Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო დონბასის დაბრუნების პირობას იძლევა


უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება აღადგენს კონტროლს დონბასზე, სადაც ბოლო დღეებში კვლავ განახლდა ბრძოლები სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა ფორმირებებს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ სრულად შეძლეს დონეცკის აეროპორტზე კონტროლის აღდგენა. უკრაინა ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ აეროპორტის დამცველებმა, რომლებსაც კიევი ახალ „კიბორგებს“ უწოდებს, მოიგერიეს იერიშები და ინარჩუნებენ ახალ ტერმინალს.

18 იანვარს კიევსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა ერთიანობის მარში, რითაც პატივი მიაგეს სოფელ ვოლნოვახას დაბომბვის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა ხსოვნას. კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებსაც, უკრაინის დროშების გარდა, ხელში ეჭირათ პლაკატები, წარწერით „მე ვოლნოვახა ვარ.“ 13 იანვარს დონეცკის რაიონის სოფელ ვოლნოვახას საარტილერიო დაბომბვისას, რაშიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, 12 ადამიანი დაიღუპა. სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც პირობა დადო, რომ უკრაინის ხელისუფლება აღადგენს კონტროლს მთელ დონბასზე:

„ჩვენ უკრაინის მიწის ერთ გოჯსაც არ დავთმობთ. ჩვენ დავიბრუნებთ დონბასს და იქ უკრაინულ სულს აღვადგენთ. და ჩვენ ვაჩვენებთ, რომ სამომავლო გამარჯვებების ყველაზე დიდი მოკავშირე ჩვენი ერთიანობაა. ახლა უკრაინა ერთიანია, როგორც არასდროს, და ჩვენი ერთიანობა იქნება ჩვენი გამარჯვების გარანტი“.

პოროშენკოს ეს მიმართვა დამთავრებულიც არ ჰქონდა, როდესაც კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი იგნორირებას უკეთებს რუსეთის პრეზიდენტის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განსამუხტავად მომზადებულ გეგმას. რუსეთის ლიდერის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თანახმად, პუტინის საგანგებო გეგმა ითვალისწინებდა „აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი ორივე მხარის მიერ საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტასა და 100 მილიმეტრზე მეტი კალიბრის მქონე ყველა დანადგარის გატანას“. პუტინის წერილის ასლი რამდენიმე რუსულმა სატელევიზიო არხმა აჩვენა იმ სიუჟეტებთან ერთად, რომლებშიც საუბარი იყო უკრაინული არმიის მიერ დონეცკის აეროპორტზე კონტროლის აღსადგენად წამოწყებული მასობრივი სახმელეთო და საარტილერიო იერიშების შესახებ.

18 იანვრის საღამოს უკრაინის სამხედრო უწყების პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ მედიას აცნობა, რომ ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და მთლიანად გაიწმინდა „სეპარატისტებისაგან აეროპორტის ის ტეროტორია, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ“.

უკრაინის მხარემ ბრძოლებში 4 ჯარისკაცი დაკარგა, 32 კი დაიჭრა. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა. თვითმარქვია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა კიევს ბრალი დასდო „ახალი ომის“ გაჩაღებაში.

„დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებული პუნქტები ინტენსიურად იბომბება“, - უთხრა ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსს“ ალექსანდრ ზახარჩენკომ.

კიევმა მოგვიანებით დაადასტურა ინფორმაცია დონეცკის აეროპორტზე საარტილერიო იერიშის შესახებ. „უკრაინული მხარე იძულებული გახდა გაეხსნა ცეცხლი დონეცკის აეროპორტზე იმის გამო, რომ მკვეთრად იმატა იერიშებმა სეპარატისტების მხრიდან, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინელი სამხედროებისა და ბრძოლების დროს დაღუპულთა ცხედრების ევაკუაციაზე“, - განაცხადა 19 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ევა კოპაჩთან შეხვედრის დროს.

გასული წლის აპრილში, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მსვლელობის დროს, 4 700 ათასი ადამიანი დაიღუპა.

18 იანვარს გავრცელებული ცნობით, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ბრძოლაში დონეცკის აეროპორტის დაცვის დროს კიდევ ერთი მოხალისე ქართველი ჯარისკაცი, თამაზ სუხიაშვილი, დაიღუპა. იგი დღეს უნდა გადაასვენონ საქართველოში, გვითხრა მისმა თანამებრძოლმა, თადარიგის პოლკოვნიკმა დავით მარტიაშვილმა, რომელიც უკრაინაში ბატალიონ დონბასთან ერთად იბრძვის მოხალისედ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG