„ძვირფასო ამხანაგებო! საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ, მთელმა საბჭოთა ხალხმა მძიმე დანაკლისი განიცადეს. გარდაიცვალა ლენინის დიადი საქმის ერთგული განმგრძობი, მგზნებარე პატრიოტი, გამოჩენილი რევოლუციონერი და მშვიდობისათვის, კომუნიზმისათვის მებრძოლი, თანამედროვეობის უთვალსაჩინოესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი“, - 40 წლის წინ, 1982 წლის 10 ნოემბერს გავრცელებულმა ამ ცნობამ არც მსოფლიო შეძრა, არც საბჭოთა კავშირი და, ბუნებრივია, არც საბჭოთა საქართველო. 76 წლის ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც 18 წლის განმავლობაში მართავდა საბჭოთა კავშირს, მსოფლიოს თვალწინ უძლურდებოდა და იხრწნებოდა მის მიერვე მართული ქვეყნის მსგავსად. ისტორიკოსთა შეფასებით, სწორედ ბრეჟნევის მმართველობის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და წარმოქმნილმა პრობლემებმა გახადა გარდაუვალი საბჭოთა კავშირის დაშლა.
1982 წლის 6 ნოემბერს ლეონიდ ბრეჟნევმა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი გადასცა თავის ერთ-ერთ ფავორიტს, საკავშირო სახტელერადიოს თავმჯდომარეს, სერგეი ლაპინს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, უკიდურესად დაუძლურებულ ბრეჟნევს ჯილდო ხელიდან გავარდნია, თუმცა, ამის მიუხედავად, მეორე დღეს, 7 ნოემბერს - „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დღესასწაულზე“ - უკვე წითელ მოედანზე, მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგა და აღლუმისა თუ დემონსტრაციის მონაწილეებს ხელის მონოტონური ქნევით ესალმებოდა.
ბრეჟნევი ძალიან ცუდუდ იყო, რისი არშეჩნევა შეუძლებელი იყო, თუმცა გარემოცვა ერთ-ორ დღეში მის გარდაცვალებას მაინც არ ელოდა. აკადემიკოს ევგენი ჩაზოვისათვისაც მოულოდნელი იყო 10 ნოემბრის დილის 8 საათზე ბრეჟნევის დაცვის უფროსის ვლადიმირ სობაჩენკოვის სატელეფონო ზარი.
„ლეონიდ ილიჩს რეანიმაცია სჭირდება!“ - უთხრა სობაჩენკოვმა და ექიმს სახელმწიფო აგარაკ „ზარეჩიე-6“-ში სასწრაფოდ მისვლა სთხოვა.
ბრეჟნევი ძილში გარდაიცვალა, ჩაზოვის მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე.
„ვიქტორია პეტროვნა (ბრეჟნევის ცოლი) დილის რვა საათზე ადგა - ამ დროს მას ინსულინის ინექციას უკეთებდნენ. ბრეჟნევი გვერდშექცევით იწვა, ამიტომ ცოლმა გაიფიქრა, რომ ეძინა. როდესაც სობაჩენკოვი გასაღვიძებლად მივიდა, აღმოაჩინა, რომ ბრეჟნევი არ სუნთქავდა. ინსტრუქციის შესაბამისად, დაიწყო გულის მასაჟის გაკეთება, მაგრამ ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. ლეონიდ ილიჩი ძილში გაიპარა, მშვიდად და ტანჯვის გარეშე. ასეთი სიკვდილი ყოველთვის ბედნიერად ითვლებოდა“, - ამბობს ისტორიკოსი ლეონიდ მლეჩინი, ლეონიდ ბრეჟნევზე დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორი.
აკადემიკოსი ჩაზოვი სამედიცინო პრობლემებზე აღარ ფიქრობდა. მლეჩინის თქმით, ის რთული ამოცანის წინაშე იდგა: ჯერ ერთი, როგორ ეთქვა ქვრივისთვის მეუღლის გარდაცვალების ამბავი და მეორე, ხელისუფლების რომელი წარმომადგენლისთვის ეცნობებინა, რომ გენერალური მდივანი აღარ არის?
ყველასთვის მისაღები შემთხვევითი ადამიანი?
1964 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირში რბილი სახელისუფლო გადატრიალება მოხდა. შეთქმულებმა საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ის პირველი მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი გადააყენეს და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც ისტორიკოს ვახტანგ გურულის თქმით, ამ თანამდებობაზე აბსოლუტურად შემთხვევითი ადამიანი იყო და ხრუშჩოვის შემცვლელად წამოსწიეს იმ დროის შედარებით ნიჭიერმა ხალხმა (სემიჩასტნიხმა, შელეპინმა, შელესტმა და სხვებმა) იმიტომ, რომ ფრთხილობდნენ, თუ გადატრიალება ჩაიშლებოდა, კედელთან თვითონ არ დამდგარიყვნენ, ხოლო თუ გამოვიდოდა, ბრეჟნევის გვერდზე გაწევა არ გაუჭირდებოდათ.
ლეონიდ ბრეჟნევის ბიოგრაფიის ავტორი, გერმანელი ისტორიკოსი, სუზან შატენბერგიც ამბობს, რომ ბრეჟნევი არ იყო საუკეთესო კანდიდატი, მაგრამ არჩევანი მაინც მასზე შეჩერდა მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა არც ლიდერის გარეგნობა, არც ელვარე და განსაკუთრებული უნარ-თვისებები (როგორც, მაგალითად, ინტელექტი სუსლოვს), არც ძლიერი ნებისყოფა, რაც საჭირო იყო ქვეყნის მართვისთვის და რაც, მკვლევრის თქმით, ჰქონდათ შელეპინსა და შელესტს.
„თუმცა ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ ხრუშჩოვის წინააღმდეგ პუტჩის ორგანიზატორთა შორის ყველაზე მეტად, პოდგორნისთან ერთად, აქტიურობდა სწორედ ბრეჟნევი, რომელიც ფარულად არწმუნებდა ყველას ხრუშჩოვის გადაყენების აუცილებლობაში, - ამბობს გერმანელი პროფესორი, - შესაძლოა, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ გადატრიალების შემდეგ ბრეჟნევი ჩაენაცვლებინათ შელეპინით ან შელესტით, მაგრამ, ხრუშჩოვისა არ იყოს, შელეპინისაც ეშინოდათ და მის კანდიდატურას ბევრი არ უჭერდა მხარს. საბოლოო ჯამში, ბრეჟნევის პიროვნულმა თვისებებმა, ხასიათმა და მისი მუშაობის სტილმა თანდათანობით მოიპოვა გარშემომყოფთა პატივისცემა. ბრეჟნევი, მაშინაც კი, როცა ადამიანებს თანამდებობიდან ათავისუფლებდა, მართალია ფორმალურად, მაგრამ მაინც ითხოვდა მათ თანხმობას, შემდეგ კი სხვა კარგ თანამდებობებს სთავაზობდა, ზრუნავდა მათსა და მათი შვილების ბინებით უზრუნველყოფაზე და ა.შ. ამ გზით თავიდან ირიდებდა უკმაყოფილებას და ახალი შესაძლო პუტჩის წინაპირობებს“.
საბჭოთა უძრაობის ნოსტალგია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, ვისაც დღეს საბჭოთა სისტემის ნოსტალგია აქვს, უმეტესობას სწორედ გვიანი საბჭოთა კავშირი და ბრეჟნევის ეპოქა ახსოვს.
„რატომ აქვს ამ ხალხს ნოსტალგია? ბრეჟნევის პერიოდი ანუ უძრაობის ხანა - ეს იყო პერიოდი, როცა მთლიანად იყო მიშვებული სისტემა. ხრუშჩოვის დროს თითქოსდა მეტი თავისუფლება იყო, „ოტტეპელიც“ კი უწოდეს გარკვეულ პერიოდს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ 1960 წელს შემოიღეს დახვრეტა ფინანსურ დანაშაულზე, 10 ათასი მანეთის გაფლანგვაზე ან დანაკლისზე დახვრეტის განაჩენი - სასჯელის უმაღლესი ზომა გამოჰქონდათ. სხვა ყველაფერშიც ხრუშჩოვი ამბივალენტური და არაპროგნოზირებადი იყო. ასეთ ფონზე მოვიდა ბრეჟნევი, რომელიც აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ბუნჩულა კაცი იყო. თანაც სრულად ჯდებოდა საბჭოთა მოქალაქის საოცნებო სტანდარტში: უყვარდა ნადირობა, ქალები, დროსტარება... კი, ნომენკლატურის კაცი იყო, მაგრამ არა დაშტამპული კომუნისტ-ბოლშევიკი... საბჭოთა მოქალაქემ, რომელიც მიეჩვია ხრუშჩოვის პერიოდში მოპარვას, ქრთამის აღებ-მიცემას და ა.შ., ბრეჟნევის დროს საერთოდ გაშალა ფრთები. თუ ქრთამს იღებდი და ზევით სხვასაც აძლევდი - ყველაფერი წესრიგში იყო“, - ამბობს ბონდო კუპატაძე.
არადა, ფორმალურად ბრეჟნევი ხელისუფლების სათავეში მოვიდა დაპირებით, რომ სახელმწიფოში, პარტიულ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებში აღადგენდა მართვის „ლენინურ პრინციპებს“, თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, არც საბჭოთა კავშირსა და არც საქართველოში, „ლენინური პრინციპების“ რღვევის დაწყებული პროცესი არ შეწყვეტილა. პირიქით, ჩამოყალიბდა და გაძლიერდა ყოვლისმომცველი კორუფციული სისტემა, რომელიც საზოგადოებისა და ქვეყნის ბევრ სფეროს მოედო, აყვავდა ჩრდილოვანი ეკონომიკა, გამდიდრდნენ როგორც ე.წ. ცეხავიკები, ასევე სახელმწიფო და პარტიული თანამდებობის პირები.
„ერთგვარი კეთილი მეფე იყო, რომელიც თავის ქვეშევრდომებს არ უბრაზდებოდა, არ აპატიმრებდა, ყველაფრის ნებას აძელევდა, - ამბობს ბონდო კუპატაძე, - ბრეჟნევის დროს ჩამოყალიბდა მდიდარი ნომენკლატურა, რომელიც სარგებლობდა აგარაკებით, სახელმწიფო თუ კერძო ავტომობილებით, და სხვა სისტემური კეთილდღეობებით“.
ბრეჟნევი და საქართველო
ლეონიდ ბრეჟნევის გამარჯვებამ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, საქართველოში რამე რადიკალური სახელისუფლო ცვლა არ გამოიწვია, სულ ცოტა, ორი მიზეზის გამო:
I - საქართველოს კომპარტიის მაშინდელი პირველი მდივანი, გენერალი ვასილ მჟავანაძე თვითონაც მონაწილეობდა ხრუშჩოვის წინააღმდეგ შეთქმულებაში
II - ვასილ მჟავანაძე ომის დროს უშუალოდ ლეონიდ ბრეჟნევის ხელმძღვანელი იყო და, როგორც „ფრონტავიკებს“, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ
ლეონიდ ბრეჟნევი თავის დადებით დამოკიდებულებას საქართველოსადმი გამოხატავდა ხშირი სტუმრობითა და ჩინ-მედლების უხვი დარიგებით. ბონდო კუპატაძის თქმით, ხრუშჩოვი გამოკვეთილად ვერ იტანდა საქართველოს, ბრეჟნევი კი, ალბათ თავისი ხასიათიდან გამომდინარე (უყვარდა ნადირობა, დროსტარება, მოლხენა...), გამოკვეთილად კეთილგანწყობილი იყო „მზიანი საქართველოსადმი“:
„არ დაგვავიწყდეს 1978 წელი, როცა ქართული ენის დაცვის საკითხი დადგა. ეს რომ ხრუშჩოვის დროს მომხდარიყო, ალბათ, 1956 წლის 9 მარტი განმეორდებოდა. მართალია, შევარდნაძეს ჰქონდა უნარი მოეწონებინა თავი, მაგრამ თვითონ ბრეჟნევიც კეთილად იყო განწყობილი. ამიტომ ჩავარდა ენის საკითხი, რომლის გატანა მთავარ იდეოლოგს, სუსლოვს უნდოდა (რუსულად მოსაუბრე საბჭოთა ერის ფორმირება და ა.შ.). ბრეჟნევმა იოლად დათმო. ასეთი დეტალები იწვევდა გარკვეულ სიმპათიას საბჭოთა რიგით მოქალაქეებში, განსაკუთრებით სტალინის მძიმე და ხრუშჩოვის არაპროგნოზირებადი მმართველობის შემდეგ. მათ ფონზე გამოჩნდა კეთილი ბრეჟნევი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც ქცევასა და მეტყველებასაც ამჩნევდა კვალს, საერთოდ ანეკდოტების პერსონაჟად იქცა“.
ბრეჟნევი თბილისში
1977 წლის ზაფხულის ერთ ცხელ დღეს გორგასლის ქუჩაზე მდებარე თბილისის 51-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ძიძა-მასწავლებლებმა ქუჩაში გაიყვანეს და გზის პირას ჩაამწკრივეს, სადაც ძვირფასსა და საპატიო სტუმარს უნდა ჩაევლო, ხოლო ბედნიერ საბჭოთა ბავშვებს დროშებისა და გასაბერი ბუშტების ქნევით საზეიმო ელფერი უნდა მიეცათ მოვლენისათვის. იმის გამო, რომ ბაგა-ბაღი აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ბავშვებს ხშირად უწევდათ გზის პირას დგომა.
„იმ დღესაც ასე ჩამოგვიყვანეს ადრიანი დილიდან. ძიძამ გვითხრა, რომ ძია ბრეჟნევი უნდა ჩამოვიდეს, ჩვენ კი უნდა ვასახელოთ საქართველო, დროშები უნდა დავუქნიოთო, - იხსენებს ბონდო კუპატაძე 44 წლის წინანდელ ამბავს, - გავიდა ამ ლოდინში ერთი საათი, ორი საათი... თან ძალიან ცხელა, თან ბავშვები ვართ, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შეკავება გვიჭირს... როგორც გაირკვა, ბრეჟნევსაც უკვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ აეროპორტში შეფერხებულა... მოკლედ, მასწავლებელს ვთხოვ საჭირო ოთახში გაშვებას, მაგრამ იმის გამო, რომ ბრეჟნევმა წუთი-წუთზე უნდა გამოიაროს, არ მიშვებს... მოკლედ, არ გამიშვა და სამარცხვინო ამბავი დამემართა. ბრეჟნევმა რომ ჩაიარა შავი „ჩაიკით“, ვიდექი ჩაფსმული, დროშით ხელში, გამწარებული და დაბოღმილი. ჩემი ადრეული ანტისაბჭოთა განყობები ალბათ აქედან იღებს სათავეს“.
ლეონიდ ბრეჟნევი საქართველოს უკანასკნელად, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1981 წლის 22 მაისს ეწვია, როცა საქართველო გასაბჭოებისა და საქართველოს კომპარტიის დაარსების 60 წლისთავს აღნიშნავდა. საკავშირო კომუნისტური პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივანს უკვე თვალშისაცემად უჭირდა როგორც მეტყველება, ასევე გადაადგილება, თუმცა ტრადიციული საზეიმო დახვედრა, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე, მაინც მოუწყვეს.
