ლარის დევალვაცია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემები ბოლო კვირებში ქართული პოლიტიკის მთავარი თემაა. პოლიტიკოსები და ექსპერტები შექმნილი კრიზისის გამო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ და საზოგადოებას ეკონომიკური პრობლემების დაძლევის განსხვავებულ მოდელებს სთავაზობენ.
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დევალვაციის პროცესის გამო საქართველოს მოსახლეობა თითქმის ვერ სარგებლობს მსოფლიოს ბაზარზე პროდუქციის ფასების შემცირებით გამოწვეული ეფექტით. თითქმის ერთადერთი, რაც საქართველოში გაიაფდა, ნავთობპროდუქტებია, თუმცა ლარის კურსის ვარდნის გამო შემდგომი გაიაფება შეჩერდა და ნავთობკომპანიების წარმომადგენლები ფასების ზრდის ალბათობაზე ალაპარაკდნენ.
გასული წლის მეორე ნახევარში ნავთობპროდუქტების გაიაფებამ საგრძნობი გავლენა მოახდინა ინფლაციის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2015 წლის იანვარში ინფლაციის დონემ თითქმის 1.5 პროცენტი შეადგინა. სწორედ ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარ მიზანს, თუმცა, ამ საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს გიორგი ქადაგიძეს ამ ბოლო დროს ლარის კურსის დევალვაციის პროცესში უმოქმედობის გამო ადანაშაულებენ. ასეთი ბრალდებები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა.