Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი შესაძლოა პარკების ევროპული ქსელის წევრი გახდეს


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, სრული რეკონსტრუქციის შემთხვევაში, შესაძლოა, ისტორიული პარკების ევროპული ქსელის (EGHN) წევრი გახდეს. ქსელი ევროპის მასშტაბით 180-მდე ისტორიულ პარკსა და ბაღს აერთიანებს. მისი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ზუგდიდში, დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი და რეკონსტრუქციის პროექტს გაეცნენ. მათ მეგზურობა გაუწიეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ისტორიული პარკების ევროპული ქსელის გამგეობის თავჯდომარის, ლანდშაფტის არქიტექტორ ჯენს სპანჯერის განცხადებით, პირველადი დათვალიერებითაც ჩანს, რომ ბაღი დიდი ისტორიის მატარებელია და დიდი პოტენციალიც აქვს.

„ხეებიდან და თვითონ სტრუქტურიდან გამომდინარე, ეტყობა, რომ ეს არის ისტორიულად მეტად მნიშვნელოვანი ბაღი. თუ ყველაფერი გაკეთდა გეგმის მიხედვით, რამდენიმე წელიწადში ეს იქნება ერთ-ერთი მშვენიერი ბაღი. ევროპის ისტორიული პარკების ასოციაცია ამ ეტაპზე აერთიანებს 180 ბაღს და იმედი გვაქვს, რომ მისი სათანადოდ აღდგენის შემდეგ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც გახდება მისი წევრი“, – განაცხადა ჯენს სპანჯერმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, უკვე დასრულდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პროექტზე მუშაობა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა, რათა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღის მთლიანი რეკონსტრუქცია დაიწყოს. ნიკოლოზ ანთიძის სიტყვებით, ეს პროექტი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაღების განვითარების პროექტებს შორის:

„აქ იგულისხმება არქეოლოგიური ძეგლების კონსერვაცია – გამოვლენა. ისტორიული ნაგებობების რესტავრაცია, ბილიკების მოწყობა და ა.შ. რაც მთავარია, დაავადებული ხეების ჩანაცვლება იმ ხეებით, რა ხეებიც აქ მანამდე ხარობდა. ჩვენთან სტუმრად არიან ევროპული ისტორიული ბაღების ქსელის წარმომადგენლები, რომელიც უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა. ის აერთიანებს მრავალ ქვეყანას, სადაც წარდგენილი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ბაღები და პარკები. ჩვენი სურვილი არის, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარსდგეს ამ ასოციაციის წევრად“.

ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით კი, უშუალოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 3-4 თვეში დაიწყება, მას შემდეგ, რაც დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდება:

„ჩვენი გათვლებით, ალბათ, წლის ბოლოსთვის უკვე დამთავრდება დოკუმენტაციის ეტაპი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ აქ, მათ ძალიან მოეწონათ ბოტანიკური ბაღი. მათ წინასწარი თანხმობა დაფინანსებაზე უკვე განაცხადეს. 3-4 თვე მაქსიმუმია, ალბათ. როგორც იცით, სარეაბილიტაციოა 25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მგონია, რომ 2017 წლის ბოლოს-2018 წლის დასაწყისში მორჩება“.

ბაღის დათვალიერების შემდეგ, შეხვედრა მერიაში გაგრძელდა, სადაც სტუმრებს, უშუალოდ, პროექტის დეტალები გააცნეს.

ისტორიული პარკების ევროპული ქსელის (EGHN) წარმომადგენლები საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა კავშირის (GALA) მოწვევით, 18-20 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, შემუშავდება მეთოდოლოგიური რჩევები.

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ამ დროისთვის სავალალო მდგომარეობაშია. განადგურებულია სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეების ნაწილი.

XS
SM
MD
LG