Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირს: დროულად მოგვენიჭოს უვიზოდ მიმოსვლის უფლება


ორდღიანი მწვავე დაპირისპირებისა და ცხარე კამათის შემდეგ, 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით დაამტკიცა მიმართვა ბრიუსელისადმი, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ნებართვა. მიმართვას მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც, მხარის დასაჭერად, ტექსტში გარკვეული პუნქტის ჩამატებას ითხოვდა. დოკუმენტის დამტკიცება წინ უსწრებს ევროკომისიის საბოლოო შეფასებას, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10 დეკემბერს დამტკიცებული მიმართვა ოპოზიციონერი დეპუტატის, „თავისუფალი დემოკრატების “ წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის მიერ იყო ინიცირებული.

„ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია“, – ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის მიერ 10 დეკემბერს დამტკიცებულ მიმართვაში, რომლის ადრესატებსაც ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახური წარმოადგენენ. ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო მიესალმება ევროკავშირთან ურთიერთობებში „მიღწეულ პროგრესს, ასოცირების შესახებ შეთანხმების წინასწარი ამოქმედების პირველი წლის შედეგებს და ყველა წარმატებულ ღონისძიებას, რომლებიც პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისკენაა მიმართული“.​

საქართველოს პარლამენტი „მიმართავს ევროკომისიას, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე და, დარწმუნებულია, რომ მას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა მოჰყვება“ – ამ სიტყვებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის სტრუქტურებს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

მიმართვის ტექსტის თანახმად, პარლამენტი სათანადოდ აფასებს „უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში“ ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას, როგორც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ძირითად ამოცანას, და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს საკითხად ასახელებს. მოსალოდნელი სიკეთეები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც უკავშირდება:

„...ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა – რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას, ამასთანავე, ცხადყოფს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებს და ევროპული არჩევანის უდავო სარგებელს“.

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი დეპუტატის ვიქტორ დოლიძის მიერ ინიცირებული მიმართვის ტექსტი პარლამენტის სხდომაზე ხუთშაბათს დაამტკიცეს, თუმცა ძირითადი განხილვა ოთხშაბათის სხდომაზე შედგა. 10 დეკემბერს, ისევე როგორც 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხელისუფლება ძალიან მწვავედ გააკრიტიკეს, დამოუკიდებელი მედიის შევიწროების, ოპონენტთა პოლიტიკური დევნისა თუ ქვეყნის ეკონომიკის უკუსვლის გამო. ნაკლოვანებებს მეც ვხედავ და ამიტომაც ვარ ოპოზიციაშიო, – უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვიქტორ დოლიძემ, თუმცა მაინც თვლის, რომ მიმართვის ტექსტი, რომლის ადრესატსაც ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები წარმოადგენს, საქართველოს დადებითი კუთხით უნდა წარმოაჩენდეს:

„რა თქმა უნდა, პრობლემები მაქვს მედიასთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, პრობლემები მაქვს პროკურატურასთან დაკავშირებით; მაქვს კითხვები სასამართლოსთან დაკავშირებით... უამრავი კითხვა მაქვს... მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც (ქვეყნის) შიგნით უნდა წარიმართოს და ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა (და, პირველ რიგში, – ხელისუფლებამ), რომ არც შიგნით და არც გარეთ შეკითხვები აღარ გაჩნდეს... მაგრამ ეს არის სხვა საკითხი. ხოლო კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, მე ასე მიმაჩნია და იმიტომაც ავიღე ინიციატივა ჩემს თავზე, რომ შექმნილიყო დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა აქცენტირებული პოზიტივებზე და ერთობლივ კონსოლიდირებულ პოზიციაზე ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ძალის“.

ჩვენ გთხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრაზის დამატებას და ეს ფრაზა არის შემდეგი, რომ: საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები... რა არის ამაში ცუდი და გაუგებარი?..
აკაკი მინაშვილი

უმცირესობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, თანაგუნდელების მსგავსად, კატეგორიულად უარყო ოპონენტების ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს. ეს ყველაფერი სულ პირიქით არისო, განაცხადა მან და განმარტა, რომ, ქვეყანაში არსებული ძალიან ბევრი მძიმე პრობლემის მიუხედავად, რაც, მაგალითად, დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლასა და შერჩევით სამართალს გულისხმობს, „ნაციონალური მოძრაობა“, აცნობიერებს რა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად მოსალოდნელ სარგებელს ქვეყნისთვის, არასოდეს შეეწინააღმდეგება ასეთ პერსპექტივას. თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ერთობლივი მიმართვის ტექსტს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თქმით, ხმის მისაცემად მასში ერთი მოწოდების ჩამატება იყო საჭირო:

„როდესაც აქ კომპრომისებზე და შეთანხმებაზეა ლაპარაკი, ბატონებო, აი ამ დიდ დოკუმენტში, რომელიც წარმოდგენილია ბატონი ვიქტორ დოლიძის მიერ, ჩვენ გთხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრაზის დამატებას და ეს ფრაზა არის შემდეგი, რომ: საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები... რა არის ამაში ცუდი და გაუგებარი? და არა მგონია, რომ ამ ფრაზამ ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციასა და ვიზალიბერალიზაციას. პირიქით...“

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატ მინაშვილის მტკიცებით, მიმართვაში ხსენებული ფრაზის ჩამატება, როგორც დემოკრატიული განვითარების გამოვლინება, ბრიუსელშიც მოეწონებოდათ, ტექსტში მთავრობის მიმართ მოწოდების პუნქტი დეპუტატებს აღარ ჩაუმატებიათ. მაგალითად, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზება თავის თავში გულისხმობს ხელისუფლების მიერ უკვე დაშვებულ შეცდომებს, რამაც თითქოს ზიანი მიაყენა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს და ამიტომ საჭირო გახდა მოწოდება, რათა ასეთი შეცდომები აღარ განმეორდეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ 10 დეკემბერს დამტკიცებული მიმართვა რამდენიმე დღით უსწრებს წინ ევროკომისიის საბოლოო შეფასებას, რომელიც 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს და რომელზე დაყრდნობითაც უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ლიდერების ბოლო პერიოდის ცალკეული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ჩნდება იმედი, რომ ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება და, მოლდავეთის მიერ გავლილ იმავე გზას თუ გადავხედავთ, სადღაც გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეები უკვე შეძლებენ უვიზოდ შესვლას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში.

დაბოლოს, კიდევ ერთი პოზიტიური სიგნალის შესახებაც ვთქვათ, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინასაც უკავშირდება: სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, გერმანულ გაზეთ „ველტზე“ დაყრდნობით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები 2016 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. „ველტს“ ევროკავშირის დიპლომატმა განუცხადა, რომ ევროკომისია 15 დეკემბერს საქართველოსა და უკრაინის წინსვლის შესახებ დადებით ანგარიშს გამოაქვეყნებს და ამით გზას გაუხსნის ორივე ქვეყნისთვის სავიზო ვალდებულების გაუქმებას. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახევარი წლის განმავლობაში უვიზოდ სამი თვით დარჩნენ ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ გულისხმობს მუშაობის უფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG