ბრაზილიაში ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებიდან სულ რამდენიმე დღეში, 17 ივლისს, უეფამ გამოაქვეყნა იმ ათი მოთამაშის სია, რომელთაგან აგვისტოს ბოლოს უნდა შეირჩეს ევროპის 2013/14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. საუკეთესოთა ათეული ასეთია (ანბანის მიხედვით):
დიეგო კოსტა (ესპანეთი, მადრიდის „ატლეტიკო“, ამჟამად - ლონდონის „ჩელსი“);
ანხელ დი მარია (არგენტინა, მადრიდის „რეალი“);
ფილიპ ლამი (გერმანია, მიუნხენის „ბაიერნი“);
ლიონელ მესი (არგენტინა, „ბარსელონა“);
თომას მიულერი (გერმანია, მიუნხენის „ბაიერნი“);
მანუელ ნოიერი (გერმანია, მიუნხენის „ბაიერნი“);
არიენ რობენი (ჰოლანდია, მიუნხენის „ბაიერნი“);
კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, მადრიდიას „რეალი“);
ლუის სუარესი (ურუგვაი, „ლივერპული“, ამჟამად - „ბარსელონა“);
ხამეს როდრიგესი (კოლუმბია, „მონაკო“, ამჟამად - მადრიდის „რეალი“).
ისევე, როგორც წინა წლებში, ეს ათეული შეირჩა უეფას წევრი ყველა ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად (ყოველ ქვეყანას თითო ჟურნალისტი წარმოადგენს, აქამდე მათი რაოდენობა 53-ს შეადგენდა, წელს კი - უეფაში გიბრალტარის გაწევრიანების შემდეგ - ეს რიცხვი 54-ია. საქართველოდან ჟიურის წევრია რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დავით კაკაბაძე).
ჟიურის თითოეულ წევრს უნდა დაესახელებინა, მისი აზრით, სეზონის ხუთი უძლიერესი მოთამაშე (პირველ ადგილზე გასულს ენიჭებოდა ხუთი ქულა, მეხუთე ადგილზე გასულს - ერთი). სულ ჟიურის წევრებმა დაასახელეს 35 ფეხბურთელი, რომელთაგან კენჭისყრის მეორე ტურში მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ათი მოთამაშე გავიდა (დაგროვილი ქულების რაოდენობას უეფა არ ამხელს).
მეორე ტურში კენჭისყრა იმავე პრინციპით ტარდება - იმ განსხვავებით, რომ ჟიურის წევრები მხოლოდ სამ საუკეთესოს ასახელებენ და თავიანთ ფავორიტებს მხოლოდ უძლიერესთა ათეულიდან ირჩევენ (პირველი ადგილისთვის - სამი ქულა, მეორისთვის - ორი, მესამისთვის - ერთი). მეორე ტურის შედეგებს უეფა 14 აგვისტოს გამოაქვეყნებს და გამოაცხადებს იმ სამი ფეხბურთელის ვინაობას, ვისაც გადამწყვეტ, მესამე ტურში მონაწილეობის უფლება მიენიჭება.
ამ სამეულიდან საუკეთესოს კი იმავე ჟიურის წევრები უკვე მონტე-კარლოში, 28 აგვისტოს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის მსვლელობაში გამოავლენენ.
წლეულს უეფა (ევროპის სპორტული მედიის ასოციაციასთან თანამშრომლობით) უკვე მეოთხე წელია, ამ პრინციპით გამოავლენს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. წინა კონკურსების ლაურეატები არიან ლიონელ მესი (არგენტინა), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) და ფრანკ რიბერი (საფრანგეთი).