Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16+ და „ფაიზერი“- თუკი მშობელი არ არის თანახმა, რომ მისი შვილი აიცრას


გიორგი ხანიშვილი 17 წლისაა. ის კოვიდ-ვაქცინის, „ფაიზერის“ დამატებითი დოზების ჩამოსვლას ელოდება, რომ აცრა გაიკეთოს. 21 ივლისს გამოქვეყნებული ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა დაშვებული.

გიორგი ამბობს, რომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რა რისკს წარმოადგენს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის ვირუსით დაინფიცირება, ამიტომაც არ დასჭირვებია დიდხანს ფიქრი, დარეგისტრირდეს თუ არა აცრაზე:

„ორი ფაქტორი მუშაობს. პირველ რიგში, მყავს ოჯახის წევრი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მდგრადი და მეორე, ცხადია, პირადი კეთილდღეობა. ახლახანს ვიყავით საშიშროების ქვეშ მე და ჩემი ნაცნობი, მაგრამ საბედნიეროდ, კოვიდი არ დაგვიდასტურდა. მე მქონდა შეხება იმ ადამიანებთან, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს, მეგობრები, ნათესავები და მათ გაუჩნდათ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემები. ვიცი, რეალურად, რა საშიშროებას წარმოადგენს ეს ვირუსი და მინდა, რომ მაქსიმალურად ავარიდო თავი“.

გიორგის მსგავსად, მის მშობლებსაც სურთ, რომ მან კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს. თუმცა, გიორგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მშობლები მისი სურვილის წინააღმდეგნი იქნებოდნენ, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა ისინი ვაქცინაციის აუცილებლობაში:

„ადამიანი აიცრება თუ არა, ეს მისი უფლება და მისი გადაწყვეტილებაა. არსებობს მეცნიერული კვლევები, რომელიც მიგვანიშნებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ინფიცირებისა და ვაქცინაციის შედარებით რისკებზე, ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ ჩემი უფლება მიმეღო ვაქცინა, აუცილებლად დამეცვა“.

სალომე კიკვაძე ორი თვის წინ გახდა 17 წლის. კარგად აქვს გაცნობიერებული ინფიცირების რისკები და იცის ვაქცინაციით მიღებული სარგებლის შესახებაც. აიცრება თუ არა, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, ამ პროცესით დაინტერესებულია და ცდილობს, უკეთ შეისწავლოს მოზარდთა ვაქცინაციის საკითხები და საბოლოოდ, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს:

„მინდა, რომ უკეთ ვიყო დარწმუნებული საკუთარ თავში, ცოტა მეტი ინფორმაციის მიღებას ვცდილობ. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ვაქცინაციის ალტერნატივა არ არსებობს. ამას სხვა ქვეყნების შედეგებიც მოწმობს. ვადევნებ თვალს მსოფლიო სტატისტიკას და იქ კარგად ჩანს, როგორ არის შემცირებული, მაგალითად, მძიმე პაციენტებისა და გარდაცვლილების რიცხვი. ის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტია აცრილი, ნელ-ნელა უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ვხვდები, რომ ეს ჩვენმა ქვეყანამაც უნდა მოახერხოს ეს, რათა დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას“.

მარიტა ჭანიშვილმა წელს ჩააბარა ეროვნული გამოცდები. როგორც მოსწავლეების დიდ ნაწილს, მარიტასაც დისტანციური სწავლების რეჟიმში მოუწია სკოლის დამთავრება. ამიტომ თვლის, რომ არ უნდა გაუშვას ხელიდან შანსი და როგორც კი ქვეყანაში „ფაიზერის“ დამატებითი დოზები შემოვა, უნდა აიცრას. ამისათვის მას რამდენიმე მიზეზი აქვს:

„აცრა ჩვენ ყველას დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ და რაც მთავარია, მინდა, რომ სწავლა გავაგრძელო ნორმალურად. მინდა, უნივერსიტეტში ვიარო ისე, რომ არ ვინერვიულო ჩემი და სხვების ჯანმრთელობაზე. აცრა განსაკუთრებით ჩვენი ასაკის ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან ახლა, ნელ-ნელა ვიწყებთ დამოუკიდებელ ცხოვრებას და პანდემიის გამო იძულებულები ვართ, რომ ბევრი რამ გამოვტოვოთ, მოგზაურობა, გართობა, უნივერსიტეტში თუ სკოლაში სიარული. გარდა ამისა, ვაქცნინაცია, პირველ რიგში, იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ვაქცინის გაკეთებას სხვადასხვა დაავადებისა თუ ალერგიების გამო. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით მალე შემცირდება ახალი შემთხვევებიცა და სიკვდილიანობაც“.

რას ფიქრობენ მშობლები?

აცრით თუ არა შვილს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი? - ეს კითხვა რადიო თავისუფლებამ მშობლებსაც დაუსვა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, თვლის, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია 18 წლამდე მოზარდების აცრა. განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიაჩნიათ მათ, ქვეყანაში გავრცელებული ინდური, ე.წ. დელტა შტამი და მოზარდთა ინფიცირების მზარდი სტატისტიკა. მშობლების ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, იმასაც ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, აცრის ასაკი 12 წლამდე დაწეულიყო, ისე, როგორც ეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია დაშვებული:

„ჩემი ერთი შვილი 17 წლის არის. მეორე ახლა ხდება 16-ის. ისე ველოდებოდი რომ ამეცრა. 13-ის მყავს მესამე და ვფიქრობ, განაცხადი გავაკეთო ჯანდაცვაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იქნებ გამონაკლისი დაუშვან, სანამ ასაკს კიდევ უფრო დაწევენ. სამწუხაროდ ჩემს ირგვლივ ბევრი მეუბნება, რომ თავი შევიკავო“, - გვეუბნება თამარ გოშაძე.

„ნეტავ, მომესწრო აცრა და დროზე დაეწიათ ასაკი. ახლა ასე არ ვინერვიულებდი“, - ამბობს თათია მელაშვილი. მის 17 წლის შვილს, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

მაკა ახვლედიანი ამბობს, რომ ის აუცილებლად გაითვალისწინებდა შვილის აზრს და გადაწყვეტილებას და აუცილებლად მისცემდა მას აცრის უფლებას.

ქეთი ტომარაძე ამბობს, რომ როგორც კი „ფაიზერზე“ რეგისტრაცია გაიხსნება, აუცილებლად აცრის შვილს, რომელიც 16 წლისაა: „განსხვავებული დამოკიდებულების შემთხვევაში კატეგორიული არ ვიქნებოდი ვაქცინაციაზე, ერთობლივად ვეცდებოდით მეტის გარკვევას პლიუს მინუსებზე“.

შედარებით სკეპტიკურად არის განწყობილი მშობელთა ნაწილი. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში ბავშვის ვაქცინაციის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ: „სხვაგან რომ მყავდეს, ადეკვატურ ქვეყანაში, აუცილებლად. აქ - არა!“, - ამბობს ნათია მჟავანაძე.

„ბავშვები ვერ იქნებიან საცდელები“ - ასე ფიქრობს კიდევ ერთი მშობელი, რომელიც თვლის, რომ „ვაქცინა ჯერ მზად არ არის“.

თუკი მშობელი არ არის თანახმა, რომ მისი შვილი აიცრას

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, თუკი 16 წლის მოზარდს არ ექნება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ის ვაქცინაციას ვერ ჩაიტარებს.

საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ განსაზღვრავს ურთიერთობებს ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამ კანონის თანახმად, არასრულწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის ჩატარება დასაშვებია პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით.

თუმცა, მაგალითად, კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“, არსებობს გამონაკლისი, როდესაც 14-18 წლის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, თუ მან სამედიცინო მომსახურების გამწევს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით.

ანა არგანაშვილი, ბავშთა უფლებების დამცველი ამბობს, რომ ეს ის საკითხია, რაზეც, სავარაუდოდ, სასამართლოს და ადმინისტრაციულ ორგანოებს მსჯელობა მოუწევთ და კარგი იქნება, თუკი ამისთვის წინასწარ იქნებიან მომზადებულნი:

„ჩემი თვალსაზრისით, თუკი სამეცნიერო მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ მოზარდის კოვიდ-ვაქცინაცია ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს, მაშინ, შესაძლებელია, რომ უარი მშობლის მხრიდან, შეფასდეს, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დარღვევა, თუმცა, ამ საკითხზე, უნდა იმსჯელოს სასამართლომ. ძალიან ბევრი ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი, პირველი, როდესაც მშობელი ამბობს ვაქცინაციაზე უარს, ეს ინფორმირებული უარია, თუ მას უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს. მეორე, რაზეც ის ამბობს უარს, ეს არის სამეცნიერო მტკიცებულებებით დასაბუთებული, რომ ნამდვილად ბავშვის საუკეთესო ინტერესია თუ არ არის დასაბუთებული. მესამე, როდესაც მშობელი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ხომ არ არსებობს რაიმე რისკები ბავშვის სპეციფიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მეოთხე, ხომ არ დგას დღის წესრიგში რაიმე რელიგიური შეხედულებები და ა.შ. ანუ, ე.წ. ბლანკეტური, საყოველთაო მიდგომა, აქ არ გამოდგება. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა, რომ მშობელს არ უნდა აცრა და ამიტომ, აპრიორი, ე.ი. ბავშვსაც არ უნდა, ამის თქმა, მე ძალიან გამიჭირდება, რადგან ეს იქნება სამსჯელო საკითხი“.

ამ კონტექტსში ანა არგანაშვილს მოჰყავს ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ აპრილში მიიღო და რომლის თანახმადაც, სასამართლომ განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკას არ დაურღვევია კანონი პირადი ცხოვრების შესახებ, როდესაც მშობლები დაავალდებულა, შვილები სავალდებულო ვაქცინაციით აეცრათ. სასამართლომ განმარტა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მოქმედებდა ჯანმრთელობის დაცვის კანონიერი მიზნებით და ამასთანავე, იცავდა სხვა ადამიანების უფლებებსაც, რადგან ვაქცინაცია იცავს როგორც თავად აცრილთა ჯანმრთელობას, ისე იმ ადამიანების ჯანმრთელობის უფლებას, რომლებსაც სხვადასხვა სამედიცინო ჩვენების გამო, არ შეუძლიათ ვაქცინაცია და ამიტომ დამოკიდებულნი არიან კოლექტიურ იმუნიტეტზე.

ირმა გელაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ 16-17 წლის მოზარდებს, რომლებსაც არ ექნებათ ვაქცინაციაზე მშობლების თანხმობა, სამედიცინო დაწესებულება აცრაზე უარს ეტყვის, თუმცა, მისივე თქმით, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება, რომ მოზარდმა თავად მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას, რაკიღა ბავშთა უფლებების კოდექსის მიხედვით, ბავშვის აზრი მოსმენილი უნდა იყოს ჯანდაცვის მომსახურების კუთხით:

„აცრა რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდეს, ამ შემთხვევაში, მშობლის თანხმობის გარეშეც იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება. მაგრამ რაკი ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ბავშვს დასჭირდება მშობლის თანხმობა. თუმცა, თუკი მოზარდი ჩათვლის, რომ აცრა მისი საუკეთესო ინტერესებია, მაშინ მას სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება. სამედიცინო დაწესებულება ამ გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე ვერ აიღებს, რადგან აცრა არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“.

ამ დროისთვის, საქართველოში „ფაიზერის" ვაქცინაზე რეგისტრაცია შეჩერებულია. ხელისუფლების დაპირების თანახმად, „ფაიზერის“ დამატებითი დოზები, რითაც 16 წლიდან ზევით მოქალაქეებს მიეცემათ აცრის საშუალება, ქვეყანაში უახლოეს დღეებში შემოვა.

„ფაიზერის“ უკანასკნელი 28 000 დოზა ვაქცინა საქართველომ 13 ივლისს მიიღო. მთავრობის მტკიცებით, ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა შემოდგომამდე მილიონ დოზა „ფაიზერს“ მიიღებს.

XS
SM
MD
LG