Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურორისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კვირა


საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე
საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე
გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა საქართველოს მთავარი პროკურორის წარსულს უკავშირდება. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში - კერძოდ, ბავარიაში - ქალაქ აუგსბურგის სასამართლომ 2001 წელს გაასამართლა გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249–ე და 252–ე მუხლებით, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით და ის წელიწადი და სამი თვე იხდიდა სასჯელს, თავდაპირველად დედაქალაქის უფლებაშეჩერებულმა მერმა 23 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა. გიგი უგულავამ იქვე აღნიშნა, რომ დამატებითი სასჯელის სახით ოთარ ფარცხალაძეს გერმანიის სასამართლომ განუსაზღვრა ”პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა” და რომ ”დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე”.

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ხელისუფლებას სასწრაფო და ადეკვატური რეაგირებისკენ მთელი კვირის განმავლობაში მოუწოდებდნენ, როგორც ეს, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა:

”ყაჩაღობა და ქურდობა მიეკუთვნება ძალიან მძიმე დანაშაულის კატეგორიას. ეს არ არის შემთხვევითი დანაშაული, რომელიც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, მაგალითად - ავტოავარია. ეს არის მძიმე დანაშაული, რომლის ჩამდენსაც არავითარი პოლიტიკური, სამართლებრივი და, გნებავთ, მორალური უფლება არა აქვს იყოს მთავარი პროკურორის პოსტზე”.

ეჭვებსა და ვარაუდებში სიცხადე ვერც თავად მთავარი პროკურორის ერთგვარმა აღიარებამ შეიტანა. განცხადებაში, რომელიც მან 24 დეკემბერს გამოაქვეყნა, ნათქვამია:

”2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია” .

24 დეკემბერს გამოქვეყნებულ ამ განცხადებაში ოთარ ფარცხალაძე არაფერს ამბობს იმის შესახებ, დააკისრა თუ არა და რა ტიპის სასჯელი დააკისრა მას სასამართლომ. სამაგიეროდ, აღნიშნავს, რომ ოპონენტებმა მის წინააღმდეგ ”ბინძური პოლიტიკური კამპანია” ააგორეს, რაც რეზონანსული საქმეების გააქტიურებული გამოძიების გამო განაწყენებით არის გამოწვეული.

თუ როგორ იქცეოდა ოთარ ფარცხალაძე ახალგაზრდობაში, უმნიშვნელოდ მიიჩნევს ”ქართული ოცნება”, რომლის არაერთმა წარმომადგენელმა - როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი სახელისუფლებო შტოდან - ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის ნასამართლობა პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ის შესანიშნავად მუშაობს და ასევე გააგრძელებს. ”ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ოთარ ფარცხალაძეზე პოლიტიკური შეტევა ხორციელდება და რომ ეს მისი შედეგიანი და აქტიური მუშაობით არის განპირობებული. კომენტარი ამ თემაზე ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც გააკეთა:

”ძალიან კარგად გვესმის, ძალიან მტკივნეულია ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისთვის, რომლებიც დღეს ბრალდებულები არიან და ამ ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ და ამიტომ ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ მთავარი პროკურორის”.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობით, 8 წლის შემდეგ სასჯელის მოხდიდან ნასამართლობა ქარწყლდება, მაგრამ, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ განმარტა, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს და თუ დადასტურდა, ოთარ ფარცხალაძეს აღარ ექნება მორალური უფლება დარჩეს მთავარი პროკურორის პოსტზე. ასეთსავე პოზიციას იკავებს არასამთავრობო სექტორის სხვა კიდევ ბევრი წარმომადგენელი.

მიმდინარე კვირაში არასამთავრობო სექტორმა საგანგებო განცხადება გაავრცელა დედაქალაქის უფლებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას მიერ გახმაურებულ ინფორმაციასთან მიმართებით. არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, რომელშიც ვხვდებით: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „სამართლიან არჩევნებს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“, მოუწოდა ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოიძიოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების მიღების დროს.

გიგი უგულავას ბრალად ედება დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენება „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. მართალია, პატიმრობა არ შეუფარდა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა, გიგი უგულავას უფლებამოსილება დაუსწრებლად, მხარეთა ზეპირი არგუმენტების მოსმენის გარეშე, 22 დეკემბერს, გვიან ღამით, შეუჩერა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს უფლება ჰქონდა ამგვარად მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ რადგანაც საზოგადოების ინტერესი დიდია და დედაქალაქის მერი არჩევითი თანამდებობაა, უმჯობესი იქნებოდა, რომ ”დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა“.

ამ საკითხს უცხოელი დიპლომატებიც გამოეხმაურნენ. როგორც აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა 23 დეკემბერს, ის იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილს იმის გამო, რომ არჩეული თანამდებობის პირს - თბილისის მერს - უფლებამოსილება შეუჩერდა.

”ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა 23 დეკემბერს და იქვე გაისმა მოწოდება ხელისუფლების მისამართით, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

26 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები უცვლელად დატოვა და, შედეგად, მერი უფლებაშეჩერებულად დარჩა. სააოპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას დაპატიმრებაზე და, შედეგად, უფლებაშეჩერებულ მერს 50 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევს.

მიმდინარე კვირაში ყურადღების ცენტრში მოექცა სამართლებრივი დევნის კიდევ ერთი შემთხვევა, რაც უკვე ბევრისთვის უკავშირდება ექს-პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტს. საუბარია მისი დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის დაკავებაზე. ეჭვი, რომ კომპანია ”გრინსერვისთან” დაკავშირებული საფინანსო დანაშაულისთვის ბრალდებული ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძე, სინამდვილეში ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარებმა გააჩინა. ”ქართული ოცნების” ოპონენტები ხშირად იხსენებენ, მაგალითად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 17 დეკემბრის კომენტარს:

”ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება... და ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დააკავა ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჟვანიას გარდაცვალების დროს“.

ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე კობა ხარშილაძე და ამავე რაიონის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე ”გრინსერვისის” საქმეზე 16 დეკემბერს დააკავეს. 18 დეკემბერს როგორც ფურცხვანიძე, ასევე ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - თითოეულს 400 000 ლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა უკვე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 24 დეკემბერს, კობა ხარშილაძე კიდევ ერთხელ დააკავეს იმ მოტივით, თითქოს მას ბილეთი ჰქონდა დაჯავშნილი და საქართველოდან გაქცევას ცდილობდა. ამ არგუმენტს აბსურდად მიიჩნევს დაცვის მხარე.

როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ ესა თუ ის პირი არა გამოცხადებულ საქმეზე, არამედ, სინამდვილეში, სულ სხვა საქმეზეა დაკავებული, სამწუხაროს უწოდებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, კომენტარებისა და შეფასებების გაკეთებისას სიფრთხილეა საჭირო - განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, ”რათა არავის გაუჩნდეს აზრი, რომ ეს არის არა სამართლებრივი დევნა, არამედ - პოლიტიკური დევნა”.

კვირის ბოლოს გარკვეულმა იმედგაცრუებამ იჩინა თავი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში. 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის 6 კანდიდატს და მათგან მხარი მხოლოდ სამს დაუჭირა. ეს კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სამეურვეო საბჭო თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს.

კენჭისყრის შედეგად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში პარლამენტმა აირჩია: ნათელა სახოკია, ექსპერტი საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და განვითარების საკითხებში - ”ქართული ოცნების” წარდგინებით; ქეთევან მსხილაძე, ჟურნალ „ტაბულას“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი – ”ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით; მარინა მუსხელიშვილი, „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ დირექტორი - სახალხო დამცველის წარდგინებით. პარლამენტმა ჩააგდო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი, იურისტი გენადი გელაძე; სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; და ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი და მედიაექსპერტი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევანის გაკეთება იმიტომ გაჭირდა, რომ კანდიდატებს შორის არ იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. როგორც, მაგალითად, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, ბევრმა მსურველმა კონკურსში მონაწილეობა ვერ მოასწრო და ახლა მათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

თუმცა რადგანაც კანონის თანახმად საზოგადოებრივი კომისიის მიერ წინასწარ შერჩეული 27-კაციანი სიიდან პარლამენტს კენჭისყრაზე 9 კანდიდატი უნდა დაეყენებინა, 6 კანდიდატის დაყენებამ უკმაყოფილო დატოვა ამ კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. მისი თქმით, პარლამენტის ქმედებაში კანონდარღვევა შეინიშნება:

„ვერ აგროვებენ ამ 27-კაციანი სიიდან 5-6 ისეთ ადამიანს, რომლებიც იქნებიან პოლიტიკურად მორჩილი და რომლებიც შეასრულებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის ყველა დაკვეთას, ეს არის მათთვის დღეს პრობლემა და ამიტომ მიდიან ისინი ამ ნაბიჯზე, რომ დაარღვიონ კანონი“.

ასეა თუ ისე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნორმალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის დაჩქარებული პროცესი შეფერხდა და გაჭიანურდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე მუშაობას პარლამენტი უკვე მომავალი წლიდან გააგრძელებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG