Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონის" ჩაგდება - ვენეციის კომისიის ერთადერთი რჩევა და დარჩენილი პროცედურები


პროტესტი თბილისში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 15 მაისი, 2024 წელი.
პროტესტი თბილისში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 15 მაისი, 2024 წელი.

ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს გააუქმოს სამი მოსმენით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელიც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიის დასკვნას რადიკალიზაციის წამახალისებელი და დამახინჯებული უწოდა.

სადავო კანონპროექტი ვენეციის კომისიას არა მმართველმა პარტიამ, არამედ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა გადაუგზავნა, 15 აპრილს, პირველი მოსმენით დაამტკიცების შემდეგ. მას შემდეგ, იყო კიდევ ორი მოსმენა. „ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა.

„აგენტების კანონის“ ბედის საბოლოო გადაწყვეტამდე მმართველ პარტიას რჩება ორი კენჭისყრა და შესაძლებლობა, რომ ამ კანონთან ერთად წერტილი დაუსვას საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკასა და მასშტაბურ პროტესტს ქვეყნის შიგნით. თუმცა, პარტიის ოფისში გვიან საღამოს გამართული ბრიფინგი ამის მოლოდინს არ აჩენს.

„აგენტების კანონის“ ინიციატორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ სადავო კანონზე დადებულ ვეტოს დაძლევს.

რას ამბობს ვენეციის კომისია?

ვენეციის კომისია ვერ ხედავს სამი მოსმენით დამტკიცებული „აგენტების კანონის“ გაუმჯობესების შესაძლებლობას და ხელისუფლებას „მტკიცედ ურჩევს“ მის გაუქმებას.

„ფუნდამენტური ნაკლოვანებები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მიმართულებებით“; ხოლო „საბოლოოდ, ეს ზეგავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საზოგადოებრივ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“, - ვკითხულობთ 21 მაისს, გამოქვეყნებულ დასკვნაში.

„აგენტების კანონის“ სრულად გაუქმება თბილისს მანამდეც არაერთხელ ურჩიეს საერთაშორისო პარტნიორებმა. კანონის შინაარსობრივი გაუმჯობესების შესაძლებლობას თითქმის ვერავინ ხედავს. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება იყო ასევე, რომ ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

ვენეციის კომისია საქართველოში დაგეგმილ კანონს რამდენიმე ქვეყნის კანონმდებლობას ადარებს და მათ შორის არის - რუსეთიც.

„ბოლო წლებში ვენეციის კომისიამ შეაფასა უცხოეთის აგენტების კანონმდებლობა, რომლებიც დამტკიცდა რუსეთის ფედერაციაში, უნგრეთსა და ყირგიზეთში და განიხილებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინის სრპსკაში [ეთნიკურად სერბული რეგიონი]. ამ კანონებს ბევრი საერთო აქვთ საქართველოს კანონთან“, - აღნიშნავს ვენეციის კომისია.

ტექსტში ასევე წერია, რომ კანონის სამი მოსმენით დამტკიცება მოხდა საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე და იმგვარად, რომ „არ დატოვა სივრცე ნამდვილი დისკუსიისთვის და შინაარსიანი კონსულტაციებისთვის“, რაც „არ შეესაბამება დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ სტანდარტებს“.

„გადაუდებელ მოსაზრებაში“, ვენეციის კომისია გამოხატავს სინანულს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის შეფასებებს კანონპროექტის დამტკიცებამდე - „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის მოწოდებების მიუხედავად“.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის მოვლენების შემდეგ, კვლავ ინიციირებულმა კანონმა გამოიწვია „ფართო და მძლავრი“ კრიტიკა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, რასაც თან დაერთო მასობრივი პროტესტი. ამასთან, კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.

დასკვნაში განხილულია კანონის დამტკიცების პროცედურები, ასევე - შინაარსობრივი მხარე და ძირითადად - უარყოფითად.

შენიშვნები შეეხება, მაგალითად, შემდეგ საკითხებს:

  • კანონს აკლია სიზუსტე, ძალიან ფართოდ ვრცელდება და მოქმედებისთვის ჭარბ სივრცეს უტოვებს სახელმწიფო ორგანოებსა და განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს;
  • არის საფრთხე, რომ კანონი გამოყენებულ იქნეს ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ;
  • არ არის დასაბუთებული კავშირი, მონიტორინგის ფარგლებში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, სხვა პერსონალური ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის მოთხოვნასა და კანონის მიზნებს შორის;
  • არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად“ უნდა დარეგისტრირდნენ მხოლოდ დაფინანსების ნიშნით და დასარეგისტრირებელთა პოტენციური წრე ძალიან ფართოა;
  • „უცხო ძალის“ განსაზღვრება მოიცავს ასევე სუბიექტების ფართო სპექტრს - უცხო ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებით დაწყებული და საქართველოს არამოქალაქე ფიზიკური პირებით დამთავრებული.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონი არ შეესაბამება „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ (ECHR) 4 მუხლს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და დისკრიმინაციის მიუღებლობის თაობაზე, ასევე „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის“ (ICCPR) სამ მუხლს და არ აკმაყოფილებს ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს არსებით განსხვავებებს აშშ-ში მოქმედ FARA-სა და საქართველოში დაგეგმილი კანონის შინაარსებს შორის.

