Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისტემა, რომელიც „ავტომატჩიკებს“ ჩეკს


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერების მიხედვით, პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს, ადა­მი­ა­ნუ­რი რესურ­სე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფროს მირზა სუბელიანს ჰყავს 50-კაციანი გასამხედროებული დაჯგუფება. სუბელიანი ამ დაჯგუფების წევრებს „ავტომატჩიკებს“ უწოდებს და ამბობს, რომ მათი შიშით ვერავინ გაბედავდა მასთან ახლოს მისვლას. რა გასამხედროებულ დაგჯუფებაზე შეიძლება იყოს საუბარი? რა ფორმით შეიძლება არსებობდეს საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირება?

ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ თავისი სურვილით ჩაჯდა ციხეში და, რომ არა მისი კეთილი ნება, ვერავინ მიეკარებოდა იმ 50 „ავტომატჩიკის“ შიშით, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ.

„ჩემი 50 კაცი მაგათ ბრდღვნად... ვერ ბედავდნენ ახლოს ჩვენთან მოსვლას. ერთი კვირა... და ვერ ბედავდნენ ახლოს მოსვლას, იმიტომ რომ იცოდნენ, რაც მოჰყვებოდა“, - ამბობს, ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი, რომელიც, მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის წლების განმავლობაში „ალაგებდა საქმეებს“: იტაცებდა მოწმეებს, სცემდა და სძალავდა სასურველ ჩვენებებს.

„ამიტომაც ვთხოვე სოზარს [სუბელიანი] ამ ბიჭებზე, დასაქმებულები იყვნენ. ეს სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია. ამხელა თემები რომ კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ…ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი”, - ამბობს, ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი.

გვყავს როგორც ოფიციალური მთავარი პროკურორი, ასევე გვყავს არაფორმალური მთავარი პროკურორი. ასევეა მირზა სუბელიანიც.
შოთა უტიაშვილი

შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის, თქმით, ეს ხალხი [„ავტომატჩიკები“] ფორმალურად დასაქმეული უნდა იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, თუმცა, ცხადია, სულ სხვა ფუნქციას ასრულებენ.

უტიაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში მართლაც მოქმედებენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, თუმცა ისინი პრინციპულად განსხვავდებიან იმ უკანონო ფორმირებებისგან, როგორებიც მრავლად იყვნენ გასული საუკუნის 90-იან წლებში საძმოებისა თუ ცალკეული საველე მეთაურების დაჯგუფებების სახით. ელიავას, ესებუას, მხედრიონის დანაყოფებს და სხვა მსგავს დაჯგუფებებს ასაზრდოებდა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, კორუფცია, უუნარობა, დღეს კი „ავტომატჩიკების“ საჭიროებას ქმნის და კვებავს არაფორმალური მმართველობა.

„როცა გაქვს არაფორმალური მმართველობა ქვეყნის სათავეში, მაშინ ეს არაფორმალური მმართველობა გადადის სახელმწიფო ვერტიკალის დაბალ რგოლებშიც. გვყავს როგორც ოფიციალური მთავარი პროკურორი, ასევე გვყავს არაფორმალური მთავარი პროკურორი. ასევეა მირზა სუბელიანიც. სახელმწიფოს თავში მდგომ არაფორმალურ მმართველს დაბალ საფეხურებზე სჭირდება სხვა არაფორმალური ტიპები. საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რომ ხელისუფლება გადაიქცევა ამ არაფორმალურ ინსტრუმენტად. სისტემაა ასეთი, ივანიშვილისთვის ეს სისტემაა მისაღები, ამიტომ არ დაშლის მას, არ წავა თავის თავის წინააღმდეგ. ეს არ არის ის სიტუაცია, როცა ვინმე არ ემორჩილება ან საკუთარი ინიციატივით მოქმედებს. ეს არის მისი აწყობილი სისტემა“, - ამბობს შოთა უტიაშვილი.

ამ საქმეების „დალაგება“, მათ შორის მოწმეების გატაცება და წამება, ამ ჯგუფის საშუალებით ხდებოდა. ხელისუფლება იყენებს ზონდერდაჯგუფებებს სხვადასხვა ფორმით.
ოთარ კახიძე

არაფორმალური შეიარაღებული ფორმირების შექმნა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულია. სს კოდექსის 223-ე მუხლის მიხედვით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დეპუტატი ოთარ კახიძეც ვარაუდობს, რომ მოწმეების გატაცებას და წამებას, რაზეც მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ჩანაწერში, მართლაც სჭირდება ორგანიზებული ფიზიკური ძალა და შეიარაღება.

გადმოწერა

„ეს რომ რეგულარულად აკეთო, საჭიროა სპეციალური, ორგანიზებული ძალა, რომელიც, ამ ჩანაწერის მიხედვით, ჰყოლია მირზა სუბელიანს. ნავთლუღის ოპერაცია, თეთრაძის საქმე, ბუნტის საქმე, ხარძიანის საქმე - ამ საქმეების „დალაგება“, მათ შორის მოწმეების გატაცება და წამება, ამ ჯგუფის საშუალებით ხდებოდა. ხელისუფლება იყენებს ზონდერდაჯგუფებებს სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს „ქართული მარში“, კორცხელში ჩაყვანილი ყოფილი სპორტსმენები, რომლებიც გამოიყენეს პოლიტიკოსებზე ანგარიშსწორებისთვის... როგორც ჩანს, უფრო რთული დავალებების შესასრულებლად, მაგალითად, იძულებითი ჩვენებების მისაღებად, სარდაფში ჩასაკეტად და რეკეტისთვის ჰყავთ გარკვეული არაფორმალური დაჯგუფებები“, - ამბობს ოთარ კახიძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების შექმნა სახიფათოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება და მართლმსაჯულების მთელი სისტემა დაინტერესებული უნდა იყოს აღნიშნული დანაშაულის გამოძიებითა და აღკვეთით, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, საქართველოში არსებული ვითარება, როცა სასამართლოსა და პროკურატურის ნდობა უკიდურესად დაბალია, ამგვარი ჯგუფების შექმნის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

„როცა სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან დამოუკიდებელი, როცა ინსტიტუტები არ ემორჩილებიან კანონს, როცა ინსტიტუტები შეიძლება ემორჩილებოდნენ კონკრეტული პირების თხოვნას, გავლენას, კავშირებს, არაფორმალური წესით გაცემულ ბრძანებებს, იქ, რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს იმის შანსი, რომ სხვა არაფორმალური დაჯგუფებები და გაერთიანებებიც შეიქმნება. სუსტია სასამართლო, სუსტია საგამოძიებო სისტემა, ამასთან, სასამართლო და გამოძიება არ არიან დამოუკიდებელი - ასეთ პირობებში ყოველთვის მოიძებნება ადგილი, სადაც არაფორმალური დაჯგუფებები ძალიან ლაღად და მშვიდად იგრძნობენ თავს. „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოქვეყნებული ჩანაწერი ავთენტურია თუ - არა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ერთგვარად ახალისებს და ხელს უწყობს არაფორმალური გაერთიანებების შექმნას“, - უთხრა სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG