იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტში, ჭარბი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. 7 ივლისის გადაუღებელმა წვიმამ ვანის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. სტიქიიდან მეხუთე დღეს აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ცენტრსა და სოფელ სულორს შორის მდინარის მიერ წაღებულ გზის მონაკვეთს რეკონსტრუქცია უტარდება. უგზოობის გამო ამ დრომდე ათეულობით მოსახლეა გარესამყაროს მოწყვეტილი. იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის, განცხადებით, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის სამუშაოები გუშინ დაიწყო, როცა მდინარე სულორი კალაპოტს დაუბრუნდა.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე მოსახლეობას ჰპირდება, რომ ვანი-სულორის საავტომობილო გზა უახლოეს დღეებში აღდგება.
გზის ჩაქცეული მონაკვეთის, ხიდებისა და ხიდ-ბოგირების აღდგენასა და მიყენებული ზარალის დათვლას ასევე მოკლე დროში დაჰპირდა ადგილობრივებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც სტიქიიდან მეორე დღეს პირადად მოინახულა მდინარე სულორის ადიდების შედეგად დაზარალებული სოფლები.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის დაზიანების პარალელურად, უხვმა ნალექმა მოსახლეობას გაუნადგურა დათესილი მოსავალი, დატბორა სახლები და ეზოები და დაახრჩო შინაური პირუტყვი და ფრინველი. მოსახლეობა მდინარის ადიდებას და სტიქიას არხების გაუწმენდაობას უკავშირებს და აცხადებს, რომ სტიქიის თავიდან ასაცილებლად წლების მანძილზე არაფერი გაკეთებულა.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ადგილობრივი გამგეობები მათ ზარალს ითვლიან, თუმცა გაიცემა თუ არა კომპენსაცია და, თუ გაიცემა, რა ფორმით, ამ დრომდე ინფორმაცია არა აქვთ.