ხაზგასმულია, რომ ამერიკული კანონის მიხედვით რეგისტრაციის საჭიროება არ ეყრდნობა დაფინანსების მასშტაბს და მის სამიზნეს არ წარმოადგენენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები:

„ბევრი ამერიკული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ აშშ მათ არ სთხოვს უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას“; „არაკომერციული ორგანიზაციები დარეგისტრირებულთა მხოლოდ 5%-ს შეადგენენ და ისინი უპირატესად - უცხო ქვეყნების პოლიტიკური პარტიების ფილიალები არიან“.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახულია ყველა ის შენიშვნა თუ უარყოფითი შეფასება, რომლებიც ხშირად ისმის საერთაშორისო პარტნიორების, უცხოელი თუ ადგილობრივი ექსპერტებისა და ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებში, აპრილის დასაწყისიდან - კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ.

„ქართული ოცნება“ გაჩერებას არ აპირებს

ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მალევე - „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა პარტიის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა. ის დეპუტატი 2023 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტში იმ დეპუტატების ადგილები გათავისუფლდა, ვინც შარშან ინიციირებულ „აგენტების კანონს“ არ დაუჭირეს მხარი.

ქურასბედიანმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიზებულია, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და, ამასთან, შეიცავს მრავალ მცდარ ინფორმაციას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიას „დააწერინეს“, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია“.

გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“;ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რასაც ის უნდა ემსახურებოდეს“, - ამბობს ქურასბედიანი მმართველი პარტიის სახელით.

ბრიფინგის შემდეგ უფრო მკაფიო გახდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს გაიზიაროს თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორის რეკომენდაციები.

მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ ვენეციის კომისიის დასკვნამდე გამოაცხადა, რომ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს. 20 მაისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პრეზიდენტის შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.

კანონის ამოქმედების ან ჩაგდების გზები

თუკი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რისი რესურსიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ამის შემდეგ - სამი მოსმენით დამტკიცებულ „აგენტების კანონს“ კიდევ ერთხელ უნდა უყარონ კენჭი.

სულ ცოტა, 76 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, „აგენტების კანონი“ საბოლოოდ დამტკიცდება და ძალაში შევა უკვე არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით.

მაგრამ, თუკი „ქართული ოცნება“ მაინც გადაწყვეტს, რომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და წერტილი დაუსვას „აგენტების კანონსა“ და მასთან დაკავშირებულ ხმაურს, სამართლის დოქტორი, პროფესორი კახა ურიადმყოფელი მიუთითებს რამდენიმე გზას, რომლებიც დარჩენილია კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად.

„ოცნებას“ შეუძლია:

  • არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, რის შემდეგაც „აგენტების კანონის“ მეოთხედ კენჭისყრა აღარ შედგება და, როგორც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებშია მითითებული - „აგენტების კანონი“ მხოლოდ ერთ დღეს იცოცხლებს.
  • „აგენტების კანონს“ მეოთხე კენჭისყრაზე აღარ დაუჭიროს მხარი და კანონი ჩავარდება ანალოგიურად, როგორც ეს 2023 წელს მეორე მოსმენის ეტაპზე მოხდა.

არის მესამე ვარიანტიც.

არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და არც სამი მოსმენით დამტკიცებული კანონი, პარლამენტის სხდომაზე კენჭის საყრელად აღარ გაიტანონ, - „თაროზე შემოდონ“, - ეუბნება კახა ურიადმყოფელი რადიო თავისუფლებას.

თუმცა ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ შესაძლოა ნებისმიერ დროს მიუბრუნდეს მას.

დღეის მდგომარეობით, სამი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენის ეტაპზე დააბრუნოს, როცა მასში შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი.

სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო და მას კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული“.

„სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა, სამწუხაროდ, ჯანსაღი დისკუსიისთვის“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 20 მაისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „ქართული ოცნება“ სიცრუეში დაადანაშაულა.

„პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს, მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნდებოდნენ და თავიდან ბოლომდე გაერკვიათ აღნიშნული კანონი და ისე განეხილათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით.

„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული არ გაითვალისწინა, შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. როგორც იყო ეს კანონი მიღებული, პროცედურა მოგეწონათ? ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? დალოდებოდა „ოცნება“. ეს კანონი არის რუსული და მთლიანადაა მიუღებელი. კანონი ჩაკეტა „ოცნებამ“, - უპასუხა „ოცნებას“ მსხილაძემ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG