გორის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა მარკოზაშვილი ამ დილით ევროპაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებსა და სხვა სტუდენტებთან ერთად უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში, ათენში, უვიზოდ გაემგზავრა. ათენიდან დელეგაცია ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, ჩავა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები და კონფერენციები. ნიკა მარკოზაშვილი მიიჩნევს, რომ 28 მარტიდან ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირში განათლების მიღების ახალი პერსპექტივა ჩნდება.
თამარ შოშიტაშვილი ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირია და ახლა ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი აზრით, ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლით საქართველოში საერთო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაც დაიწყება, რასაც დევნილები მძიმედ განიცდიან.
ალი ბადიროვმა გორის დემოკრატიის სკოლა დაამთავრა. „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ საქართველოს 4 ქალაქში - გორში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში - დემოკრატიული სკოლების პროექტს ახორციელებს, სადაც საქართველოს მოქალაქეები არაფორმალურ განათლებას იღებენ. ევროკავშირთან უვიზო მიმისვლის დაწყებას სკოლების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო დაემთხვა, სადაც ბოლო ლექციის თემა დემოკრატიული ღირებულებები და ევროპასთან დაწყებული ინტეგრაციული პროცესები იყო. ალი ბადიროვი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისთვისაც არაერთი სარგებლის მომტანი იქნება.
სამოქალაქო აქტივიზმი, ეფექტური დემოკრატია, ძლიერი თვითმმართველობა, მედიის თავისუფლება, სტერეოტიპების დანგრევა - ამ და სხვა თემებზე ლევან ცუცქირიძემ დემოკრატიის სკოლაში ლექცია წაიკითხა. მისი აზრით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს გზას უხსნის საიმისოდ, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენისაგან გათავისუფლდნენ და დარწმუნდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნები არც იდენტობას კარგავენ და არც საკუთარ ტრადიციებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს არაერთხელ შესთავაზეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სიკეთეებით ისარგებლონ. ამისთვის მათ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დასჭირდებათ, თუმცა პროცედურულად ეს როგორ შეიძლება განხორციელდეს, ჯერ ცნობილი არ არის. ამ საკითხისადმი დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ნეგატიურია, თუმცა რას ფიქრობს იქაური საზოგადოება, ეს ახლო მომავალში უკეთესად გამოჩნდება.