის) სისტემა და ბოლოს, ხალხის ინფორმირება.

XS
SM
MD
LG