Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ღიად დაიწყებენ მუშაობას. უწესრიგობა აღარ იქნება“ - „აგენტების კანონი“ მხოლოდ საქართველოში არ გახსენებიათ


ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა (მარცხნივ), ორ აპრილს ხელი მოაწერა კანონს "უცხოეთის წარმომადგენლების" შესახებ. დამოუკიდებელი დამკვირვებლების თანახმად, კანონი დიდწილად რუსული ანალოგის შინაარსს იმეორებს.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა (მარცხნივ), ორ აპრილს ხელი მოაწერა კანონს "უცხოეთის წარმომადგენლების" შესახებ. დამოუკიდებელი დამკვირვებლების თანახმად, კანონი დიდწილად რუსული ანალოგის შინაარსს იმეორებს.

საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ბოლო ხანებში განიხილებოდა კანონი, რომელიც დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლად შერაცხავს.

აქედან ერთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და სულ მალე გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება.

მეორე კი, ყირგიზეთი, ერთ დროს რეგიონის „დემოკრატიის კუნძულად“ იყო მიჩნეული, ახლა კი მზარდი ავტორიტარიზმით ხასიათდება.

რთული შემთხვევა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მარტივად არასდროს არაფერი ყოფილა. 90-იანების პირველ ნახევარში, იუგოსლავიის დაშლას ამჟამინდელი ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე სასტიკი კონფლიქტი მოჰყვა ეთნო-რელიგიურ ნიადაგზე, რომელსაც 100 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონფლიქტს წერტილი 1995 წლის დეიტონის შეთანხმებით დაესვა - აშშ-ში ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, იუგოსლავიის ნამსხვრევებზე ახალი სახელმწიფო, ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიქმნა, რომელიც სამ ძირითად ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს - მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკე ხორვატებს.

მათი ინტერესების დასაბალანსებლად, ბოსნია-ჰერცეგოვინა კონფედერაციული მოწყობისაა - ქვეყანა დაყოფილია, ერთი მხრივ, ძირითადად ბოსნიელებით და ხორვატებით დასახლებულ ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციად და, მეორე მხრივ, სერბთა რესპუბლიკად, სადაც, როგორც სახელიდანვე გამომდინარეობს, ეთნიკურად სერბები ჭარბობენ.

ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციასა და სერბთა რესპუბლიკას საკუთარი მთავრობები ჰყავთ, ფართო ავტონომიით. ისე, რომ მათ ხარჯზე, მთლიანი ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავრობის ძალაუფლება საკმაოდ შეზღუდულია.

„აგენტების კანონის“ ბოსნიური ვარიანტის ინიციატივა სერბთა რესპუბლიკის - რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტს, მილორად დოდიკს ეკუთვნის.

ბალკანური ცარცის წრე

მილორად დოდიკი ცნობილია სეპარატისტული განწყობებით და პრორუსული პოზიციით.

დეიტონის შეთანხმების ეჭვქვეშ დაყენების გამო, ის ამერიკული და ბრიტანული სანქციების სიაშიც მოხვდა - დასავლური ქვეყნები უკმაყოფილოები არიან დოდიკის მინიშნებებით იმაზე, რომ სერბთა რესპუბლიკა ბოსნია-ჰერცეგოვინას უნდა გამოეყოს. თუმცა, ჯერჯერობით, დოდიკის სეპარატიზმი რიტორიკას არ გასცდენია და სერბთა რესპუბლიკას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ამასთან, მილორად დოდიკი ერთ-ერთია იმ იშვიათ ევროპელ ლიდერთაგან, ვინც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვლადიმირ პუტინს შეხვდა - 2024 წლის 21 თებერვალს, ყაზანში გამართული აუდიენციის შემდეგ, დოდიკმა პუტინისგან ალექსანდრე ნეველის ორდენი მიიღო რუსეთსა და სერბთა რესპუბლიკას შორის „პარტნიორობის გაძლიერებისთვის“. წინა დღით კი მილორად დოდიკი ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკასაც შეხვდა.

მილორად დოდიკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, ყაზანი, 2024 წლის 21 თებერვალი
მილორად დოდიკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, ყაზანი, 2024 წლის 21 თებერვალი

პარალელურად, ბოსნია-ჰერცეგოვინა ევროკავშირში შესვლას ესწრაფვის. 2022 წლის ბოლოს ქვეყანამ ბრიუსელისგან წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს „აგენტების კანონს“ ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციის გზაზე?

ევროკავშირი უკმაყოფილებას არ მალავს.

“კანონპროექტი უცხოეთის აგენტების შესახებ უკან გადადგმული ნაბიჯია როგორც ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით, ისევე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და, შესაბამისად, ის უკან უნდა გაიწვიონ“, - თქვა 2023 წლის 22 ნოემბერს ევროკავშირის ელჩმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, იოჰან ზატლერმა.

სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა კანონპროექტის სამუშაო ვერსია ამ განცხადებამდე ორი თვით ადრე, 2023 წლის 28 სექტემბერს დაამტკიცა.

ევროკავშირმა იმავე დღეს გააკეთა განცხადება:

„კანონის საბოლოოდ მიღება პირდაპირ შეეწინააღმდეგება სერბთა რესპუბლიკის ლიდერების პირობას, ხელი შეუწყონ ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროპულ ინტეგრაციას, კერძოდ კი , მე-11 პრიორიტეტს სამოქალაქო საზოგადოებაზე და მე-12 პრიორიტეტს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე“.

ამას ხელი მაინც არ შეუშლია, რომ რამდენიმე თვეში, 2024 წლის 21 მარტს, ევროპულ საბჭოს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიეღო.

ამ გადაწყვეტილებიდან ზუსტად ერთ კვირაში, 28 მარტს, სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონი სერბთა რესპუბლიკის პარლამენტს გადასცა განსახილველად.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს კანონს სერბთა რესპუბლიკის პარლამენტი.

რა წერია ბოსნიურ (სერბთა) კანონში?

კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტებად“ შერაცხავს არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.

მათ დაევალებათ, ფინანსური ან სხვა სახის დახმარების მიღების შემთხვევაში, 15 დღის ვადაში ანგარიში წარუდგინონ იუსტიციის სამინისტროს, წელიწადში ერთხელ კი ამ ორგანიზაციების საქმიანობას სპეციალური ინსპექცია შეაფასებს.

კანონდარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 2500 ევრომდე, "სერბთა რესპუბლიკის მთლიანობისთვის“ საფრთხის შექმნის შემთხვევაში კი, შესაძლებელია, ორგანიზაციას საქმიანობა აეკრძალოს.

მილორად დოდიკი ამტკიცებს, რომ მისი კანონპროექტი ეფუძნება ამერიკულ კანონს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA), რომელიც უცხო ქვეყნების ლობისტების პოლიტიკურ საქმიანობას არეგულირებს.

თუმცა სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს არ ეთანხმება აშშ-ის საელჩო ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

„ეს რეპრესიული, არადემოკრატიული კანონია, რომელიც აღსრულების შემთხვევაში, დაარღვევს სერბთა რესპუბლიკაში ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს“, - ნათქვამია რადიო თავისუფლებისთვის აშშ-ის საელჩოს მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში, სადაც დასძენენ, რომ სერბთა რესპუბლიკის მთავრობა არ უნდა გაჰყვეს „რუსულ მაგალითს“.

ჩაძირული კუნძული

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ბევრგან წაიკითხავდით, რომ ყირგიზეთი შუა აზიის „დემოკრატიის კუნძული“ იყო - ავტოკრატი მეზობლებით გარშემორტყმული ქვეყანა რეგიონისთვის უჩვეულოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებითა და თავისუფალი მედიით.

თუმცა 2021 წლიდან მდგომარეობა სტაბილურად უარესდება. ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდეგ, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი, მედიის შევიწროებას შეუდგა.

სადირ ჟაპაროვი ყირგიზეთს 2020 წლიდან მართავს. მისი მმართველობა ხასიათდება მზარდი ავტორიტარიზმითა და რუსეთთან ახლო ურთიერთობით.
სადირ ჟაპაროვი ყირგიზეთს 2020 წლიდან მართავს. მისი მმართველობა ხასიათდება მზარდი ავტორიტარიზმითა და რუსეთთან ახლო ურთიერთობით.

2021 წლის ზაფხულში ყირგიზეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც დამოუკიდებელი დამკვირვებლების თანახმად, ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურებოდა.

2022 წლის ნოემბერში მთავრობამ ქვეყნიდან რუსეთში გააძევა ცნობილი ჟურნალისტი, ბოლოტ ტემიროვი, ხოლო 2023 წლის აპრილში ყირგიზეთში საქმიანობა აუკრძალა რადიო თავისუფლების ადგილობრივ სამსახურს.

2024 წლის 15 ნოემბერს, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა 11 ჟურნალისტი დააკავა, მათ შორის იყვნენ ბოლოტ ტემიროვის გამოცემის თანამშრომლები, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე ჩაატარეს გამოძიება ჟაპაროვის ვაჟის ბიზნესსა და პრეზიდენტისა და მისი ოჯახის საახალწლო ვოიაჟზე.

მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Reporters sans frontières-ის პრესის თავისუფლების ინდექსში, ყირგიზეთი 2021 წელს 79-ე ადგილს იკავებდა, ახლა კი 122-ე ადგილზეა ჩამოქვეითებული.

მეორე წრეზე

ყირგიზეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება პირველად 2016 წელს სცადეს, თუმცა მაშინ, ყველასათვის მოულოდნელად, პარლამენტმა კანონი ჩააგდო.

“ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა წუხილი. მათგან ბევრ სფეროში ვიღებთ ფინანსურ დახმარებას, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის ჩათვლით. ეს ფული გვჭირდება“, - თქვა ხმის მიცემის შემდეგ ყირგიზეთის მაშინდელი მმართველი პარტიის დეპუტატმა, ჟანარბეკ აკაევმა.

ყირგიზეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობს.

ორ აპრილს, ერთი დღით ადრე, სანამ „ქართული ოცნება“ გამოაცხადებდა, რომ „უცხოური ძალის გავლენის“ შესახებ კანონს ხელახლა წარადგენდა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მსგავს კანონს.

ყირგიზული სამართლის კლინიკის, „ადილეტისა“ და ფაქტების გადამმოწმებელი გამოცემის, Factcheck.kg-ს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ანალიზის თანახმად, ყირგიზული კანონი დიდწილად იმეორებს რუსული ანალოგის შინაარსს.

რა წერია ყირგიზულ კანონში

ყირგიზული კანონი „უცხოეთის წარმომადგენლად“ აცხადებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ქვეყნის გარედან იღებს დაფინანსებას და „პოლიტიკურ საქმიანობას“ ახორციელებს.

დინარა ოშურახუნოვა
დინარა ოშურახუნოვა

“ტერმინი „პოლიტიკური აქტივობა“ შეიძლება ყველაფერს მიუსადაგონ - იქნება ეს კვლევა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა თუ ისეთი მოქმედებები, რომლებიც დაცულია კონსტიტუციური უფლებებით. ჩემი ორგანიზაცია მოქალაქეებს ასწავლის, როგორ მიმართონ კანონმდებლებს, ესეც პოლიტიკური აქტივობა გამოდის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ყირგიზმა უფლებადამცველმა დინარა ოშურახუნოვამ.

რუსული კანონის მსგავსად, მათ მოუწევთ, დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში და რასაც გამოაქვეყნებენ, ყველაფერს დააწერონ, რომ „უცხოეთის წარმომადგენლის" ან უცხოელი დამფინანსებლის ინტერესის გამტარებლის მომზადებულია.

გარდა ამისა, „უცხოეთის წარმომადგენლის“ იარლიყიანი ორგანიზაციები ვალდებულნი იქნებიან, კვარტალში ერთხელ მთავრობას წარუდგინონ ანგარიში უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების შესახებ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი კი იმასაც შეძლებს, მათ შიდა შეხვედრებს დაესწროს.

მთავრობას ასევე უფლება ექნება, სასამართლოს ნებართვის გარეშე ექვსი თვით დახუროს ორგანიზაციები, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან. ექვსი თვის შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტს, შეძლებენ თუ არა ისინი ოდესმე საქმიანობის გაგრძელებას.

“ახლა ღიად დაიწყებენ მუშაობას. უწესრიგობა აღარ იქნება“, - დაწერა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ორ აპრილს, როცა კანონს ხელი მოაწერა.

XS
SM
MD
LG