ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ციხეში გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საკანში “ქართული ოცნების” დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა, და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომლის და მირზა სუბელიანთან დაახლოებული პირის, დათო ცუხიშვილის, სტუმრობისას არის გაკეთებული და მათ საუბარს მოიცავს.
„რუსთავის 2“-ის თქმით, ჩანაწერი თითქმის საათნახევრიანია და მასში ბევრ სხვადასხვა თემაზეა საუბარი, მათ შორის ხორავას საქმეზე, იმ საქმეებზე, რომელთა “დალაგებაშიც” მირზა სუბელიანი იყო ჩართული, და “ტერაბაიტობით” კომპრომატებზე, რომელიც პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს შენახული ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და რომლის გამოყენებასაც, ამ ჩანაწერის მიხედვით, ის არ აპირებს.
პრაქტიკულად ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს არის ერთგვარი სერიალი, როცა ჩვენ ვისმენთ ერთმანეთზე უფრო მძიმე ჩანაწერებს და არც ერთ ამ საქმეზე ჯერ არ გვინახავს ობიექტურად ხელშესახები ინფორმაცია, პროკურატურის მიერ გავრცელებულისულხან სალაძე
აუდიოჩანაწერზე საგამოძიებო მოქმედებები 12 ოქტომბერსვე დაიწყო მთავარ პროკურატურაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
13 ოქტომბერს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტი, რომელიც, მისი თქმით, თავად პატიმრისა და ოჯახის დაჟინებული თხოვნით შედგა.
სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ საუბრის შინაარსი, არამედ ისიც, თუ ვინ ჩაიწერა, რა საშუალებით, რის საფუძველზე და როგორ მოხდა შემდგომ მისი გავრცელება:
“ჩვენ წლების განმავლობაში გვიწევდა საუბარი წინა ხელისუფლების დროს არსებულ მანკიერ და საშიშ პრაქტიკაზე, როდესაც, ფაქტობრივად, ყველგან იწერდნენ ადამიანებს და ეს ხელისუფლება დიდი მოწიწებით საუბრობდა იმაზე, რომ ასეთი პრაქტიკა ჩაბარდა წარსულს, ასეთი რამეები აღარ ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩანაწერი მომზადდა იქ, სადაც კონკრეტული პირის უფლება უნდა იყოს დაცული.
გამოიძიებს თუ არა ვინმე, ამაზე ძალიან დაბალი მოლოდინი არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გამოძიებას სჭირდება მინიმუმ ორი ინსტიტუციის - სასამართლოსა და პროკურატურის - დამოუკიდებლობა, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენების შესახებ. ვერც პროკურატურის და ვერც სასამართლოს შემთხვევაში ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც როცა პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე გამოძიება მისულა ბოლომდე და, თუკი მისულა, კონკრეტულ პირებს შეფარდებიათ შესაბამისი სასჯელის ზომა. ამიტომაც ამ საქმისადმიც ძალიან დაბალი მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება ვინმემ გამოიძიოს.
პრაქტიკულად ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს არის ერთგვარი სერიალი, როცა ჩვენ ვისმენთ ერთმანეთზე უფრო მძიმე ჩანაწერებს და არც ერთ ამ საქმეზე ჯერ არ გვინახავს ობიექტურად ხელშესახები ინფორმაცია, პროკურატურის მიერ გავრცელებული, რომ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები შეესაბამება ან არ შეესაბამება რეალობას, იკვეთება თუ არა კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი და ა.შ.”
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ამ ტიპის ჩანაწერების გაკეთებისას ირღვევა პატიმრის ინტერესები. "მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული იმიტომ, რომ რეალურად კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, რომ მოგვაწოდოს დამატებითი რაიმე ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით."
გენერალურ პროკურატურაში 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საქმის გამოძიება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დაიწყო, თანამშრომლისა, რომელიც შანტაჟითა და ზეწოლით აიძულეს მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერები გაევრცელებინა. ამ განცხადების მიხედვით, პირს, რომელსაც მირზა სუბელიანის ჩანაწერის გავრცელებას სთხოვდნენ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.
- ვის შეეძლო დახურულ საკანში შეხვედრის ჩაწერა და შემდეგ ამ ჩანაწერის გამოტანა და გავრცელება? ან სხვა ადამიანის იძულება, რომ ის გაევრცელებინა?
- ვის ინტერესებში შედის ფარული ჩანაწერებით ბრძოლა და ადამიანის უფლებების რა პრინციპები ირღვევა ამგვარ ბრძოლის ველზე?
- რამდენად სარწმუნოდ ჩანს პროკურატურის ვერსია და იძლევა თუ არა ის სხვა ფაქტების გახსენების საშუალებას?
ამ საქმის ძირითად კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელიც როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ნაკლებ სარწმუნოა მოკლე დროში და ხელშესახები შედეგით დასრულდეს.
შინაარსი კი, როდესაც ვრცელდება ფარული ჩანაწერები, რომლის გამვრცელებელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ფარული ჩანაწერების გავრცელების რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს ჰგავს.
2012 წლის შემოდგომაზე Youtube-ზე ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას სახელით გავრცელდა 4 აუდიოჩანაწერი:
- ”კუსიანი და სანდრო ბრეგაძე კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ”;
- ”ირაკლი ღარიბაშვილი და ზურა ბიგვავა მაია ფანჯიკიძის შესახებ”;
- ”გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ”მეცხრე არხის” კონტროლის შესახებ”;
- ”ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე ”ქართული ოცნების” შესახებ“.
ამ საქმეზე 2012 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 12 მაღალჩინოსანი დააკავეს პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და არასანქცირებული მოსმენის გამო. პროკურატურის თქმით, 2012 წელს კუდ-ის თანამშრომლებმა კომპიუტერული ვირუსის საშუალებით უკანონოდ შეაღწიეს ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საზღვარგარეთ, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერსა და, ასევე, კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში. მაშინ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამბობდა, რომ “ბესარიონ სურმავა შანტაჟის გზით აიძულეს პირადად ეკისრა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ უკანონო მოსმენის საფუძველზე მოპოვებული მასალების გამოქვეყნება ინტერნეტპორტალ youtube-ზე”.
პროკურატურის ვერსიით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავასაც, რომელიც მანამ, სანამ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ატვირთავდა Youtube-ზე, ერთი დღით ადრე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა მისი დაკვეთით აუდიოჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებული ვერსია უარყო.