აქციის ორგანიზატორები არიან ცხინვალელი მილიციელების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები. მოედანზე ჯაბიევის ცოლი და ახლო ნათესავები, 3 დღეა, იკრიბებიან და მათი მოთხოვნები უცვლელია: ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიანი გამოძიება და იმ პირთა უმკაცრესად დასჯა, ვინც ამ დანაშაულის შემსრულებელი და თანამონაწილეა. ჯაბიევის ნათესავები ღამეებს თეატრალურ მოედანზე ათენებენ. მათ ადგილობრივი მილიციელები მუდმივად მეთვალყურეობენ და მოედანზე არც კარავს აშლევინებენ და არც შეშის შეტანის უფლებას აძლევენ, რაც ხშირად სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების გამო დაღუპულის ძმის ძებნაც გამოაცხადეს. დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ ძებნილად გამოაცხადა აცამაზ ჯაბიევი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. აცამაზ ჯაბიევი სამი თვის წინ დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ტყუპისცალია.
დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, "დაწყებულია შემოწმება აცამაზ ჯაბიევის მიმართ, რომელმაც 11 ნოემბერს ცხინვალის პროკურატურის შენობაში უცენზურო ფრაზებით შეურაცხყო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო 4 დეკემბერს ხელისუფლებას შეურაცხყოფას საჯაროდ აყენებდა ცხინვალის თეატრალურ მოედანზე". დე ფაქტო პროკურატურისავე ცნობით, აცამაზ ჯაბიევი სამართალდამცავებს მიემალა.
ცხინვალში საპროტესტო აქციები თავდაპირველად ინალ ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, წამოიწყო. მან სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით ტრანსპარანტი ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის საელჩოს წინ, მარტომ გაშალა და განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა დამნაშავეების დაცვით არის დაკავებული ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს. ჯაბიევი, პარალელურად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც იყო, ამიტომ მისი ცოლი რუსეთის საელჩოსაც სთხოვს დაინტერესდეს მკვლელობის საქმის გამოძიებით. სოტიევამ ოსურ საზოგადოებას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გვერდში დგომისა და აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ცხინვალელებს მან სოციალური ქსელით მიმართა. მისი თქმით, სამართალდამცავები მისი ქმრის სახელს შეურაცხყოფენ და დამნაშავეებს იცავენ:
„გენერალურ პროკურატურას საქმე ისე მიჰყავს, რომ ინალის სახელი ყველაზე ნეგატიური კუთხით წარმოაჩინოს. პროკურატურამ წარმოგვიდგინა ექსპერტიზის გაუგებარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამტკიცებენ, რომ ინალი ცემისა და წამების გამო კი არ დაიღუპა, არამედ ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის გამო. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ჩვენ არ გვიტოვებს არჩევანს, არ გვიტოვებს სამართლიანობის იმედს. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ დავიწყოთ უწყვეტი საპროტესტო აქციები, კანონით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით“.
ჯაბიევის ნათესავები ყველაზე მეტად ექსპერტიზის დასკვნით არიან აღშფოთებული. ამ დასკვნის მიხედვით, ჯაბიევი ცემისგან მიყენებული დაზიანებებით კი არა, ნარკოტიკული ნივთიერების შეწყვეტის გამო დაიღუპა. ოჯახის ნათესავი, ირმა ქელეხსაევა, რომელიც აქციებზე იმყოფება, პროექტ „ეხო კავკასაზთან“ ამბობს, რომ ოჯახი იძულებული გახდა ქუჩაში გასულიყო, რადგან გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს და, ამასთან, ინალის სახელის დისკრედიტაციაც ხდება.
ჯაბიევის ნათესავების მიერ მოწყობილ აქციებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ყოველდღიურად მიდიან და ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მოწოდებით დააბრუნოს პოლიტიკური ვითარება კანონის ფარგლებში და გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც წერია:
„კორონავირუსის პანდემიის თანხლებით, სახელმწიფო-პოლიტიკური კრიზისი პირდაპირ შეიცავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის საფრთხეს და დარტყმის ქვეშ აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ნდობის დაკარგვა კანონის, სამართლიანობის და ხელისუფლების მიმართ არის კატალიზატორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური არასტაბილურობის, რაც აუცილებლად გადაიზრდება საპროტესტო აქციებსა და სახალხო მღელვარებაში. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სამართლიანობის განცდა დაეხმარა ჩვენს ხალხს მოეპოვებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის განცხადებაში.
ცხინვალში მიმდინარე პროცესებს თბილისიდან თვალს ადევნებს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი. მისი თქმით, სოციალური პრობლემები და უსამართლობის განცდა ადგილობრივ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობას ზრდის და ამის გამო ცხინვალელები სოლიდარობას გამოხატავენ ჯაბიევის ოჯახის მიმართ.
30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.
ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი „მილიციის“ რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ამ დრომდე მოითხოვს ე.წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა.
გასული კვრის ბოლოს, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქცია სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.