აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 37 წლის თამაზ სუხიაშვილი 18 იანვარს დონეცკის აეროპორტზე მიტანილი იერიშის დროს მოკლეს. უკრაინაში წასვლამდე ლეიტენანტი თამაზ სუხიაშვილი გორის განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფში მსახურობდა, მანამდე კი იმყოფებოდა ერაყში კოალიციური ძალების შემადგენლობაში და ავღანეთში ISAF-ის მისიაში, ასევე მონაწილეობას იღებდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვიტოს ომში. რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი ოფიცერი და როგორ უყურებს საქართველოს ხელისუფლება საზღვარგარეთ მიმდინარე კონფლიქტებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას?
თამაზ სუხიაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 93-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-6 ასეულში მსახურობდა. 18 იანვარს, დონეცკის აეროპორტის შტურმის წინ, ხაშურში მცხოვრებ ოჯახის წევრებს საბრძოლო პოზიციებზე გასვლამდე დაურეკა და ელაპარაკა. თამაზ სუხიაშვილის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა როგორც საქართველოს საელჩომ უკრაინაში, ასევე გარდაცვლილის მეომრის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, რომლის თქმითაც, 18 იანვარს მომხდარი შეტაკების დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა. ამასთან, ორი მათგანი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების, ერთი კი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის ვარაუდით, ჯამში, ორივე მხარეს შესაძლოა იბრძოდეს სამასამდე ეთნიკური ქართველი, რომელთაგან ნაწილი საქართველოს მოქალაქე არაა.
„უკრაინის მხარეს ძირითადად იბრძვიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ადრე მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი დარჩნენ არმიის გარეთ. სხვათა შორის, უკრაინაში მებრძოლი ქართველების დიდი ნაწილი ჯარიდან წავიდა წინა ხელისუფლების დროს, 2008 წლის ომის შემდეგ. რაც შეეხება სეპარატისტების მხარეს მებძოლ საქართველოს მოქალაქეებს ან ეთნიკურ ქართველებს, როგორც ჩანს, მათი უმეტესობა საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ცხოვრობდა იქ. მაგალითად, დონეცკში ომამდე 2 200 ქართველი ცხოვრობდა, მთლიანად დონბასში კი მათი რაოდენობა გაცილებთი მეტი იყო. შესაბამისად, მათი ნაწილი იბრძვის სეპარატისტების მხარეს, რადგანაც წლების განმავლობაში ადგილობრივებთან მეგობრული და სხვა ტიპის ურთიერთობა აკავშირებთ“, უთხრა ირაკლი ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.
უკრაინელებს ცოცხალი ძალის პრობლემა არა გვაქვს, მაგრამ სპეციალისტები არ გვყავს, მაგალითად, ტანკისტები, მემიზნეები. აი, გრიგოლაშვილი, სუხიაშვილი, რომლებიც დაიღუპნენ, იყვნენ პროფესიონალები. ისინი დასახმარებლად ჩამოდიან. აქ, მოხალისეთა ბატალიონებში, მათ არანაირი სტატუსი არა აქვთ...თამარ შევლაძე
ირაკლი ალადაშვილის თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქართულ ჯარში მსახურობდნენ, ძირითადად ირიცხებიან თავდაცვის სამინისტროს ნაწილებსა და ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონებში, რომელთა ნაწილი ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაწილი კი - ეროვნულ გვარდიას. უკრაინაში ჩასულ ქართველ სამხედროებს კარგად იცნობს კიევში მცხოვრები პოლიტიკოსი თამარ შევლაძე, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა. ამბობს, რომ თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში სამი თვის წინ ჩავიდა და რომ უკრაინას ტეროტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მისნაირი პროფესიონალი სამხედროების გამოცდილება სჭირდება:
„უკრაინელებს ცოცხალი ძალის პრობლემა არა გვაქვს, მაგრამ სპეციალისტები არ გვყავს, მაგალითად, ტანკისტები, მემიზნეები. აი, გრიგოლაშვილი, სუხიაშვილი, რომლებიც დაიღუპნენ, იყვნენ პროფესიონალები. ისინი დასახმარებლად ჩამოდიან. აქ, მოხალისეთა ბატალიონებში, მათ არანაირი სტატუსი არა აქვთ. არანაირი სტატუსი არ აქვთ თავად უკრაინელებსაც, რომლებიც მოხალისეთა ბატალიონებში მსახურობენ, მაგრამ ბატალიონის მოძრაობას კოორდინაციას უწევს თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, არანაირ გასამრჯელოზე არ არის საუბარი. მათ აქვთ საკვები, ტანსაცმელი, იარაღი, მაგრამ ხელფასს მათ არავინ უხდის, ეს სიცრუეა. თქვენ ხომ გესმით, რომ ეს ისეთივე ომია, როგორიც საქართველოში 1992-93 წლებში იყო“.
თუ საერთაშორისო საზოგადოებისათვის რაიმე კონკრეტული ქმედება მისაღებია, ის, თავისთავად ცხადია, გაეროს წესდების მიხედვით, უნდა ექცეოდეს კონკრეტული სახელმწიფოს რეგულაციის ქვეშ. ფორმირება, რომელიც არ არის აღიარებული და არ ექცევა ამა თუ იმ სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ, ცხადია, უკანონოა და რაც კანონიერი არაა, ის ექცევა დასჯადობის არეალში...ირაკლი სესიაშვილი
ამასობაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას. ლაპარაკია ახალ, 312-ე, პრიმა მუხლზე, რომლის მიხედვითაც, უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით, თუმცა, როგორც ცვლილების ერთ-ერთი ავტორი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს, სიახლე არავითარ შემთხვევაში არ შეეხება კანონიერ ფორმირებებს. შესაბამისად, როგორც რადიო თავისუფლებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, უსაფუძვლოა საქართველოს იმ მოქალაქეების ბედის გამოწუხილი, რომლებიც ოფიციალური კიევის იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ.
„თუ საერთაშორისო საზოგადოებისათვის რაიმე კონკრეტული ქმედება მისაღებია, ის, თავისთავად ცხადია, გაეროს წესდების მიხედვით, უნდა ექცეოდეს კონკრეტული სახელმწიფოს რეგულაციის ქვეშ. ფორმირება, რომელიც არ არის აღიარებული და არ ექცევა ამა თუ იმ სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ, ცხადია, უკანონოა და რაც კანონიერი არაა, ის ექცევა დასჯადობის არეალში. ამიტომ კანონის ფორმულირება იმ სახით, რომ მასში ჩაწერილიყო კონკრეტული სახელმწიფოები, არ იქნებოდა რელევანტური. კანონის საქმე არაა მოერგოს კონკრეტულ სიტუაციას, კანონის საქმეა ჩამოაყალიბოს ზოგადი რეგულაცია“, უთხრა ირაკლი სესიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
საქართველოში მომუშავე სამხედრო ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება სულ უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს მიიზიდავს. რაც შეეხება 18 იანვარს მოკლულ თამაზ სუხიაშვილს, რომელსაც სამშობლოში კვირის ბოლოს გადმოასვენებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სათანადოდ აფასებს ქართველი ოფიცრის დამსახურებას სამშობლოს წინაშე და ყველანაირად დაეხმარება გარდაცვლილის ოჯახს.