საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს. დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"დღეიდან [8 ნოემბრიდან] 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე გაიკეთებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 60 წელს გადაცილებულ პირებზე მოდის. კერძოდ, გარდაცვლილთა 85 პროცენტი 60 წელს გადაცილებული პირია.
"60 წელს ზემოთ მოსახლეობა სულ გვყავს ქვეყანაში 796 ათასი და აქედან დღევანდელი რიცხვით აცრილია 276 678 (34,7%) ორჯერადად, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ამ ყველაზე მოწყვლადი ფენის არ არის აცრილი, ყველაზე ბევრი ფატალური გამოსავალი გვაქვს სწორედ ამ ასაკში", - თქვა მან.
საქართველოში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია "პფაიზერის", "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ვაქცინებით.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 755 046 შემთხვევა. მათგან 693 129 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 10 509 ადამიანი.