Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალყაშემორტყმული აქცია ცხინვალში. ადამიანის უფლებები ოკუპირებულ რეგიონში


აქციის მონაწილეები ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ღამეებს ათენებენ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ღამეებს ათენებენ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ.

ერთი კვირაა, ცხინვალში უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოში ძალოვანების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ნათესავების მიერ არის ორგანიზებული.

აქციის მონაწილეები ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ღამეებს ათენებენ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ არ შლიან, მაგრამ ალყაში ჰყავთ მოქცეული და მათთან მიმსვლელ პირებს პრობლემებს უქმნიან. იმ ცხინვალელებს, რომლებიც ჯაბიევის ოჯახთან სოლიდარობის გამოსახატავად მიდიან, მილიციელები ჩხრეკენ და მათ პროდუქტებისა და სხვადასხვა ნივთების შეტანას უკრძალავენ. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ცენტრალურ მოედანზე მისასვლელი სამანქანო გზებიც კი გადაკეტეს და მძღოლებსაც პრობლემები შეუქმნეს. ინალ ჯაბიევის ცოლმა და ნათესავებმა ცხინვალის ცენტრში აქციის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს. ამ დასკვნაში წერია, რომ ჯაბიევი ცემისა და წამების შედეგად კი არა, ნარკოტიკული ნივთიერებების შეწყვეტის შედეგად დაიღუპა. მოკლულის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

ოსური მედიის ცნობით, გარდაცვლილის ქვრივმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციასაც მიმართა, რადგან ჯაბიევი პარალელურად რუსეთის მოქალაქეც იყო. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, რომელიც სოლიდარობის გამოსახატავად ჯაბიევის ოჯახთან ყოველდღიურად მიდის, გვეუბნება, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილის სახელის დისკრედიტაციით არიან დაკავებული, ოჯახსაც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებენ.

„ქუჩები გადაკეტეს და მაქსიმალურად ცდილობენ ხალხს გზა ჩაუკეტონ, რომ აქციაზე არ მივიდნენ. გარშემო უფრო მეტი ომონელი და მილიციელი დგას, ვიდრე აქციის ხალხი. ყველას აკვირდებიან, ჩხრეკენ, ფოტოებს უღებენ. მიმსვლელებს ცხელი სასმელების შეტანას უკრძალავენ. ახლომდებარე მაღაზიებიც კი გააფრთხილეს, რომ ცხელი ყავა არ გაყიდონ აქციის მონაწილეებისთვის. ამბობენ, რომ ხელმძღვანელობისგან ბრძანება აქვთ, მაგრამ წერილობითი ბრძანება არავის წარმოუდგენია. დღეს ათი დეკემბერია, ადამიანის უფლებათა დაცვის დღე. სამხრეთ ოსეთიც რამდენიმე წლის წინ მიუერთდა ამ დეკლარაციას, მაგრამ ვის ახსოვს აქ ადამიანის უფლებები. ადამიანი მოკლეს და მისი სახელის შეურაცხყოფის გარდა ახლა მის ოჯახის წევრებსაც გაყინვისთვის იმეტებენ, ტენტის გადახურვა უნდოდათ და ისიც ჩამოუგლიჯეს, კარავზე და შეშაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. გამოძიება ისე მიჰყავთ, როგორც თვითონ უნდათ. სად უნდა იპოვონ ამ ადამიანებმა სამართალი?“

წინააღმდეგობის მიუხედავად, მეზობელი სახლებიდან აქციის მონაწილეებთან თბილი პლედების, ცხელი წყლისა და ცოტაოდენი საკვების შეტანას მაინც ახერხებენ. დაღუპულის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, საფრთხის მიუხედავად მასთან მისულ ადამიანებს მიმართა. ეს მიმართვა რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა:

„ჩვენ გავაგრძელებთ აქ დგომას, მე სიცოცხლესაც გავწირავ. მე აქ ვიდგები სიმართლის დასაცავად და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენ გვერდით დადგა და გაიზიარა ჩვენი ტკივილი“.

„სიცივის მიუხედავად, ხალხი მაინც მოდის“, -ამბობს ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.

„ბევრი ამბობს, რომ 50 ადამიანი - ეს არ არის კრიტიკული მასა, რომელმაც შეიძლება რამე შეცვალოს, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს არის გზავნილი ჯაბიევის ოჯახის მხარდასაჭერად. ასევეა მდუმარე პროტესტი და ის, რომ არავის სჯერა ობიექტური გამოძიების, არავის სჯერა ხელისუფლების არც ერთი სიტყვის, რომელსაც ის მედიის საშუალებით ავრცელებს. აი , ეს არის საშინელება. ასეთი ცხოვრება აქვს საზოგადოებას, სადღაც რაღაცა ხდება, რაღაც პროცესები მიდის და განსხვავებული ცხოვრება აქვს ხელისუფლებას, რომელიც მოწყვეტილია ამ პროცესებისგან და არაფერი ესმის. თუ ოფიციალურ მედიას შევხედავთ, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა - რაღაცა შენდება, რაღაცა იხსნება და ასე შემდეგ - და ჩვენ, პატარა საზოგადოება, ვცხოვრობთ ორ პარალელურ სამყაროში და ამის გამო კარგად არ ვართ, იმიტომ რომ, შენ, როგორც მოქალაქე, აქ არაფერს ნიშნავ, შენ ნული ხარ და არავის აინტერესებ. ეს არის სასოწარკვეთის გრძნობა და ეს სასოწარკვეთა მე ამ მოედანზე დავინახე“.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ კიდევ ერთხელ მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მოწოდებით დააბრუნოს პოლიტიკური ვითარება კანონის ფარგლებში და გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც წერია:

კორონავირუსის პანდემიის თანხლებით, სახელმწიფო-პოლიტიკური კრიზისი პირდაპირ შეიცავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის საფრთხეს და დარტყმის ქვეშ აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ნდობის დაკარგვა კანონის, სამართლიანობისა და ხელისუფლების მიმართ არის კატალიზატორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური არასტაბილურობის, რაც აუცილებლად გადაიზრდება საპროტესტო აქციებსა და სახალხო მღელვარებაში. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სამართლიანობის განცდა დაეხმარა ჩვენს ხალხს მოეპოვებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ერთი კვირის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ხელისუფლებიდან არავინ შეხვედრია, მათთან მხოლოდ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ფუხაევი მივიდა. მან აქციის დაშლა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სანქციებით დაიმუქრა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, ოჯახს სურვილი აქვს, რომ საკუთარი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გააგონოს და მათგანაც მიიღოს მხარდაჭერა, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ აცხადებენ, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება მათ მაშინვე უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადებს და სოციალური ქსელებით მათ დისკრედიტაციას დაიწყებს. პროპაგანდამ კი ასეთი დეზინფორმაციული კამპანია უკვე დაიწყო იმ პოლიტიკოსების მისამართით, ვინც ოჯახის მიმართ სოლიდარულია და დე ფაქტო პარლამენტის ბოიკოტის ერთგული რჩება. ტროლები და ბოტები მათ „პროქართულ“ პოლიტიკოსებს უწოდებენ, რაც ცხინვალში „მტერთან“ თანამშრომლობას გულისხმობს. მათ ბრალს იმაშიც სდებენ, რომ ცხინვალის მოედანზე გადაღებულ ვიდეომასალებს ქართულ მედიას აწვდიან.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ამ დრომდე მოითხოვს ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა.

გასული კვრის ბოლოს, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქცია სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG