Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ცენტრი: „ჩანაწერი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ“


"ადამიანის უფლებათა ცენტრი" პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ხორავას ქუჩის საქმის რამდენიმე დეტალზე, მათ შორის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ადგილზე მყოფი არასრულწლოვნების ცემის ფაქტზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტისა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, არაადეკვატურია პროკურატურის რეაგირება და გამოძიების დაწყება არა აუდიოჩანაწერის შინაარსის თაობაზე, არამედ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის ფაქტებზე:

ნესტან ლონდარიძე
ნესტან ლონდარიძე

„პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ მოხდა პირადი საუბრის ჩანაწერების გავრცელება და არავინ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა შინაარსს ატარებს ეს ჩანაწერი. სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაზეც ლაპარაკობს ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანის უფლებათა ცენტრიც და ზაზა სარალიძეც მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა დიდი გავლენა საგამოძიებო ორგანოებზე და მის მიერ ნაკარნახები ნაბიჯებით ხდებოდა საქმის გამოძიება. ეს ჩანაწერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამ კუთხით. ჩანაწერი ადასტურებს სწორედ იმას, რაზეც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით. არასრულწლოვნებზე მოხდა ზეწოლა. ჩანაწერებში სუბელიანი ლაპარაკობს, რომ ისინი სცემეს. მაგრამ დღეს არავინ ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს გარემოებები შესასწავლია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მირზა სუბელიანის ლაპარაკში იკვეთება არაერთი დანაშაული - დაჯგუფებების მიერ ადამიანების ცემა, წამება, გატაცება. ამაზე დღეს ყურადღება ნაკლებად მახვილდება და ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ პირველ რიგში უნდა დადასტურდეს ამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა. დიახ, მე ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, არ გვქონდეს ფარული ჩანაწერების ომი, მაგრამ როდესაც ასეთი ჩანაწერი უკვე გავრცელებულია, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს სათანადო რეაგირება და იმ საქმეზე, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფო დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, 14 ოქტომბერს გაავრცელა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

მირზა სუბელიანი პატიმრობაში იმყოფება ივნისის დასაწყისიდან. ის არის ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფარულ აუდიო ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო მედიასაშუალებით მის გავრცელებამდე, კერძოდ, 12 ოქტომბერს და გამოძიების საფუძველი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ-ს მიმართვა, რომ მას დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გამოქვეყნებით და შანტაჟის გზით აიძულეს ფარული ჩანაწერის გავრცელება.

XS
SM
MD
LG