Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 წელს ზემოთ პირებისთვის "ბუსტერი" დოზების გაკეთება საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში 16 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება აიცრას კორონავირუსის ვაქცინის "ბუსტერი" დოზით. მისი თქმით, აღარ იქნება ასაკობრივი შეზღუდვები.

"ბუსტერი" დოზა - ეს არის მესამე აცრა, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ადამიანს უტარდება.

"​ბუსტერ" დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია. ჩვენ ამ კვირაში ამას დავიწყებთ ოფიციალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, "ბუსტერი" დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, ასაკის და დაავადების სტატუსის მიხედვით", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში სპეციალური ჯგუფების "ბუსტერი" დოზებით აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ცვლილებების შეტანამდე, დამატებითი დოზის გაკეთება შეუძლიათ:

  • 50 წლის და უფროსი ასაკის პირებს (ანამნეზის გარეშე);
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს, მათ მომვლელებს და დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს (ანამნეზის გარეშე);
  • პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს (ანამნეზის გარეშე);
  • სამედიცინო პერსონალს (ანამნეზის გარეშე);
  • 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირებს, ქრონიკული დაავადებებით (ანამნეზით).

"ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ", - წერია ბრძანებაში.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 755 046 შემთხვევა. მათგან 693 129 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 10 509 ადამიანი.

XS
SM
MD
LG