Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილის კანონადა: ექვსი შეკითხვა რუსეთ-უკრაინის კრიზისის გარშემო


უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე
უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე

ამ დღეებში სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებლები ციმბირის რეგიონიდან უკრაინის საზღვრისკენ.

ვრცელდება ცნობები ქერჩის სრუტის ხიდის დროებით დაკეტვის შესახებ, სავარაუდოდ, მასზე დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკის გასატარებლად. ამას ემატება პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხრიდან ინტენსიური სროლის განახლება უკრაინის არმიის პოზიციებზე დონბასში და, სულ ბოლოს, ავბედითი საომარი რიტორიკა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე.

ამ ფონზე, აქტუალურია შეკითხვა: რეალურია თუ არა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის „ცივი ომი“ გახურებულ საომარ მოქმედებაში გადაიზარდოს? ეს ერთ-ერთია იმ ექვს მთავარ კითხვას შორის, რომლებიც რუსეთ-უკრაინას შორის ამჟამინდელი დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჩნდება და რომელთა ნაწილზე პოტენციური პასუხებიც მოგვეპოვება.

განა ომი უკვე არ მიმდინარეობს?

დიახ, მიმდინარეობს! უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში 7 წლის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, მიუხედავად არაერთგზის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სინამდვილეში, კვლავ გრძელდება. ამას მოწმობს გაეროს ანგარიში, რომლის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი კაცი დევნილად იქცა.

ბოლო მასშტაბური შეტაკება აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდიივკაში 2017 წლით თარიღდება, მაგრამ კონფლიქტის ზონაში კვლავ იღუპებიან ადამიანები სნაიპერების სხვადასხვა იარაღიდან ინტენსიური სროლის გამო. ეს სნაიპერული ომი განსაკუთრებით 26 მარტის შემდეგ გააქტიურდა დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შუმის მისადგომებთან, როდესაც შეთანხმების მორიგ დარღვევას ოთხი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა.

2020 წლის ივლისიდან, ანუ ცეცხლის შეწყვეტის ბოლო შეთანხმების დადებიდან, დღემდე დონბასში, სნაიპერული ცეცხლისა და სხვადასხვა ხასიათის საცეცხლე ზემოქმედების შედეგად, უკრაინის არმიამ 45 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, დაჭრილთა რაოდენობა კი სულ მცირე 320-ს აღწევს.

უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე
უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე

და უეცრად წელს, მარტის ბოლოდან, იწყება რუსეთის სამხედრო ძალების დიდი გადაადგილება ერთბაშად ორი მიმართულებით - აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან და რუსეთის მიერ ზუსტად 7 წლის წინ, 2014 წლის მარტში, ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. ამ ყველაფერმა დასავლეთის დედაქალაქებში სერიოზული განგაში გამოიწვია.

რა აღჭურვილობაზეა საუბარი?

რუსულმა და უკრაინულმა წყაროებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საზღვრის მახლობლად და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დიდი მოძრაობა დააფიქსირეს.

მიღებული გამოსახულების გეოლოკაციური ანალიზით ექსპერტები და ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ რუსეთის სამხედრო სარდლობისა და კრემლის განზრახვა.

ყველაზე გავრცელებული თეორიით, ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალის მორიგი დემონსტრირება, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს, ერთი მხრივ, კიევის დაშინებას და, მეორე მხრივ, გარკვეული სიგნალის გაგზავნას დასავლეთისთვის, რომ რუსეთი მზად არის ძალიან სწრაფად გადაისროლოს საბრძოლო დანაყოფები ნებისმიერ წერტილში.

„სამხედრო შეიარაღების გადაადგილების ასეთი ხაზგასმული დემონსტრიტება ცხადყოფს, რომ რუსეთს, როგორც ჩანს, ბლიცკრიგი კი არ აქვს ჩაფიქრებეული, არამედ მხოლოდ იარაღს აჟღარუნებს“, - წერს მოსკოვის კარნეგის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მაქსიმ სამორუკოვი 5 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში.

მიმომხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთი წინა წლებში ასევე ახდენდა დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალისა და შეიარაღების გადაადგილებას რეგულარული სამხედრო მანევრების ფარგლებში, რასაც არ მოჰყოლია უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სამხედრო ძალის ამჟამინდელ გაშლასაც არ უნდა ჰქონდეს სხვა განზრახვა.

რისი თქმა სურს რუსეთს?

ამ მხრივ ძალიან ცოტა, ან თითქმის არაფერია ცხადი.

გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბარში უარყო რუსეთიდან რაიმე საფრთხის არსებობა და განაცხადა, რომ სამხედრო ძალის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიის შიგნით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შიდა პრობლემაა.

მაგრამ რუსეთის შიდა ტერიტორიას არანაირად არ წარმოადგენს ყირიმი, რომელსაც კიევი, კოლექტიური დასავლეთი და მსოფლიოს თანამეგობრობა მოსკოვის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევენ.

გარდა ამისა, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელშიც გაერთიანებულია ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიიდან ვიდრე დონბასამდე განლაგებული ყველა სამხედრო დანაყოფი, 29 მარტიდან 30 აპრილამდე საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად სასწავლო განგაში გამოცხადდა.

უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ უფრო გააბუნდოვანა ისედაც გაუგებარი სიტუაცია. 25 მარტს სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ქალაქ ფსკოვში მდებარე ცნობილი 56-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა რეორგანიზების მიზნით გადასროლილი იქნება ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ფეოდოსიაში.

ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის დროებითი დაკეტვა, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ბრიგადის გადასროლას უნდა უკავშირდებოდეს.

შეიძლება ახალი არაფერი იყოს იმაში, რომ გაზაფხულზე რუსეთი მართავს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ათეულათასობით პირადი შემადგენლობისა და ათასობით ტანკის, მძიმე ტექნიკის, არტილერიისა და ავიაციის მონაწილეობით, მაგრამ ასეთი რაოდენობის ძალთა დემონსტრირება, როგორიც ამჟამად მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრის მახლობლად, მიმომხილველების აზრით, შორს სცდება რუსეთში ყოველ გაზაფხულზე ნორმად ქცეული ინტენსიური სწავლების ფაზას.

მეტიც, 6 აპრილს სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხედრო ოლქსა და ჩრდილოეთის ფლოტში ერთდროულად გამოაცხადა მასშტაბური სამხედრო სწავლების დაწყება.

განა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ მოქმედებს?

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ისტორია 2015 წლის მინსკის შეთანხმებას უკავშირდება. რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ორმხრივ შეთანხმებას ხელი 2015 წლის თებერვალში მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის და ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) წარმომადგენლებმა.

არსებობს კიდევ ნორმანდიული ფორმატი - რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობს. მაგრამ ეს მიზანი ილუზორულია რუსეთის ფაქტორის გამო, რომელიც მიმართულია დონეცკელი სეპარატისტების მხარდაჭერისკენ, უკრაინის შიდა პოლიტიკური ბრძოლისა და, ბოლოს, გერმანიისა და საფრანგეთის მიზეზით. ბერლინსა და პარიზს არ აქვთ ჩამოყალიბებული მყარი პოზიცია, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ მოსკოვს და რით შეიძლება დაეხმარონ კიევს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში.

ეს კარგად გამოჩნდა 3 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში, რომელიც, ამჟამინდელი დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, „ორივე მხარეს“ მოუწოდებს თავშეკავებისკენ.

ამას ბერლინის მისამართით სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, რადგან ამ განცხადებით გამოვიდა, თითქოს ორივე მხარის მოქმედება თანაბრად იწვევდეს დაძაბულობას, მაშინ როცა აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის მხრიდან არ შეიმჩნევა დამატებითი ძალების კონცენტრირება.

მაგრამ ამასობაში ევროკავშირმა, რომელშიც გერმანიაც შედის, ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი კიევს რუსეთის მხრიდან დროებით ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების სახიფათო კონცენტრაციის გამო.