„1981 წელს, როცა ბრეჟნევი თბილისში ჩამოვიდა, ვმუშაობდი ქალაქპროექტში, - იხსენებს არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი, - ადრიანად წაგვიყვანეს აეროპორტის გზაზე, მაგრამ როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაიგვიანა სტუმარმა და დიდხანს მოგვიწია ლოდინმა. სადაც ახლა „ისტ-პოინტია“, იმის მოპირდაპირე მხარეს, რესტორან „ვახტანგურის“ ადგილას, მაშინ იდგა რაღაც „ზაბეგალოვკა“. მოკლედ, ვდგავართ ტრასაზე და ველოდებით ბრეჟნევის გამოვლას. ბოლოს ამოგვეწურა მოთმინება და შევედით ამ „ზაბეგალოვკაში“, კარგად გამოვთვერით და ბრეჟნევს რომ გაუხარდებოდა, ისე დავხვდით“.
„მთელ არე-მარეს მოეფინა ასობით მტრედი, რომლებიც პიონერებმა ააფრინეს. ასე მიესალმა ნორჩი ცვლა ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს - ქვეყნად მშვიდობის დაუღალავ მებრძოლს“, - წერდნენ ქართული საბჭოთა გაზეთები თბილისის აეროპორტიდან გაკეთებულ რეპორტაჟებში.
23 მაისს ლეონიდ ბრეჟნევმა ვრცელი სიტყვით მიმართა ქართველ კომუნისტებსა და მშრომელებს.
„დიდმა რუსთაველმა რვა საუკუნეზე მეტი ხნის წინ ბრძანა: „კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!/ დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი, - ვკითხულობთ ქართულად თარგმნილ სტენოგრამაში, - კარგი იქნებოდა ყურად ეღოთ ეს ბრძნული მოწოდება, მიებაძათ მისთვის ადამიანებს ყველა ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე დღეს, როცა უკვე გამოჩნდა ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის პარმაღი! (ხანგრძლივი ტაში)“.
ბრეჟნევს არც თბილისის „დინამოელთა“ წარმატების აღნიშვნა დავიწყებია (სულ რაღაც ათი დღით ადრე, 1981 წლის 13 მაისს „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიპოვა). ლევან კალანდარიშვილის თქმით, კარგად ახსოვს, როგორ სასაცილოდ წარმოთქვა (დაწერილი წაიკითხა) ბრეჟნევმა შემდეგი სიტყვები: Не подвели и Тбилисские Динамовцы! („თბილისელმა დინამოელებმაც არ დაგვაღალატეს“).
ლეონიდ ბრეჟნევი ასევე დაესწრო აღლუმს - მშვიდობის მარშს, რომელიც მაშინდელ კონსტუტუციის მოედანზე, სასტუმრო „აჭარის“ წინ გაიმართა. როგორც საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი, ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, ბრეჟნევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპეციალური კონსტრუქციის აგება გახდა საჭირო:
„ძლივს მოძრაობდა. ეს უმოძრაობა ემჩნეოდა ყველაფერს: მოქმედებას, საუბარს... სპეციალური ტრიბუნა გააკეთეს სასტუმრო აჭარასთან, კონსტიტუციის მოედანზე, ლიფტი დაამონტაჟეს იმის გამო, რომ კიბეზე ასვლა არ შეეძლო“.
1981 წლის მაისის ქართულმა გაზეთებმა შემოინახა ამ აღლუმის ამსახველი კადრები, შესაბამისად, შემორჩენილია ორსართულიანი ტრიბუნის ფოტოებიც. ლევან კალანდარიშვილის თქმით, დოლიძის ქუჩაზე შენობაში, სადაც ახლა „დეგუსტოა“, ადრე განთავსებული იყო „ტბილსოიუზდორპროექტი“, რომლის პირველ სართულზე, პურის მაღაზიაში, სპეციალურად ბრეჟნევისთვის, ერთი დღით მოაწყვეს რეანიმაციული განყოფილება.
„ამ განყოფილების წინ კი დადგეს ლენინის თაბაშირის გიგანტური თავი, რომელსაც ქვევიდან შეუყენეს კონსტრუქცია. ეს თავი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აღლუმების დროსაც ჩანს ძველ ფოტოებში... ლენინის თავის წინ დადგეს ორიარუსიანი ტრიბუნა, რომელშიც გაკეთებული იყო ლიფტი ბრეჟნევისთვის... მეორე მხარეს ხუთქიმიანი ვარსკვლავი დადგეს, სადაც ხალხი ტრანსპარანტებით რაღაც ფიგურებს ქმნიდა. ეს ვარსკვლავი იდგა სკვერის ადგილას, სპორტის სასახლესა და „გეპეის“ კორპუსს შორის, ამ ვარსკვლავზე ფირფიტებით აკეთებდნენ წარწერებს: ლენინი, პარტია, კომკავშირი და ა.შ.“, - იხსენებს ლევან კალანდარიშვილი.
დასასრულის დასაწყისი
საბჭოთა კავშირის მოსახლეობა, ნიკიტა ხრუშჩოვის დაპირებით“, 1980 წლისათვის უნდა შესულიყო კომუნიზმში, რომელშიც ადამიანები იცხოვრებდნენ დევიზის შესაბამისად: „თითოეულისაგან - უნარის მიხედვით, თითოეულს - მოთხოვნილების მიხედვით“, თუმცა 1980 წლისათვის საბჭოთა კავშირის მთავრობა იძულებული გახდა შემოეღო ტალონები სურსათზე და გამოეცხადებინა ე.წ. სასურსათო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სურსათის დეფიციტი აღმოიფხვრებოდა 2000 წლისათვის.
„თუნდაც მარტო აქედან ჩანს, როგორ ეცლებოდა საძირკველი საბჭოთა კავშირს, - ამბობს ბონდო კუპატაძე, - ეკონომიკური კრიზისი გააძლიერა მნიშვნელოვანმა საგარეო ფაქტორებმაც, მათ შორის ჩეხოსლოვაკიის ამბებმაც, რამაც ძალიან დააზიანა სსრკ-ს საგარეო პოლიტიკა და ბრეჟნევის იმიჯი, რისი გამოსწორების მცდელობისას მოუწიათ დიდ დათმობებზე წასვლა. ამ დათმობის შედეგია SALT1-ის და SALT2-ის (Strategic Arms Limitation Talks - სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის მოლაპარაკებები ბრეჟნევსა და აშშ-ის პრეზიდენტ ნიქსონს შორის) შეთანხმებები და საბჭოთა კავშირის ფაქტობრივად შეტყუება ეუთოში, რასაც მოჰყვა უამრავი ვალდებულების აღება. 1975 წელს სსრკ-ის ჩართვა საერთაშორისო სტრუქტურებში ბრეჟნევისთვის მნიშვნელოვანი იყო, შედეგად კი საბჭოთა კავშირში გაჩნდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს სსრკ-ის შესარყევად“.
ბონდო კუპატაძის თქმით, ბრეჟნევის საბედისწერო შეცდომა იყო 1979 წელს ავღანეთში შეჭრა, რასაც მოჰყვა სსრკ-ის იზოლაცია და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება:
„ამ ომმა შელახა სსრკ-ის როგორც სამხედრო, ასევე საგარეო და პოლიტიკური ავტორიტეტი, გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, რომელსაც მძიმე ტვირთად დააწვა უზარმაზარი სამხედრო ხარჯები. ამას დაემატა პოლონეთის ამბები, ბრეჟნევმა პოლონეთშიც შეიყვანა ჯარები და გამოაცხადა კომენდანტის საათი. ბრეჟნევის მმართველობის ბოლო წლები კლასიკური გერონტოკრატიაა. პოლიტბიუროს საშუალო ასაკი 70-72 წელი იყო. შესაბამისად, პოლიტბიურო, რომელიც მართავდა საბჭოთა კავშირს, მოწყვეტილი იყო რეალობას და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა“.
თბილისში დაბადებული, რუსი პუბლიცისტისა და ისტორიკოსის, 96 წლის როი მედვედევის თქმითაც, ბრეჟნევი არ იყო დიქტატორული ტიპის ადამიანი, ის არ ქმნიდა პიროვნების კულტს, ბუნებითაც რბილი ადამიანი იყო და, თუ ნაკლები რეპრესიებით შეიძლებაოდა ფონს გასვლა, ასეც იქცეოდა:
"ბრეჟნევი ძალიან იყო დაინტერესებული, რომ დასავლეთში მასზე კარგი ეფიქრათ. მოგზაურობდა დასავლეთის ქვეყნებში, სურდა, რომ მასზე, მის რეჟიმზე და საბჭოთა კავშირზე კარგი ეფიქრათ და ამისთვის უწევდა რაღაც-რაღაცების კეთება. რა თქმა უნდა, მხოლოდ პირადად ბრეჟნევი არ ამუხრუჭებდა პოზიტიურ პროცესებს, რადგან ის არ იყო ნამდვილი „ძალაუფლების კაცი“ და ერთპიროვნული მმართველი. ბრეჟნევის დროს საბჭოთა კავშირს ხელმძღვანელობდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც 70-იან წლებში გამოიკვეთა გრომიკოს (საგარეო საქმეთა მინისტრი), უსტინოვის (თავდაცვის მინისტრი) და ანდროპოვის (კგბ) სახით. ცხადია, ბრეჟნევი მხარს უჭერდა ყოველივე იმას, რაც ხდებოდა: მის დროს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ჯარი საშინელი სიმძლავრით ვითარდებოდა, სამხედრო სტრუქტურები ზეწოლას ახდენდნენ მთელ ეკონომიკაზე, ყველაფერზე. და ამან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას".
1980 წლის 10 ნოემბერს ბრეჟნევის გაცივებულ სხეულთან მდგომ აკადემიკოს ჩაზოვს ვერ გადაეწყვიტა, ვისთვის დაერეკა. პარტიული ნომენკლატურის მკურნალობაში გამოცდილმა ექიმმა და სსრკ-ის მომავალმა ჯანდაცვის მინისტრმა (რომელიც სხვათა შორის შარშან გარდაიცვალა 92 წლის ასაკში) ზუსტად იცოდა, ვინც პირველი მოვიდოდა გენმდივნის გვამთან, სწორედ ის გახდებოდა მემკვიდრე.
ჩაზოვმა იური ანდროპოვს დაურეკა. ანდროპოვს, რბილად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატებოდა საქართველო თავისი ჩრდილოვანი ეკონომიკითა და გენერალური ხაზიდან სისტემატური გადახვევით.
„როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში ამხანაგი ანდროპოვი მოვიდა, მან საქართველოზე ცნობილი სიტყვა თქვა, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი და დისიდენტი ლევან ბერძენიშვილი წიგნში „1921-1990 - ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი“ - Настанет день и я прикрою эту шашлычную! („დადგება დღე, მივახურავ ამ სამწვადეს!“) და რომ არა მისი ძალიან მოულოდნელი და უცნაური სიკვდილი 1984 წლის 9 თებერვალს, ალბათ მართლა დახურავდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, როგორც თავად თქვა - „ცნობილ სამწვადეს“.
ანდროპოვის შემდეგ მოსულმა ცოცხალ-მკვდარმა კონსტანტინ ჩერნენკომ მხოლოდ ერთი წელი, 1985 წლის 10 მარტამდე გაძლო, შემდეგ მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი, რომლის მცდელობამ, შეეჩერებინა საბჭოთა კავშირის ხრწნა, კიდევ უფრო დააჩქარა კვდომის პროცესი, რომლის პირველი და აშკარა ნიშნები ბრეჟნევის 18-წლიანი მმართველობის დროს გამოჩნდა.