Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზღვაში დავარგებული ღვინო


2010 წლის ზაფხულში მყვინთავებმა ბალტიის ზღვაში აღმოაჩინეს დაახლოებით 1840 წელს ჩამოსხმული160-ზე მეტი ბოთლი შამპანური. აღმოჩენილი ღვინის ნახევარზე მეტი მშვენიერ მდგომარეობაში იყო. მსგავსი რამ, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით, ადრეც შეუნიშნავთ - დაღუპული გემებიდან ამოუტანიათ ღვინო, რომელიც არ იყო გაფუჭებული. გერმანელი ენოლოგის, პროფესორ ულრიხ ფიშერის თქმით, ზღვაში ჩაძირული ღვინოები ასი-ორასი წლის განმავლობაში ინახებოდა ძალზე სტაბილური ტემპერატურის პირობებში და, როგორც დეგუსტაციამ აჩვენა, ღვინის დაძველების პროცესი ერთობ შენელებული იყო.

მას მერე რამდენიმე მეღვინემ სცადა, შეგნებულად მიემართა ამ მეთოდისთვის (ცხადია, გემების ჩაძირვის გარეშე). ზოგ შემთხვევაში ბოთლებს წყალსაცავებში ათავსებდნენ, ზოგჯერ კი იმავე ბალტიის ზღვაში.

ღვინის ამ წყალქვეშა დავარგებას ყველაზე უფრო სისტემური ხასიათი აქვს აშშ-ში. ღვინის მწარმოებელი კომპანია „მირა უაინერი“ 2012 წლიდან მოკიდებული ინახავს ღვინოს ზღვაში, 18 მეტრის სიღრმეზე. ღვინოს ყოველ შემოდგომაზე უშვებენ ზღვაში და მაისში მყვინთავებს ისევ ზედაპირზე ამოაქვთ ის. კომპანიის მთავარი მეღვინე და ქიმიკოსი გუსტავო გონზალესი ამბობს, რომ ეს მეთოდი მას სწორედ ბალტიის ზღვაში გაკეთებულმა აღმოჩენამ შთააგონა.

ამერიკელი მეღვინეები მოელოდნენ, რომ, ბალტიის ზღვაში აღმოჩენილი შამპანურის მსგავსად, ისინიც ღვინის დაძველების პროცესის შენელებას მოახერხებდნენ წყალქვეშა პირობებში. მაგრამ მათი ვარაუდი არ გამართლდა. ღვინო პირიქით, უფრო სწრაფად დაძველდა, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. პროფესიონალ სომელიეთა თანახმად, 2009 წლის ღვინოს ისეთივე დავარგებული გემო ჰქონდა, როგორც 2007 წლისას. გონზალესის თქმით, ზღვაში ნახევარი წლის განმავლობაში დავარგებულ ღვინოს უფრო მეტი სისრულე ჰქონდა, ვიდრე კლასიკური მეთოდით, მარანში დავარგებულს.

ორივე ღვინო ლაბორატორიაში შეისწავლეს. ქიმიური შემადგენლობა პრაქტიკულად ერთნაირი აღმოჩნდა, ფერიც, მაგრამ გემო და სუნი საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ზღვაში დავარგებული ღვინო უფრო ხავერდოვანი და უფრო სხეულიანი იყო.

საქმე ისაა, რომ შამპანური, რომელიც ბალტიის ზღვაში იპოვეს, ზღვის ფსკერზე იმყოფებოდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. იქ, 60 მეტრის სიღრმეზე, ტემპერატურა სტაბილურად იყო 5 გრადუსი. აშშ-ში კი ღვინო სხვაგვარ პირობებში ინახებოდა. ტემპერატურა განუწყვეტლივ იცვლებოდა 8-დან 18 გრადუსამდე. თანაც გონზალესის ბოთლები უძრავად კი არ იყო ფსკერზე, არამედ ზღვის მიმოქცევა მათ განუწყვეტლივ ამოძრავებდა.

გონზალესს არ ჰგონია, რომ მომავალში მისი კოლეგები ღვინის შესანახად ზღვებს დაიპყრობენ. მაგრამ ამ ექსპერიმენტმა შესაძლოა სხვაგვარად მოუტანოს სარგებელი მეღვინეობას: „შესაძლოა აღმოვაჩინოთ რაღაც, რაც ხმელეთზეც, ჩვეულებრივ, ტრადიციულ პირობებშიც, გახდის შესაძლებელს ღვინის დავარგების პროცესის დაჩქარებას. მრავალ ადამიანს სურს, საყვარელი ღვინო უფრო სწრაფად მოიხმაროს და არ დაელოდოს მისი დავარგების ხანგრძლივ პროცესს“.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG