Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა რუსეთისგან "ბელარუსის, როგორც საკუთარი ტერიტორიის დაცვას" ითხოვს


ალიაქსანდრ ლუკაშენკა და სერგეი შოიგუ
ალიაქსანდრ ლუკაშენკა და სერგეი შოიგუ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სამუშაო შეხვედრის დროს რუსეთისგან ბელარუსისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ლუკაშენკას აღუნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები არ ასრულებენ შეთანხმებებს უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებსაც ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ ხელმოწერილი „ბუდაპეშტის მემორანდუმი“ ითვალისწინებდა.

"აქედან გამომდინარე, მე დავაყენე ეს საკითხი [უსაფრთხოების გარანტიების შესახებ] რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში. მან აბსოლუტურად მხარი დაუჭირა ყველა მიმართულებით. და, მისი თქმით, ჩვენ რევიზია უნდა ჩავუტაროთ ჩვენს, ბელარუსისა და რუსეთის, ყველა ხელშეკრულებას და შეთანხმებას, რათა დავინახოთ, თუ რა სახის სახელმწიფოთაშორისი ხასიათის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი უნდა იქნას მიღებული ახლა ბელარუსის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა ლუკაშენკამ.


მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში.

პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, რომელსაც შეუძლია ამ იარაღის გადატანა. ლუკაშენკამ ადრე თქვა, რომ ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ ბირთვული რაკეტების ტარება შეეძლებათ.

თავის მხრივ, ლუკაშენკამ ყოველწლიური გამოსვლის დროს მხარი დაუჭირა ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას. მისი თქმით, ეს არის "შესაძლებლობა, დაიცვას ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველყოს ბელარუსი ხალხის მშვიდობა ."

XS
SM
MD
LG