მოვლენათა ასეთი განვითარებით უკიდურესად შეშფოთებულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, მიიწვია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 19 აპრილს გაიმართება.

მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების ცოტა ბერკეტები აქვს, რაც კარგად გამოჩნდა თებერვალში, როდესაც მოსკოვმა საჯაროდ დაამცირა მოსკოვში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი, ჟოზეპ ბორელი.

მოსკოვი, შესაძლოა, ცდილობდეს აგრძნობინოს დასავლეთს, რომ „რაც უფრო მეტად უჭერს მხარს უკრაინას განცხადებებით, მით უფრო იზრდება პოტენციური საფრთხე იმისა, რომ მას ამ მხარადაჭერის რეალიზება მოუწიოს“, - წერს მარკ გალეოტი, გამოცემა BNE Intellinews-ში რუსეთის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი. „ანუ რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროპას, სწორედაც რომ, არ შესწევს ამის გაკეთების ძალა“.

აშშ-ზე რას იტყვით?

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ რუსეთის დიდი სამხედრო მანევრები და მორიგი ესკალაციის მასშტაბები და დრო ასევე გამოწვევაა აშშ-ისა და მისი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის. მით უფრო, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად ყოფნის დროს, 2014 წლის ომამდეც და მერეც, უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ითვლებოდა.

ვაშინგტონმა რუსეთს ეკონომიკური საქნციები დაუწესა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის, ანექსიის გამო და, მიუხედავად რუსეთის მიმართ ხშირად შემრიგებლური რიტორიკისა, ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა, შეინარჩუნა ეს ანტირუსული სანქციები.

თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მტკიცედ არის განწყობილი: არც გადატვირთვა და არც ესკალაცია, როგორც არაერთხელ აღნიშნეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

„ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ განმარტებას ამ პროვოკაციაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამით გამამხნევებელი სიგნალი გავუგზავნეთ უშუალოდ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს“, - განაცხადა 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

მანამდე აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესა რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს, რომლებსაც, ვაშინგტონის აზრით, კავშირი აქვთ ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და მისთვის თავისუფლების აღკვეთასთან.

ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის მიმართ „ურყევი“ მხარდაჭერის გამოხატულება იყო 2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, პირველი სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ამ ზარს წინ უძღოდა საუბარი აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის და პენტაგონის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერა.

თუ ევროკავშირი უკრაინას ასეული მილიონი ევროთი ეხმარება კორუფციასთან ბრძოლისა და სისტემური რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით, აშშ-ის ფინანსური დახმარება რუსეთის აგრესიის წინაშე მდგარი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისკენ არის მიმართული.

მარტის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის უწყებამ უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო 125 მილიონი დოლარის ოდენობით. მასში შედის ორი შეიარაღებული საპატრულო კატარღა, რომლებიც გამოყენებული იქნება ტერიტორიული წყლების დასაცავად. Mark VI-ის კატარღების გარდა, უკრაინას გადაეცემა არტილერიის საწინააღმდეგო რადარები, თანამგზავრული გამოსახულებისა და მისი შესაძლო ანალიზისთვის, ასევე სამხედროების სამედიცინო დახმარებისა და საომარი ევაკუაციის აღჭურვილობა.

1 მარტის განცხადებაში ლაპარაკია, კერძოდ, უკრაინის თავდაცვითი სექტორის სხვა საკვანძო სფეროების მოდერნიზებაზე, ნატოს პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად.

„სწორედ ამ მიზნით უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნება აშშ-ის სამხედრო ძალების საწვრთნელი მისია. უკრაინა მომავალშიც ელოდება ვაშინგტონისაგან ახალ ლეტალურ შეიარაღებას. დაბოლოს, უკრაინასთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, როგორც ჩანს, განიხილება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების 250 მილიონიდან 500 მილიონ დოლარამდე გაზრდის საკითხი“, - ამბობს უკრაინელი მიმომხილველი მიხაილო სამუსი, „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.

კრემლი სასტიკად ეწინააღმდეგება უკრაინის მცდელობას შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკს, რაც შორეული მომავლის საქმეა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რომ სწორედ ამ დაძაბულ დღეებში ხმამაღლა გამოეცხადებინა ნატოში უკრაინის გაწევრიანების სურვილი.

„ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი არმიის და თავდაცვის სფეროს რეფორმებისა, მაგრამ მარტო რეფორმებით რუსეთს ვერ შევაჩერებთ. ნატოა დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა. რუსეთისათვის ნამდვილი სიგნალი იქნება უკრაინისათვის MAP-ის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) მიცემა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისათვის ტვიტერით გაგზავნილ მიმართვაში.

როგორი იქნება რუსეთის "ენდშპილი"?

თუ როგორი ენდშპილი აქვს ჩაფიქრებული ამ რამდენიმე ფართომასშტაბიანი წვრთნებისა და დიდი ძალების გადაადგილების მიღმა მოსკოვს, ეს ჯერჯერობით ცხადი არ არის არც კიევისა და არც მისი პარტნიორებისთვის.

მაგრამ მოსკოვის ჩანაფიქრის გასაგებად ერთგვარ გზამკვლევად შეიძლება გამოდგეს ის, თუ როგორ იქცეოდა რუსეთი მის მეზობლად მისი უშუალო მონაწილეობით გაჩაღებულ კონფლიქტებთან მიმართებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოსკოვის მიერ ინსპირირებული ე. წ. „გაყინული კონფლიქტები“ შემორჩენილია საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (სამაჩაბლო), ასევე მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში.

საქართველოს შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (სამაჩაბლო) რუსეთის სამხედრო ძალები თავის დროზე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განლაგდნენ და უნდა ემოქმედათ გაეროს მანდატით, როგორც მშვიდობის დამცველებს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ქვეშ. თუმცა 2008 წლის გაზაფხულზე რუსეთმა სამშვიდობო მანდატის გვერდის ავლით დაიწყო დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ხოლო საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული ხუთდღიანი ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი (სამაჩაბლო) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ვენაში არსებული ეუთოს მონიტორინგის ქვეშ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების დონბასში შესაძლო განლაგების იდეა ადრეც განხილულა საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ამ იდეის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა რამდენიმე საკითხში - მათ შორის მშვიდობისმყოფელთა მანდატის გარშემო - წარმოქმნილი უთანხმოების გამო. კერძოდ, კიევი და ვაშინგტონი მოითხოვდნენ, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს პატრულირების უფლება მისცემოდათ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ და არა, უბრალოდ, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე ყოფილიყვნენ პასუხისმგებელნი, როგორც ეს იყო თავის დროზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემთხვევაში.

უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე
უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე

ბევრი მიმომხილველი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერც ამჟამად გაბედავს მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღებას უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ უფრო მეტი მიწის ხელში ჩაგდების მიზნით. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

შექმნილ ვითარებაში მოსკოვისთვის სასურველი ენდშპილი იქნებოდა სწორედ სამშვიდობო მანდატით აღჭურვილი რუსი სამხედროების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე, - მიიჩნევს „ჩეტემ ჰაუსის“ რუსეთის პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს შერი.

„დრამატული და დამანგრეველი ესკალაციის ლოკალიზება, რომელიც გზას გაუხსნიდა რუსი „მშვიდობისდამცველების “ განლაგებას ამჟამად არსებულ სადემარკაციო ხაზზე, სავარაუდოდ, ყველაზე რეალისტურ ვარიანტს წარმოადგენს“, - ვარაუდობს შერი ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

მაგრამ ამ იდეას თავის დროზე (2017 წელს) გადაჭრით დაუპირისპირდა როგორც კიევი, ისე ვაშინგტონი.

ამ იდეის მიმართ თავისი დამოკიდებულება უკრაინის არც ამჟამინდელ ხელისუფლებას შეუცვლია. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ომის დასრულების ერთადერთ გზად, როგორც ზემოთ ითქვა, მხოლოდ უკრაინის ნატოში გაწევრებას მიიჩნევს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG