Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის გამოცემები ამ კვირაში ყურადღებას უთმობენ ლონდონის ცენტრში მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას, ასევე ევროკავშირის 60 წლის იუბილეს, რომელსაც აღნიშნავენ 25 მარტს.

ლონდონის თავდასხმების თაობაზე გაზეთი „გარდიანი“ წერდა: პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, როგორც არასდროს. ამ მხრივ აშკარად სუსტი იყო მთავარი შესასვლელი, სადაც ამდენი ადმინისტრაციული შენობა დგას და მთავრობის გულია. აქ ტურისტები სურათებს იღებენ ხოლმე პარლამენტის ღია კარის ფონზე. ეს არის ადგილი, რომელსაც მსოფლიო დემოკრატიის დაბადების ადგილად მიიჩნევს. თავდასხმა დიდი ხანია მოსალოდნელი იყო, მაგრამ მან ჩვენი საზოგადოება ვერ უნდა გახლიჩოს. ტერორიზმი სიძულვილს ავრცელებს და განხეთქილებას უწყობს ხელს. ჩვენი პასუხი ამაზე სოლიდარობა უნდა იყოს.

„ტაიმსიც“ ეხმაურება ბრიტანეთის პარლამენტთან მოწყობილ ტერაქტებს და წერს იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს დამარცხებული მტერი. გაზეთი აცხადებს, ტერორისტებს არა მხოლოდ იარაღი, იდეოლოგიაც უნდა ჩამოერთვათო - ეს თაობის საკითხია, როგორც ეს ნაციზმის შემთხვევაში მოხდაო. „ტაიმსი“ მიიჩნევს, რომ საფინანსო საშუალებებთან ერთად ამისთვის საჭირო იქნება იდეების სიმრავლე.

„ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ წერს ლონდონის თაობაზე და იმაზე, თუ რატომ იქნა არჩეული თავდასხმის ადგილად პარლამენტი. თავდასხმის ადგილი არამხოლოდ სიმბოლური თვალსაზრისით იყო ბრიტანული დემოკრატიის გულში ლახვარი. პოლიტიკოსებმა და მედიის წარმომადგენლებმა უშუალო მუქარა და საფრთხე იგრძნეს, რაც თავდამსხმელთა მიერ გათვლილი იყო. თავდამსხმელმა თავზარის დაცემას მიაღწია, მაგრამ დაშინება ვერ შეძლო.

ესპანეთის დედაქალაქი, მადრიდი, თვითონ იყო ტერაქტის მსხვერპლი და, შესაბამისად, დიდია გაზეთ „მუნდოს“ თანაგრძნობა ბრიტანელთა მიმართ. „თავდასხმამ ლონდონის გულში კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ „წმინდა ომი“, რომელსაც ეგრეთ წოდებული „ისლამური სახელმწიფო“ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს, დიდი გამოწვევაა კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. ვერ უარვყოფთ, რომ ვცხოვრობთ კონფლიქტის შიგნით, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის მოქალაქეთა სიცოცხლეს, არამედ დემოკრატიულ ფასეულობებს. მართალია, მსხვერპლის რაოდენობა დიდი არ ყოფილა, მაგრამ თავდასხმამ, გაზეთ „მუნდოს“ თანახმად, მთელ ევროპაში პანიკა გამოიწვია.

1957 წლის 25 მარტს რომში ევროპის ექვსმა ქვეყანამ - ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდმა -ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომლებმაც გასულ საუკუნეში ევროპის მომავალი განსაზღვრა. დღეს ევროკავშირის 60 წლის იუბილეს მისი წევრი 28 ქვეყანა აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის პუბლიკაციების ავტორები, საზეიმო განწყობის ჩვენების ნაცვლად, ანალიტიკურ მიმართულებას ირჩევენ და პირდაპირ სვამენ კითხვას: შესაძლებელია თუ არა ევროპის შენარჩუნება? ამ კითხვას სვამს დიდი ბრიტანეთის ყოველკვირეული გამოცემა „ეკონომისტი“, რომელმაც წერილების მთელი სერია მიუძღვნა ევროპის გადარჩენის საკითხს. „რომში ევროკავშირის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილი ევროპელი ლიდერები აცნობიერებენ იმას, რომ მათი პროექტი დიდი პრობლემის წინაშე დგას...საიუბილეო საღამოზე არ იქნება ტერეზა მეი“ - ასე იწყებს ავტორი წერილს, რომელშიც ევროპის კრიზისის ყველაზე დრამატულ გამოვლინებად დასახელებულია ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება. ევროკავშირის ასეთი მნიშვნელოვანი წევრის დაკარგვა პირდაპირ არყევს ევროპული კლუბის გავლენასა და სანდოობასო, წერს ავტორი. ევროპული ბლოკის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად ის მიიჩნევს რუსეთის განახლებულ აგრესიას და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სკეპტიციზმს, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და ნატოსკენ. თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად დასახლებულია რამდენიმე რადიკალური და საჭირო ნაბიჯი - უნდა შეიქმნას „მრავალშრიანი“ სისტემა, რომელიც 60 წლის ევროკავშირს მეტად მოქნილს გახდის. „გაფართოებულმა და მრავალშრიანმა ევროპამ თავის შიგნით ადგილი უნდა მოუძებნოს არაწევრ სახელმწიფოებსაც. კონტინენტი 48 ქვეყნისგან შედგება, 750-მილიონიანი მოსახლეობით, და არა 28 ქვეყნისგან, რომელიც მხოლოდ 510 მილიონ ადამიანს აერთიანებს. განზე რჩება ევროკავშირის არაწევრი 19 ქვეყანა და იქ მცხოვრები 340 მილიონი ადამიანი“ - ვკითხულობთ „ეკონომისტის“ პუბლიკაციაში.

ბრიტანეთის გარეშე დარჩენილი ევროპის გადარჩენის შანსს „ფაინენშელ ტაიმსი“ საფრანგეთისა და გერმანიის მტკიცე თანამშრომლობაში ხედავს. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ პარიზსა და ბერლინს შორის კარგი ურთიერთობა იმაზე მიანიშნებს, რომ იქმნება ახალი „ევროპული ბირთვი“, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება. მისივე თქმით, „რამდენადაც ძნელია ოპტიმისტურად განეწყო ევროპის მიმართ, იმდენად დროულია განელდეს პესიმიზმი“.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG