Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის ახალი ტალღა აღმოსავლეთ უკრაინაში


ავტობუსი, რომლის აფეთქებისას 12 ადამიანი დაიღუპა
ავტობუსი, რომლის აფეთქებისას 12 ადამიანი დაიღუპა

ავტორი: ანა ლომთაძე

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმეს მზარდი ძალადობის შემთხვევები აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 13 იანვარს, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა ავტობუსის აფეთქებისას. ბოლო თვეების განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი ინციდენტი მოხდა დონეცკში, რომელსაც პრორუსულად განწყობილი მეამბოხეები აკონტროლებენ. როგორც ირკვევა, სეპარატისტებმა ავტობუსს ჭურვი ესროლეს. თუმცა, თავად ისინი ბრალდებას უარყოფენ და კიევს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. აფეთქების პარალელურად სეპარატისტებმა ხელახლა გააჩაღეს საომარი მოქმედებები. მათ არაერთხელ სცადეს, ხელში ჩაეგდოთ დონეცკის აეროპორტის ის ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ.

დღევანდელი სასტიკი და გამუდმებული თავდასხმები დონეცკის აეროპორტზე და ავტობუსის აფეთქება, რომელსაც 10 ადამიანის სიკვდილი და 13-ის დაშავება მოჰყვა, მხოლოდ და მხოლოდ სეპარატისტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევებზე მიუთითებს...
მერი ჰარფი

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავებას მალევე გამოეხმაურა დასავლეთი. აი, რა თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მერი ჰარფმა:

„ჩვენ ვგმობთ განუწყვეტელ თავდასხმებს სეპარატისტების მხრიდან. ისინი ცდილობენ, დამატებით ტერიტორიაზე მოიპოვონ კონტროლი და ამით, არღვევენ მინსკის შეთანხმებას. დღევანდელი სასტიკი და გამუდმებული თავდასხმები დონეცკის აეროპორტზე და ავტობუსის აფეთქება, რომელსაც 10 ადამიანის სიკვდილი და 13-ის დაშავება მოჰყვა, მხოლოდ და მხოლოდ სეპარატისტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევებზე მიუთითებს.“

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ძალადობის ახალი ტალღა იმაზე მიგვანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია სექტემბერში მინსკში მიღწეული შეთანხმების დაცვა.

გაეროს უშიშროების საბჭომაც დაგმო ავტობუსის ინციდენტი და უკრაინის მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება.

რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, მთავრობას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ავტობუსის აფეთქება უკრაინის შეიარაღებული ძალების „კიდევ ერთი დანაშაულია“.

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე დამატებითი ჯარების გაგზავნას აპირებს. მისი თქმით, ავტობუსის აფეთქებისა და ხალხის დაღუპვისთვის მეამბოხეებმა პასუხი უნდა აგონ.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთომ) მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა. ეუთოს მონიტორინგის საგანგებო მისიის ხელმძღვანელი ერთუგრულ აფაქანი ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სიტუაცია დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საგრძნობლად გაუარესდა. აეროპორტის შენობა უკვე თითქმის მთლიანად ნანგრევებადაა ქცეული.

XS
SM
MD
LG