Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ანგარიში რამდენიმე დღით დაიგვიანებს


14 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ბრიუსელიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღით დაგვიანდება ევროკომისიის ანგარიში სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და ის 15 დეკემბერს აღარ გამოქვეყნდება. ამ ინფორმაციას ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკიც ადასტურებს. ევროკომისიის ანგარიშის გამოსაქვეყნებელი თარიღის შეცვლა, სავარაუდოდ, უკრაინის ფაქტორს უკავშირდება, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ეს არანაირად არ იმოქმედებს საქართველოზე. იმედისმომცემია ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების განცხადებებიც.

ბევრისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანგარიში, რომელსაც ასე ძალიან ელოდებიან საქართველოში, 15 დეკემბერს აღარ გამოქვეყნდება, მაშინ როცა ეს თარიღი არაერთხელ იქნა გამოცხადებული როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში. წინასწარი ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ცნობები ვრცელდება – ზოგიერთის თანახმად, ანგარიში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, ანუ 18 დეკემბერს, გამოქვეყნდება, ხოლო ზოგის ვარაუდით, ანგარიშის გამოქვეყნებამ შესაძლოა კიდევ უფრო დაიგვიანოს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ადასტურებს თარიღის გადაწევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და, მის ხელთ არსებული ცნობების მიხედვით, არ გამორიცხავს, რომ ევროკომისიის ანგარიში ამ კვირაში საერთოდ არ გამოქვეყნდეს და ქართველებისთვის სანატრელი მოვლენა მომავალი კვირისთვის გადაიდოს. რიკარდ იოზვიაკის წყაროები ასევე ადასტურებენ არაოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში პოზიტიური იქნება, რადგანაც საქართველომ პირნათლად შეასრულა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

იოჰანეს ჰანი
იოჰანეს ჰანი

ამის შესახებ 14 დეკემბერს არაერთი კომენტარი გაკეთდა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში. მაგალითად, ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი, საქართველოსთან ერთად, უკრაინასაც აქებდა:

„ხვალ ჩვენ გვექნება პოზიტიური ანგარიში – რეკომენდაციები საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით... მოგვიანებით ამასვე მოველი კოსოვოსთან დაკავშირებით. საუბარია (ევროკომისიის) ანგარიშზე, რომელიც, იმედია, საბოლოო იქნება. ვაპირებთ, რომ ეს ანგარიში, რეკომენდაციებთან ერთად, წარვუდგინოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლის დასაწესებლად. ახლა წევრმა ქვეყნებმა უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე და ეს პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს გასტანს, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინისა და საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული განწყობა, რომელიც 14 დეკემბერს ბრიუსელში გამოვლინდა, ძალიან დადებით მოლოდინზე მიგვანიშნებდა. ძალიან დადებითი შინაარსის კომენტარები გააკეთეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მათ შორის იყო, მაგალითად, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი:

„მჯერა, რომ ორივე ქვეყანამ დაიმსახურა ეს, რადგანაც ორივემ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია... მჯერა, რომ ევროკომისიის ანგარიში საბოლოო და დადებითი იქნება... ამ ქვეყნებისთვის ეს არის ხელშესახები იმპულსი... და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასეთი შემართებით გააგრძელებენ წინსვლას ეს ქვეყნები, რაც, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პროცესი ძალიან დადებითად წარიმართა“.

ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები ადასტურებენ იმას, რომ ანგარიში არის პოზიტიური და, შესაბამისად, 2-3 დღით მისი გამოქვეყნების გადაწევით დროში, ყოველ შემთხვევაში, ახლა, ამ ეტაპზე, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ შინაარსს, რაც არის ჩადებული დოკუმენტში...
ვანო ჩხიკვაძე

მიუხედავად იმისა, რომ 14 დეკემბერს ბრიუსელში გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები, საქართველოს მსგავსად, უკრაინასაც შეეხებოდა, არაოფიციალური ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების გადავადება სწორედ უკრაინას უკავშირდებოდა. ითქვა, რომ ბრიუსელში 16 დეკემბერს ელოდებიან პრეზიდენტ პოროშენკოს და ევროკავშირი შეეცდება სწორედ მისგან მიიღოს გარანტიები გარკვეული რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხი ტექნიკურად მიება უკრაინის საკითხს და პროცესის შეფერხებაც ამით არის განპირობებული, ანალიტიკოსები ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნების თარიღის გადაწევას დიდ პრობლემად არ მიიჩნევენ. ასე ფიქრობს, მაგალითად, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, რომელიც ორიოდე დღის წინ დაბრუნდა ბრიუსელიდან.

„ვფიქრობ, ეს არ არის ტრაგედია, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა წყარო და, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები ადასტურებენ იმას, რომ ანგარიში არის პოზიტიური და, შესაბამისად, 2-3 დღით მისი გამოქვეყნების გადაწევით დროში, ყოველ შემთხვევაში, ახლა, ამ ეტაპზე, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ შინაარსს, რაც არის ჩადებული დოკუმენტში“, – უთხრა ვანო ჩხიკვაძემ რადიო თავისუფლებას.

ევროკომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას უნდა მოჰყვეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რეალურად ისარგებლონ უვიზოდ მიმოსვლის უფლებით შენგენის ზონის ქვეყნებში. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება ჯერჯერობით მინიჭებული აქვს მხოლოდ მოლდავეთს და თუკი ამ პიონერი ქვეყნის მიერ გავლილი გზის მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობა, წესით, გაზაფხულის ბოლოსკენ უნდა შეძლონ. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა სააგენტო „როიტერსი“, გერმანულ გაზეთ „ველტზე“ დაყრდნობით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ. „ველტს“ ევროკავშირის დიპლომატმა განუცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსა და უკრაინის შესახებ დადებით ანგარიშს 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს და ამით გზას გაუხსნის ორივე ქვეყნისთვის სავიზო ვალდებულების გაუქმებას. ამავე წყაროს ცნობით, არ არის გარკვეული, როდიდან შევა ძალაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი – ივნისიდან თუ ივლისიდან. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ნახევარი წლის განმავლობაში სამი თვით შეძლებენ ევროპის კავშირის ქვეყნებში დარჩენას, თუმცა შესაბამისი ვიზების აღება კვლავაც დასჭირდებათ მუშაობისა თუ სწავლის მსურველებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG