Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულოს სხდომები მედიისა და არასამთავრობოების გარეშე


ზუგდიდი
ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს, ბოლო სამი თვეა, სურვილის მიუხედავად, ვერ ესწრებიან ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორი. მიზეზი სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაციის უქონლობაა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე სხდომების შესახებ ინფორმაცია 8 ივნისის შემდეგ არ განახლებულა.

ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ ჟურნალისტის სოფო ხუბულავას თქმით, საკრებულოს ხუთი სხდომა მან არაინფორმირებულობის მიზეზით გამოტოვა.

„ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ საკრებულოს აპარატს და ვთხოვეთ ეცნობებინათ ჩვენთვის ან პრეს-რელიზი განეთავსებინათ ოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა 8 ივნისის შემდეგ ამ გვერდზე ინფორმაცია დღემდე არ შეცვლილა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მომდევნო საკრებულოს სხდომა აუცილებლად იქნებოდა ცნობილი, თუმცა საკრებულოს თითქმის ხუთი სხდომა ისე ჩატარდა, რომ არც ერთ ჟუნალისტს და არც ერთ არასამთავრობოს არ გაუგია“, – ამბობს ჟურნალისტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დეას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნონა ქობალიას თქმით, მისი ორგანიზაციის წარმომადგენელი სხდომას 8 ივნისის შემდეგ არ დასწრებია:

„ყოველთვის მივდივართ, ყოველთვის ესწრებიან სხდომას ჩვენი წარმომადგენლები. ახლა არც ინფორმაცია ჩანდა, არც გვირეკავდნენ. ოფიციალურად მივმართეთ და გვითხრეს, რომ სხდომა შვიდი ივნისის შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, არ ჩატარებულა. რომ დავინტერესდით, როდის არის მომდევნო სხდომა დანიშნული, არც ამაზე გაგვცეს პასუხი“, – აცხადებს ნონა ქობალია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ შონიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ მოუცლელობის გამო ვერ გაავრცელა.

„სხდომები, თავისთავად, ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება. მოგიწვევთ აუცილებლად, არ იქნება პრობლემა. ქალაქგარეთ ტრენინგებზე ვიყავი გასული და სხვას დავავალე. ეტყობა, გამორჩა პრეს-რელიზის დადება, რომ სხდომა ტარდებოდა. ეს იყო მიზეზი, მეტი სხვა არაფერი“, – გვითხრა თამარ შონიამ, რომელიც მიმდინარე წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის პიარ-მენეჯერი იყო. თამარ შონიას თქმით, საკრებულოს შემდეგი სხდომების შესახებ მედია აუცილებლად იქნება ინფორმირებული.

ცნობისთვის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ბოლოს 26 სექტემბერს ჩატარდა.
XS
SM
MD
LG