Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 ათასით ნაკლები ტურისტი ლაგოდეხში, 12 ათასით ნაკლები სიღნაღში - შემცირებული ტურიზმი ციფრებში


ლაგოდეხის დაცული ტერიტორია
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია

​​​​​​​ზაფხულში გახსნილი შიდა ტურიზმი ნელ-ნელა კვლავ იკეტება, ადგილობრივი ვიზიტორების იმედად დარჩენილი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები კი ზარალს ითვლიან.

რეგიონში მკაცრი შეზღუდვები არ მოქმედებს, მათ შორის არ არის დაწესებული აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ კახეთში მოლოდინი ჰქონდათ, რომ შემოდგომაზე რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესის, რთვლის დროს მეტი ტურისტი ჩამოვიდოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში შიდა მოგზაურობაზე უარი, უმეტესწილად, თავად ვიზიტორებმა თქვეს.

სიყვარულის ქალაქად წოდებული სიღნაღი ტურისტებს სარესტორნო მომსახურებას, გალავნის დალაშქვრას, პარაშუტით გასეირნებას, ქალაქთან ახლოს მდებარე წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის დათვალიერებას და კიდევ სხვა მარშრუტებს სთავაზობდა, მაგრამ, ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, ბოლო ერთი თვეა, ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელია.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ქუჩებში აღარ აქვთ გამოფენილი საკუთარი ხელით დამზადებული ხალხური რეწვის ნიმუშები - თექის ნივთები, მატყლით ნაქსოვი სამოსი. 80 წელს გადაცილებული ცირა ჯამაკაშვილი თავს სწორედ საკუთარი ხელით ნაქსოვი სამოსის გაყიდვით ირჩენდა, თუმცა ახლა იძულებულია პენსია იკმაროს.

„ძალიან კარგად ვიყავით, მაგრამ რაც კორონა გაჩნდა, ყველაფერი ჩავარდა. 300 წინდა მოვქსოვე... რომ გამეყიდა, ლუკმაპურის ფული მექნებოდა, მაგრამ ახლა რა იქნება, არ ვიცი. აქ მხოლოდ მე კი არა, სხვებიც მოდიოდნენ და ვაჭრობდნენ, ახლა ყველას ერთნაირად გაგვიჭირდა“...

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა. შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდა და 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნა, მაგრამ, როგორც ირკვევა და ამას სტატისტიკაც აჩვენებს, იმ ხანებში სიღნაღში ტურისტული მიზნით ნაკლებად ჩადიოდნენ.

იმის გამო, რომ კომუნალური ხარჯების გასტუმრებასაც კი ვერ ახერხებდნენ, დაიხურა მცირე ზომის მარნები, საოჯახო ტიპის სასტუმროები და კაფეები.

სიღნაღი
სიღნაღი

სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელის, გიგა შუშტაკაშვილის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი სამსახური მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული და არც ერთი ტურისტი არ მიუღიათ. იმ დროს კი, როცა მუშაობდნენ, 350 ადგილობრივ ტურისტს გაუწიეს მომსახურება.

„აპრილიდან სექტემბრის დასაწყისამდე ჩვენი სამსახური დისტანციურად მუშაობდა. 15 სექტემბრიდან დღემდე სულ 3 ვიზიტორი გვეწვია. მართალია, აქ ქართველი ვიზიტორები ხშირად ისე ჩამოდიან, რომ ტურიზმის ცენტრს არ აკითხავენ, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ჩვენ მომსახურება გავუწიეთ 12 400 ვიზიტორს“, - ამბობს გიგა შუშტაკაშვილი.

რადიკალურადაა შეცვლილი კახეთში კიდევ ერთი პოპულარული ტურისტული მარშრუტის მონაცემები. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სულამანიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან, ოქტომბრის ჩათვლით, ლაგოდეხის ნაკრძალს 6 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც, დაახლოებით, 50 000-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ნაკრძალში წელს უცხოეთიდან ჩამოსული ვიზიტორი არ ჰყოლიათ. რაც შეეხება ზარალს ციფრებში, გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ ამ რაოდენობის ვიზიტორები ადგილზე სხვადასხვა სახის მომსახურებაში, ჯამში, დაახლოებით, 2 მილიონ ლარს ხარჯავდნენ.

მიუხედავად ამისა, ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ აჩერებენ, რათა პანდემიის დასრულებას მომზადებული შეხვდნენ და ზარალის ანაზღაურება დროულად დაიწყონ.

„ოქტომბრის მდგომარეობით, გვყავდა 6 080 ვიზიტორი, მაშინ როცა 2019 წელს გვყავდა 56 800, ანუ მთელი 50 ათასი ვიზიტორით ნაკლებია. ძირითადად ქართველი ვიზიტორები გვყავდა. მართალია, ადგილობრივი ტურისტები ყოველ წელს სჭარბობდა, მაგრამ ისევ გასული წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, 2019-ში 14 500 უცხოელს ვუმასპინძლეთ“.

ტურიზმის სფეროს სპეციალიტებისა და ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიდრე ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო სივრცე რეგულარული გადაადგილებისთვის დახურული იქნება, საქართველოში ტურიზმის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG