Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ დაასახელა უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვის წინაპირობა


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და ყველაფერი, რაც ხდება რუსეთის ინტერესების და უკრაინაში მცხოვრები რუსების დაცვაა. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკამ დღეს, მინსკში განაცხადა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

უკრაინასთან ომში ბელარუსის ჩართვის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას, ლუკაშენკამ უპასუხა: „მზად ვარ რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან ვიომო ჯერჯერობით ერთადერთ შემთხვევაში, თუ იქიდან თუნდაც ერთი ჯარისკაცი მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი უსასტიკესი იქნება და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“.

ბელარუსის ავტორიტარი მმართველის განცხადებით, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა მეზობლებსაც.

ლუკაშენკას თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ თავად მოახდინა რუსეთის „ოპერაციის“ პროვოცირება სხვადასხვა ქმედებით, მათ შორის „მინსკის შეთანხმებაზე“ უარით. ბელარუსის ავტორიტარი მმართველის აზრით, რუსეთთან უკრაინის შეთანხმების შემთხვევაში, ომი არ იქნებოდა. ამასთან, ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინა იყო "მხოლოდ საბაბი ომის გასაჩაღებლად“, რომელიც დასავლეთს სურდა და მისი ინტერესია „პოლონელების ხელით უკრაინის დანაწევრება“.

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ილაპარაკა სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზეც, რისთვისაც, ლუკაშენკას აზრით, ევროპა მზად არის, მაგრამ ამერიკელებმა ევროპა „ჩააყენეს პოზაში და იმას უკეთებენ, რაც უნდათ".

რუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ საომრად ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებენ. პუტინს და მის მოკავშირე ლუკაშენკას შექმნილი აქვთ რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებაც.

XS
SM
MD
LG