Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა


რუბრიკა „გალილეო“ გაგაცნობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და „იუნისეფის“ ერთობლივ ანგარიშს, რომელიც სანიტარიის და სასმელი წყლის მდგომარეობას აჯამებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და „იუნისეფის“ წელს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 62 პროცენტს მიუწვდება ხელი გაუმჯობესებულ სანიტარულ კვანძზე, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ისეთ ტუალეტზე, სადაც დეფეკაციის პროცესი ჰიგიენური ნორმების დაცვით ხდება. დღეს დაახლოებით მილიარდი ადამიანისთვის ღია დეფეკაცია ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენაა.

ღია დეფეკაცია არ ნიშნავს ე.წ. ჩეჩმის, ან ფეხსალაგის ხმარებას. ტერმინი ფეკალური მასების გამოყოფას უშუალოდ ბუნებაში გულისხმობს. ამ დროს იზრდება ადამიანის ფეკალურ მასებთან შეხების ალბათობა, რაც ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეების შემცველია და შესაძლოა მომაკვდინებელი დაავადებების გავრცელებასაც შეუწყოს ხელი. ღია დეფეკაციის პირობებში იზრდება ქოლერის, დიზინტერიის, A ტიპის ჰეპატიტის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა მრავალი დაავადების რისკი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და „იუნისეფის“ ანგარიშის მიხედვით, ღია დეფეკაციის მონაცემი ყველაზე მაღალია ინდოეთში, სადაც აღნიშნულ პრაქტიკას 597 მილიონი ადამიანი მიმართავს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? აქვე უნდა გითხრათ, რომ არც ისე სახარბიელო.

საქართველოს სოფლის მოსახლეობისთვის ბოლო 10 წლის მანძილზე მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა და მოსახლეობის 2 პროცენტი, ანუ უხეში გაანგარიშებით, საშუალოდ 70-80 ათასი ადამიანი, ისევ ღია დეფეკაციის პრაქტიკას მიმართავს. ამჯერად დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებისგან თავს შევიკავებთ და საქართველოს 2-პროცენტიან მონაცემს მხოლოდ რეგიონში, მეზობელი ქვეყნების სოფლის მოსახლეობის მაჩვენებლებს შევადარებთ. აზერბაიჯანში ღია დეფეკაციის პრაქტიკას სოფლის მოსახლეობის 0.60 პროცენტი იყენებს; სომხეთში 0. რუსეთში ეს მონაცემი 0.90-ს უდრის და თურქეთში - 0.80-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მათზე სულ მცირე, ორჯერ უარეს მდგომარეობაშია.

ელემენტარულ, სანიტარულ ტუალეტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილება და უფლებაა და ეს მისი ჯანმრთელობის და ღირსების შენარჩუნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის პირობას წარმოადგენს. გაეროს მონაცემებით, იმ ქვეყნებს, რომელთაც ღია დეფეკაციის ყველაზე მაღალი მონაცემი აქვთ, ასევე ყველაზე მაღალი აქვთ მალნუტრიციის და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, სიღარიბის თუ სიღარიბეს და სიმდიდრეს შორის კონტრასტის მონაცემი. ამ ქვეყნებს სერიოზული გენდერული პრობლემებიც ახასიათებს. უსაფრთხო, სანიტარული და დაცული, პირადი ტუალეტების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში, როგორც წესი მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელიც.

XS
SM
MD
LG