Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ლუკაშენკა ავად და თუ ასეა, ვინ შეცვლის მას? 


 ალიაქსანდრ ლუკაშენკა სამხედრო აღლუმზე მოსკოვში (მარჯვნივ). 2023 წლის 9 მაისი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა სამხედრო აღლუმზე მოსკოვში (მარჯვნივ). 2023 წლის 9 მაისი

არის თუ არა ავად ბელარუსის 68 წლის ავტოკრატი ლიდერი? კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმზე სტუმრად ჩასულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რამდენიმე ასეული მეტრი დამოუკიდებლად ვერ გაიარა.

სანამ ოფიციალური მინსკი დუმს. ლუკაშენკას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა დაიწყეს მსჯელობა - ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად სერიოზულად არის ავად ლუკაშენკა და ვინ შეიძლება დაიკავოს მისი პოსტი, თუ იგი არაქმედითუნარიანად გამოცხხადდა.

პირველი 9 მაისი, რომელზეც ლუკაშენკა დუმდა

ალიაქსანდრ ლუკაშენკა შესაძლებლობას არასდროს უშვებდა, რომ 9 მაისის დღესასწაულზე არ წარმოეთქვა ვრცელი სიტყვა, რომელიც შემდეგ სახელისუფლებო მედიისა და მთელი ვერტიკალის განიხილვის საგანი გახდებოდა. 1994 წლიდან მოყოლებული, მისი ხანგრძლივი ავტორიტარული მმართველობის განმავლობაში მას წელი არ ჩაუგდია. 2023 წლის 9 მაისს კი, მოსკოვიდან სასწრაფოდ დაბრუნებულმა ბელარუსის ლიდერმა მიმართვის გაკეთების უფლება სხვას გადაულოცა.

„სრულიად აშკარაა, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკა სერიოზულად არის ავად. მოსკოვში სამხედრო აღლუმის დროს, მან [ლუკაშენკამ] რამდენიმე ასეული მეტრის გავლაც ვერ მოახერხა და უცნობის ჯარისკაცის საფლავამდე ელექტრომობილით მიიყვანეს. გარდა ამისა, ის არ დარჩა ერთობლივ საუზმეზე პუტინთან და დსთ-ის ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად. ვიდეოზე ჩანდა, რომ ლუკაშენკას მარჯვენა ხელი შეხვეული აქვს. რაც ნიშნავს, რომ ან დაზიანებული აქვს, ან მასზე კათეტერია მიერთებული. გარდა ამისა, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, როდესაც ის უკვე მინსკში მონაწილეობდა საზეიმო ღონისძიებაში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე სიტყვით გამოვიდა არა ლუკაშენკა, არამედ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ვიქტორ ხრენინი. და ეს 1994 წლის შემდეგ, მისი ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, პირველად მოხდა“, - ამბობს იური დრაკახრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.

ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელის ჩამორთმევა, რამაც დამატებითი კითხვები გააჩინა ლუკაშენკას ჯანმრთელობაზე, 9 მაისი, 2023 წელი
ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელის ჩამორთმევა, რამაც დამატებითი კითხვები გააჩინა ლუკაშენკას ჯანმრთელობაზე, 9 მაისი, 2023 წელი

დამოუკიდებელ პოლიტიკურ ანალიტიკოსებსა და მიმომხილველებს არ აქვთ ობიექტური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად ავადაა (თუ არა) ლუკაშენკა. თუმცა, აშკარაა, რომ ნამდვილად აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაზეც რამდენიმე გარემოება მიუთითებს.

„მოსკოვში ლუკაშენკას ყოფნის შედეგების განხილვისას დამკვირვებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლუკაშენკას ფეხებზე აქვს პრობლემები: მას არ შეუძლია ნორმალურად სიარული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კიბეზე ასვლა ან ჩამოსვლა უწევს. არ უჩვენებიათ, თუ როგორ ეშვებოდა ტრაპზე. ხოლო მინსკში საღამოს გამართულ დღესასწაულზე გამოჩნდა, რომ ლუკაშენკას არ შეუძლია ნორმალურად ლაპარაკი. აი, ასეთი დღესასწაული გამოვიდა“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი ვალერი კარბალევიჩი.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა (მარცხნიდან მეორე) 9 მაისს მოსკოვში პუტინთან არლუმზე მყოფი, 6 ქვეყნის ლიდერებთან ერთად.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა (მარცხნიდან მეორე) 9 მაისს მოსკოვში პუტინთან არლუმზე მყოფი, 6 ქვეყნის ლიდერებთან ერთად.

ეს სიტუაცია ცოტათი „ძვირფას ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს“ მოგვაგონებს

68 წლის ლუკაშენკას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები ადრეც ჰქონია, მაგრამ მინსკი ახერხებდა მათ დამალვას. შეეძლოთ იგი საერთოდ არ გამოეჩინათ პუბლიკის წინაშე, ან ეჩვენებინათ სწორი რაკურსით. მაგრამ ამჯერად ლუკაშენკას ავად გახდომა დაემთხვა მისთვის და პუტინისთვის წმინდა დღესასწაულს - ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავს, რომელში მონაწილეობაზეც ლუკაშენკა უარს ვერ იტყოდა პუტინისადმი თავისი ლოიალური დამოკიდებულების და მისი არყოფნით გამოწვეული სკანდალის გამო.

„ ამიტომ, უნდოდა თუ არა, ლუკაშენკა გამარჯვების დღეს საჯაროდ უნდა გამოჩენილიყო. რადგან მისი არყოფნა კიდევ უფრო დიდ კითხვებს წარმოშობდა. მაგალითად, მოსკოვში აღლუმში მისი არმონაწილეობა პოლიტიკურ დემარშად, ლამის სკანდალად შეიძლება ჩათვლილიყო“, - ამბობს კარბალევიჩი.

მრავალი წლის განმავლობაში ლუკაშენკამ შექმნა იმიჯი „სპორტული პრეზიდენტისა“, რომელიც რეგულარულად ვარჯიშობს, იგებს (აგებინებენ) ყველა შეჯიბრებას (ჰოკეიში, თხილამურებზე სრიალში და ა.შ.), აგროვებს შეშას და თიბავს ბალახს. და სწორედ ამ ფონზე, მისი ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობა გარეგნულად ძალიან დიდ კონტრასტშია მის მიერვე შექმნილ იმიჯთან. ნებისმიერ შემთხვევაში, პერსონალისტურ რეჟიმში მმართველის ცუდი ჯანმრთელობა მისი სისუსტის ნიშანია. და ბელარუსი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ლუკაშენკას ჯანმრთელობის თემა ახლა ბელარუსისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი ხდება. აქტიურად იქნება განხილული იგი არა მხოლოდ ნომენკლატურაში, პოლიტიზებულ საზოგადოებაში, არამედ რიგით მოქალაქეებშიც. უფროსი თაობისთვის ეს სიტუაცია ცოტათი მოგვაგონებს "ძვირფასი ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის" დროს“, - დასძენს კარბალევიჩი.

ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი, 1964 –1982 წლებში საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში მსოფლიოს თვალწინ უძლურდებოდა და იხრწნებოდა მის მიერვე მართული ქვეყნის მსგავსად. ისტორიკოსთა შეფასებით, სწორედ ბრეჟნევის მმართველობის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და წარმოქმნილმა პრობლემებმა გახადა გარდაუვალი საბჭოთა კავშირის დაშლა.

საბჭოთა კავშირისგან განსხვავებულ ავტოკრატიულ ბელარუსში კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ბელარუსის კონსტიტუციის 88-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული „მყარი ქმედუუნარობის“ გამო არ ძალუძს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება.

ამისათვის ბელარუსის პარლამენტმა უნდა მოიწვიოს სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, არის თუ არა ლუკაშენკა „მყარად ქმედუუნარო“ შეასრულოს თავისი მოვალეობები. კომისიის შემადგენლობა საკანონმდებლო დოკუმენტებში არანაირად არ არის აღწერილი, თუმცა აშკარაა, რომ მასში უნდა იყვნენ ექიმები, რომლებიც შეძლებენ კომპეტენტურად უპასუხონ დასმულ კითხვას.

მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების, ანუ პარლამენტის მიერ ლუკაშენკას ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემთხვევაში, რაც ბელარუს ექსპერტებს ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნიათ, - პრეზიდენტის ძალაუფლება ლუკაშენკას მიერ დამტკიცებული უმაღლესი ორგანოს - ბელარუსის ეროვნული კრების „რესპუბლიკური საბჭოს“ თავმჯდომარეს, ლუკაშენკას ფავორიტ ნატალია კოჩანოვას გადაეცემა. დამოუკიდებელ გამოცემა „ზერკალოს“ თანახმად, სწორედ კოჩანოვა მართავს რესპუბლიკას პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებამდე, რომელიც ლუკაშენკას სავარაუდოდ ქმედითუუნაროდ გამოცხადებიდან არაუგვიანეს 70 დღეში უნდა ჩატარდეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG