სამეგრელო-ზემო სვანეთში სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში გაწმენდითი და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სპეციალური კომისიები ითვლიან ზარალის ოდენობას და მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამასთან, მათივე ინფორმაციით, სოფლების დიდ ნაწილში უკვე დასუფთავდა საავტომობილო გზები.
სტიქიით დაზარალებულ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დღეს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონალური პროექტების კოორდინატორ დათო კოდუას განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს:
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ესენია: ქვიშა-ხრეშოვანი გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტები; ამავე დროს, მილ-ხიდებისა და წყალსაწრეტების გამოცვლა; პარალელურად მიმდინარეობს იმ ჩავარდნილი ხიდების სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება. ველოდებით დამატებით თანხებს და უშუალოდ დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს დღეებში“.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მელიორაციის გენერალურ დირექტორ ლევან დვალის სიტყვებით, მათი სამსახური სტიქიის პირველივე დღიდან ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მელიორაციის სამსახური რამდენიმე მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სათავე ნაგებობებზე ერთდროულად ატარებს სამუშაოებს:
„დასრულდა მარტვილში კონკრეტული ქუჩის გაწმენდა მეწყერისგან. ამასთან, ჩვენი სამსახურის მიერ შარშან განხორციელებულმა სადრენაჟო სამუშაოებმა მოახდინა სტიქიის პრევენცია. მაგალითად, ჭალადიდის, ვანის რაიონის ციხესულორის, ქობულეთის დამშრობმა სისტემებმა უზრუნველყვეს მოზღვავებული ნალექის შედეგად ზედმეტი წყლის გადინება“.
სოფელი მოსწყვიტა რაიონს. აქ მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობა-მეღორეობით არის დაკავებული და ტვირთი გვქონდა მოსატანი და ვერ ამოვიტანეთ...
სამეგრელოს რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, გასულ კვირაში ადიდდა მდინარეები. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა. დატბორილი იყო საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც, ჯამში, 180-მდე ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველების ნაწილი. მარტვილის პარალელურად პრობლემები შეუქმნა სტიქიამ სენაკის, აბაშისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს. აქაც დაიტბორა მოსახლეობის ეზოები და ყანები. რამდენიმე სოფელში მდინარემ წაიღო ასევე ხიდები და გზა ჩაიხერგა.
„გზა დაგვილეწა-დაგვიმტვრია, ხიდები წაიღო, ძროხა დაიხრჩო და ხალხს უჭირს“;
„50 წლის ადამიანი ვარ და ასეთი სტიქია არ მახსოვს“;
„სოფელი მოსწყვიტა რაიონს. აქ მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობა-მეღორეობით არის დაკავებული და ტვირთი გვქონდა მოსატანი და ვერ ამოვიტანეთ. ღვარცოფმა წაიღო მთლიანად გზის მონაკვეთი და მოწყვეტილი ვიყავით რაიონს“, -აცხადებენ სტიქიით დაზარალებულები ჟურნალისტებთან საუბარში.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, პრემიერ-მინისტრის განცხადებისამებრ, ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვის წესით იქნება შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მომსახურება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიიდან მეორე დღეს იმყოფებოდნენ ყველა მუნიციპალიტეტში. დაზარალებულ რეგიონებს შაბათს თავად გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობდა.