Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემა, რომელსაც არ ეხებიან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, ბარაკ ობამა (მარჯვნივ) და მიტ რომნი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, ბარაკ ობამა (მარჯვნივ) და მიტ რომნი
წელს შეერთებულ შტატებში ერთი სამწუხარო რეკორდი დამყარდა: ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი პირების თავდასხმების შედეგად. მაგრამ ამ ფაქტზე არავინ ლაპარაკობს წინასაარჩევნო კამპანიაში. მეტიც - შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები თავს არიდებენ იარაღის ფლობის და ტარების გაკონტროლებაზე საუბარს. რატომ? ამაში გარკვევას შეეცადა ვაშინგტონში ჩვენი კორესპონდენტი ჰეზერ მაჰერი.

12 დაღუპული კოლორადოს შტატში, ცხრა - უისკონზინში, ხუთი - მინესოტაში, შვიდი - კალიფორნიაში. ეს არის მხოლოდ ნაწილი მსხვერპლისა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღის მქონე პირების თავდასხმებს მოჰყვა მარტო წელს... მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წელია, თემას აშკარად თავს არიდებენ პრეზიდენტი ბარაკ ობამაც და მისი რესპუბლიკელი მეტოქე მიტ რომნიც.

როცა მთელი მსოფლიო შეძრა 20 ივლისს კოლორადოს შტატში, კინოში სისხლისღვრამ (მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ბეტმენის შესახებ ახალი ფილმის საპრემიერო ჩვენებისას, რომ იტყვიან, კბილებამდე შეიარაღებულმა ახალგაზრდა კაცმა მოკლა 12 ადამიანი კინოდარბაზში), ბარაკ ობამამ და მიტ რომნიმ მართალია, გააკეთეს განცხადებები, მაგრამ არც ერთს არ მოუთხოვია იარაღის ფლობის შესახებ კანონის გამკაცრება. მათ ისაუბრეს იარაღის შესახებ არსებული კანონების დაცვის აუცილებლობაზე.

როცა წელს, ოქტომბერში, შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო დებატების დროს დაისვა შეკითხვა, რას გააკეთებდა პრეზიდენტობის ან ერთი, ან მეორე კანდიდატი საიმისოდ, რომ ქუჩებში აღარ დადიოდეს საბრძოლო იარაღიანი ხალხი, პასუხები ასეთი გამოდგა: რომნიმ თქვა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ იარაღის ფლობის შესახებ ახალ კანონებს, რის შემდეგაც ის შეუდგა ოჯახში ახლო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბარს. ობამამ კი აღნიშნა, «უნდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა, ისევ ავამოქმედოთ საბრძოლო იარაღის აკრძალვაო», რის შემდეგაც ისიც სხვა თემაზე გადავიდა - ყურადღება გაამახვილა რიგიანი განათლების მნიშვნელობაზე.

პრეზიდენტობის კანდიდატების ეს პასუხები პაროდისტებმა აიტაცეს. ნაწყვეტი პოპულარული სატირული შოუდან "Saturday Night Live":

"შეკითხვა: მაინტერესებს, რას მოიმოქმედებდა თითოეული თგვენგანი საიმისოდ, რომ ქუჩაში არ დადიოდეს სახიფათო საბრძოლო იარაღით, მაგალითად, კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებული ხალხი?

რომნი: მმმ არაფერს...

ობამა: მეც არაფერს გავაკეთებდი".

ოფიციალური მონაცემებით, ამერიკაში კერძო პირების ხელშია 300 მილიონამდე ერთეული იარაღი. მას იყენებენ სანადიროდ, მიზანში სასროლად, თავის დასაცავად. მილიონობით ადამიანი იარაღს ინახავს იმ მიზნით, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბოროტმოქმედი მოიგერიოს მასზე, მის ოჯახზე თავდასხმისას. თუმცა, იარაღის შეძენა ყველას არ შეუძლია. ამის უფლება არა აქვთ, მაგალითად, ფსიქიკურად დაავადებულებს, ნასამართლევ პირებს, 21 წლამდე პირებს, უკანონო იმიგრანტებს.
დემოკრატებმა იფიქრეს, რომ არჩევნებში ელ გორის დამარცხების მიზეზი, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ, იყო იარაღის საკითხში მკაცრი კანონების მტკიცე მხარდაჭერა ...
რობერტ სპიცერი

წინასაარჩევნო კამპანიაში იარაღის თემის იგნორირება მით უფრო მრავლისმეტყველია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წარსულში ორივე კანდიდატს, ობამასაც და რომნისაც აქვთ გაკეთებული განცხადებები იარაღის ფლობის შესახებ კანონების გამკაცრების აუცილებლობაზე. მაგრამ ეს ადრე იყო. ბოლო ოთხ წელიწადში, რაც ობამა პრეზიდენტია, მის მიერ ხელმოწერლი, იარაღის ფლობასთან დაკავშირებული ერთადერთი კანონი იყო იარაღის ტარების დაშვება ეროვნულ პარკებსა და მატარებლებში.

ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი რობერტ სპიცერი აღნიშნავს, რომ დემოკრატიული პარტია ათწლეულების მანძილზე, ტრადიციულად მხარს უჭერდა მკაცრ კანონებს იარაღის ფლობისა და ტარების შესაზღუდად, მაგრამ პოზიცია შეიცვალა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ – მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ელ გორი დამარცხდა რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშთან დაპირისპირებაში.

"დემოკრატებმა იფიქრეს, რომ არჩევნებში ელ გორის დამარცხების მიზეზი, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ, იყო იარაღის საკითხში მკაცრი კანონების მტკიცე მხარდაჭერა. ასეთ დასკვნას არ ადასტურებს მომდევნო წლებში ჩატარებული ანალიზი, მაგრამ დემოკრატიულ პარტიაში დაიჯერეს, რომ იარაღის ფლობაზე საუბარი არ იყო დემოკრატებისათვის მომგებიანი", ამბობს სპიცერი და დასძენს, რომ ამის შემდეგ დემოკრატებმა შეწყვიტეს საუბარი იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების საჭიროებაზე და, უფრო ფართო მხარდაჭერის მოპოვების იმედით, შეუდგნენ თავიანთ კანდიდატებად იარაღის ფლობის შესახებ ლიბერალური კანონების აპოლოგეტების ჩართვას.

მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამამ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, როგორც უკვე ითქვა, ხელი შეუწყო იარაღის ტარების გაადვილებას, იარაღით სარგებლობის მომხრეთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამას მეორე ვადით დარჩენას. ეს ხალხი მიტ რომნის ანიჭებს უპირატესობას.

«ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს მონადირეებისა და სპორტსმენების უფლებებს და იმ ხალხის უფლებებს, რომლებსაც სურს თავინთი სახლებისა და ოჯახების დაცვა. პრეზიდენტმა ობამამ ეს არ გააკეთა. მე გავაკეთებ», განაცხადა რომნიმ აპრილში, იარაღის ფლობის ლიბერალური კანონების მომხრე გავლენიანი ჯგუფის, «National Rifle Organisation»-ის ყოველწლიური შეკრების მონაწილეებთან შეხვედრაზე.

თუმცა, როცა პრეზდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი სხვა ამერიკელების წინაშე გამოდის – ელაპარაკება ხალხს, რომელიც არ ემხრობა, ან შესაძლოა, ეწინააღმდეგება კიდეც იარაღის იოლად ფლობას - თემა თითქოს არ არსებობს! რომნი მას თავს არიდებს.

როგორც ნიუ-იორკელი პოლიტოლოგი, პროფესორი რობერტ სპიცერი განმარტავს:«რომნის სჭირდება იმ ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც შუაში დგას, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მიემხრობა. მას სჭირდება მხარდაჭერა ხალხისაგან, რომელიც არ არის რაიმე იდეოლოგიის თავგამოდებული მიმდევარი. ამდენად, რომნი უახლოვდება ამერიკული პოლიტიკის ცენტრალურ ნაწილს და ბევრი ლაპარაკი იარაღის ტარების უფლებებზე და იარაღის შესახებ ახალი კანონების უარყოფაზე მას არ ეხმარება მოყოყმანე ამომრჩევლების, ან ზომიერი, ცენტრში მდგომი ამომრჩევლების ხმების მოპოვებაში".

რომნისა და ობამასთვის ძნელი არ არის იარაღზე ლაპარაკისათვის თავის არიდება: ამომრჩევლები მათ არ უსვამენ ამ თემაზე შეკითხვებს. 1990 წელს შეერთებულ შტატებში გამოკითხულთა 78% ემხრობოდა იარაღის გაყიდვის შემზღუდველ მკაცრ კანონებს. 2011-ში ეს მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა. რატომ? ამასაც თავისი მიზეზები აქვს. თუმცა, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
XS
SM
MD
LG