ხუთი მოზარდი რადიო თავისუფლებას ესაუბრა, რას ნიშნავს, ორი წლის მერე, როგორც იქნა აიცრა და რატომ უჭირთ ამის გაკეთება უფროსებს.
„უფროსებს შიში აქვთ გამჯდარი... არ უსმენენ ახალგაზრდა ადამიანების აზრს“ - ანასტასია ტაბატაძე, 12 წლის, ახალციხე
ჩემ ოჯახში ახლა კოვიდი აქვთ და არ ვიცი ჯერ, როდის ავიცრები,
მაგრამ სურვილი მაქვს დიდი, იმიტომ რომ თავიდანვე აცრაში ვხედავდი გამოსავალს და ამ ყველაფრის დასრულების ერთადერთ გზას. თავიდან როცა დაიწყო პანდემია, ძაან დამაინტერესა, რას აკეთებდა ეს ვირუსი ასეთს. სიკვდილიანობის რაოდენობასაც ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებდი ინფორმაციას, რომ გამომდგომოდა შემდეგში. ვაქცინებზე სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ერთი წლის მერე მოკვდებიო და არ მჯეროდა, იმიტომ რომ დატესტილი იყო უკვე უამრავ ადამიანზე და, შესაბამისად, შედეგებიც ვიცოდით.
ჩემი აზრით, უფროსებს შიში აქვთ გამჯდარი ვირუსის მიმართ და უფრო სჯერათ მოგონილი ამბების. ხშირად არ უსმენენ ახალგაზრდა ადამიანების აზრს. სამწუხაროდ, თუ ვინმემ გაიგო, რომ ვაქცინის შემდეგ მხარზე ხურდა მიგეკრობა, მერე ყველა იჯერებს ეგეთ სისულელეს.
ჩემი მეგობრებიც ცდილობენ დაარწმუნონ თავისი მშობლები, რომ აიცრან. ზოგი მშობელიც არ იცრება, იმიტომ რომ შიშის ფაქტორი მოქმედებს.
მეც ძალიან მეშინოდა, სანამ გავიგებდი უფრო მეტს ამ ვირუსზე. თუმცა, როდესაც ინფორმირებული გავხდი, შიშმა დაიწია, უკვე ვიცოდი ვირუსთან ბრძოლის გზები. ანტივაქსერებსაც მოვუწოდებდი, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოძებნონ. ხალხი არ ეძებს, ზოგს არც კი უნდა რამე ახლის გაგება.
„ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გინდოდეს უფრო დაცული იყო. ნემსის ხომ არ ეშინიათ?” - ნიკოლოზ ზედგინიძე, 12 წლის, თბილისი
გამიხარდა აცრის ამბავი, იმიტომ რომ შემიძლია უფრო თავისუფლად გავიდე გარეთ და აღარ მეშინოდეს, რომ კორონას მოვიტან სახლში და ბებიაჩემს და ბაბუაჩემს დავმართებ. ეგრევე გადავწყვიტე აცრა, როგორც კი გავიგე, ვიცავ სხვებს ასე.
კოვიდის ბევრად უფრო მეშინია, ვიდრე აცრის. ყველაფერზე აცრილი ვარ, რაც კი არსებობს. ერთი პერიოდი სკოლაში დაემართა ორ მეექვსეკლასელს და ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ მძიმედ გადაიტანეს, საავადმყოფოშიც ყავდათ წაყვანილი. გამოვიკეტე ჩემ ოთახში და იქ ვიჯექი ხოლმე ძირითადად.
ახლაც უფრო სახლში ვართ და ვიდეოთამაშებიდან უფრო მეტს ვკონტაქტობთ ხოლმე. ადრე კინოში დავდიოდით ხოლმე, სკოლაშიც შეიძლებოდა უფრო ახლოს კონტაქტი. მე ვისაც ვიცნობ, ყველა ბავშვს უნდა, რაც შეიძლება მალე აიცრას. ჩემი მამიდაშვილის ეზოში კიდევ ერთი კაცი არის, რომელიც გამოდის და ყოველდღე ამბობს, არ აიცრათო. არ ვიცი, რატომაა ასე, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გინდოდეს უფრო დაცული იყო. ნემსის ხომ არ ეშინიათ?
მე ისეთი ადამიანი ვარ, ყურადღებას არ ვაქცევ ესეთ რამეებს. ვინმემ რომ მითხრას, აცრა კლავსო, ან აცრაში წყალიაო, „კაი, კაი”-ს ვეტყოდი ალბათ. დავაიგნორებდისავით, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის.
„მასწავლებელს კორონასი საერთოდ არ სჯეროდა. საბოლოოდ, არ აიცრა, კორონა შეხვდა და მძიმე მდგომარეობაშიც იყო“ - ანანო ჭოტაშვილი, 14 წლის, წნორი
ყველა მოქალაქე, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, ვალდებულია, რომ აიცრას, რადგან შემცირდეს კორონიანი ადამიანების რიცხვი. აცრის შიშები არ მაქვს საერთოდ, უბრალოდ ნემსის მეშინია. მარა ღირს, რა თქმა უნდა.
ჩემ ოჯახში აცრილები არიან თითქმის სუყველანი, მაგრამ სკოლაში მაგას ვერ ვიტყვით, მაგალითად, მასწავლებლებზე. ზოგი ანტივაქსერია და არ სჯერა, რომ რამეს უშველის. ბევრი იმასაც ამბობს, რომ თუ ავიცერი და მაინც შემხვდა კორონა, მერე რაღა ვქნათო. ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას იგებენ და იქიდან მოდის. ტელევიზორი, სოციალური ქსელები მაგრამ უფრო ხშირად, „ჩემმა ამ და ამ ნათესავმა თქვა რომ არ უნდა გავიკეთოთო“, იმიტომ რომ „ასე და ისე მოხდება“. ჩემზე მაგ ყველაფერს გავლენა არ ჰქონია. მეც სოციალური ქსელით ვეძებ, მაგრამ სანდო ექიმების გვერდებს გადავხედავ ხოლმე. ვინმემ რომ მითხრას, რომ ვაქცინა მავნებელია, ავუხსნი ყველაფერს, რაც ჩემთვისაა ცნობილი. მასწავლებელთან მქონია ეგეთი შემთხვევა, ბოლოს გაჩუმდა და გვისმენდა ბავშვებს, მაგრამ არაფერი არ უთქვამს, კორონასი საერთოდ არ სჯეროდა. საბოლოოდ, არ აიცრა, კორონა შეხვდა და მძიმე მდგომარეობაშიც იყო. მაგრამ არა მგონია, რომ აზრი შეიცვალა, სხვა რამეს დააბრალებდა.
აი, ჩემ პაპა-ბებიას, მაგალითად, შეხვდათ კორონა, მაგრამ ერთ თვეში აპირებენ კიდევ ერთხელ აცრას. მე ვკითხულობდი, რომ სხვა ქვეყნებში 6 წლის ასაკიდანაც კი იცრებოდნენ და სულ მაინტერესებდა, საქართველოში 16-18-დან რატომ იყო მარტო. ჩემ ოჯახში მე ვარ უფროსი შვილი და მიხარია, რომ ავიცრები.
„პირსინგზე იმხელა ნემსს გავუძელი და ახლა ეს რა უნდა იყოს?“ - ელენე კუნჭულია, 14 წლის, თბილისი
კოვიდის გამო middle school experience („საშუალო კლასების გამოცდილება” - რ.თ.) არ მქონია სერიოზული. მაგრად მინდა, მალე მორჩეს, სკოლა კი არ მევასება, მაგრამ რაღაც გამოცდილება ხომ უნდა მქონდეს მაგის, ხალხთან ლაპარაკის და ეგეთი რაღაცების. მინდა, რომ თინეიჯერული წლები არ გამიფუჭდეს, რა. კიდევ კარგი, რომ დაუშვეს [ბავშვებისთვის], თორე 16 წლის სანამ გავხდები, შეიძლება კორონაც აღარ იყოს ამასობაში.
[აცრა] ჩემი გადაწყვეტილება იყო, ძალით არავის მოვუყვანივარ აქ. ნემსის არ მეშინია, რა თქმა უნდა, პირსინგზე იმხელა ნემსს გავუძელი და ახლა ეს რა უნდა იყოს? საერთოდ, ანტივაქსერს მე არავის არ ვიცნობ ჩემხელას, ეგ უფრო დიდებში არი. ფეისბუკს იყენებენ ძირითადად და მაგიტომ არიან ანტივაქსერები, ჩვენ ფეისბუკს არც ვიყენებთ. უფრო ინსტაგრამს, ტიკ-ტოკს. ჩვენ გვსაყვედურობენ, სოციალურ ქსელებში რომ ვართ, მაგრამ თვითონ კითხულობენ რამე სისულელეს - „აი, მერე ვერ გააჩენ ბავშვებს“ და იჯერებენ ეგრევე. აცრაა რა, რა უნდა მიყოს, ძალიან ჩვეულებრივი რაღაცაა. სხვა რამეების აცრები არ არსებობს, თუ რა? აი, თავიდან ხო ის იყო, რომ აუტიზმს იწვევს ვაქცინა, მაგას ის მოყვა მერე, ყველა სხვა მითი, დაგროვდა.
„ვერ ვხედავთ ამ პატარა ვირუსს და ის თავის ბრძანებებზე გვატრიალებს“ - თინი წერეთელი, 14 წლის, თბილისი
რომ დავინახე, რომ ხალხი იცრებოდა და მერე თავისუფლად გადიოდნენ, შიშის გარეშე, ცოტა უსამართლობის განცდა მქონდა, რომ ბავშვებისთვისაც არ იყო დაშვებული. ეგრევე, რომ ვნახე პოსტი, გადავუგზავნე მამაჩემს, ჩამწერეთ და ავიცრები-მეთქი, სკოლაშიც წავალ. ერთი წელი თითქმის სახლიდან არ გავსულვარ საერთოდ და უმეტესობა ჩემი მეგობრებიც ესე იყვნენ. მე ძალიან გახსნილი და მოლაპარაკე ვიყავი და ახლა ისეთი ჩუმი გავხდი, ყველას უკვირს, რომ ხმას არ ვიღებ ხოლმე. [ლაპარაკი] დამავიწყდა თითქოს.
ვერ ვხედავთ ამ პატარა ვირუსს და ის თავის ბრძანებებზე გვატრიალებს - ეგ საშინელებაა, ჩემი აზრით. ხალხი დიდად არაფერს არ აკეთებს ამის შესაჩერებლად. ქუჩაში და მაღაზიაში პირბადე თითქმის არავის არ უკეთია, როგორც საჭიროა. ვაქცინებზეც ეგრეა, ჩემ გარშემო ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი, რომელიც თავიდანვე წავიდა და გაიკეთა ვაქცინა. არადა, არც უნდა დაფიქრდე მაგაზე, თუ გიყვარს ოდნავ მაინც თავი, უნდა გააკეთო მაგდენი, იმიტომ რომ შენც გიცავს ვაქცინა, და ჩვენ გარშემოც, თუნდაც ბებია-ბაბუები, მშობლები, არიან ადამიანები, რომლებიც რისკის ქვეშ არიან და ამ ვირუსმა შეიძლება მათი სიცოცხლე დაამთავროს ძალიან მარტივად.
როცა ზუსტი ინფორმაცია მჭირდება [კორონავირუსზე], გუგლში ვეძებ ხოლმე. საიტებსაც გააჩნია, უნდა იცოდე, რომ მართლა პროფესიონალი ექიმების გაკეთებულია. ტიკ-ტოკზეც ძალიან ბევრი ვიდეო მხვდება ხოლმე. აი, ფეისბუკზე კიდე რაღაც ერთჯერადი საიტებია გავრცელებული, და ძალიან სასაცილო კომენტარები - წყალს უშვებენო, მაგალითად. მაშინ გაიკეთე, რა მნიშვნელობა აქვს? თუ დაგიცავს, შენთვის კარგი, თუ არადა, რას დაგაკლებს? ბოლო-ბოლო, რამდენმა კაცმა გაიკეთა, სანამ ჩვენთან ჩამოვიდა ეს ვაქცინა.
დიდებთან არ ვკამათობ რატომღაც ამ თემებზე. მაინც მორიდების ამბავია და თან შეიძლება ცუდად გაგიგონ. გეტყვიან, რომ უზრდელი ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწორი ხარ.