რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ქვეყნის ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი, რომელმაც 31 ოქტომბერს კატასტროფა განიცადა ეგვიპტეში, ჰაერშივე დაიშალა. თავიდანვე უარყოფილ იქნა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ადგილობრივი დაჯგუფების ცნობა, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს. კატასტროფა მოხდა აფრენიდან 23 წუთში, ანუ მაშინ, როცა თვითმფრინავი იმყოფებოდა უკვე იმ სიმაღლეზე, - გავრცელებული ცნობით, 9 400 მეტრზე, - რომ რადარიდან გაქრა და მისთვის რაკეტის მორტყმა ამ დაჯგუფების ძალებს საგრძნობლად აღემატებოდა, - ამბობენ დასავლეთის სააგენტოები, ექსპერტთა აზრის დამოწმებით. „კოგალიმავიას“ კუთვნილი აერობუსი ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 224-ივე ადამიანი, რომელთაგან 217 მგზავრი იყო, მათ შორის - 24 ბავშვი. მათი უმრავლესობა იყო რუსეთის მოქალაქე, ოთხი - უკრაინის და ერთი -ბელორუსიის. კაიროდან სანკტ-პეტერბურგში 2 ნოემბერს გადაასვენეს ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა გვამები. პეტერბურგში შექმნილია კრიზისის ცენტრი, სადაც დაღუპულების ნათესავებს დახმარებას უწევენ, იქვე იღებენ მათგან „დე-ენ-ემ-ის“ ანალიზს, რათა გვამების ამოცნობა გამარტივდეს. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ავარია არ შეიძლებოდა მომხდარიყო ტექნიკური გაუმართაობის ან ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის გამო. „კოგალიმავიას“ დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ სმირნოვმა თქვა, რომ ავარია შეეძლო გამოეწვია მხოლოდ ტექნიკურ ან ფიზიკურ ქმედებას, რომელსაც ჰაერში თვითმფრინავის დაშლა მოჰყვა:
„ჩვენ გამოვრიცხავთ თვითმფრინავის ტექნიკურ დეფექტს და გამოვრიცხავთ მფრინავის ან ეკიპაჟის შეცდომას, ეგრეთ წოდებულ ადამიანურ ფაქტორს. 18 წლის თვითმფრინავი თავისი მოქმედების შუა პერიოდში იმყოფება“.
ჰაერში თვითმფრინავის დაშლის ერთადერთი ახსნა შეიძლება გარკვეული ზემოქმედებით, საჰაერო ხომალდზე წმინდა მექანიკური, ფიზიკური ზემოქმედებით...ალექსანდრ სმირნოვი
სმირნოვმა უფრო მეტი თქვა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და ახსნა, რომ თვითმფრინავი არ შეიძლება ჰაერში დაიშალოს, რაც უნდა ტექნიკურად გაუმართავი იყოს:
„შეუძლებელია სისტემის, ძრავის ან რამდენიმე სისტემის ერთად გამოსვლა მწყობრიდან, რასაც შეიძლება მოჰყვეს თვითმფრინავის ჰაერში დაშლა. დიახ, გარემოებათა ტრაგიკულმა თანხვედრამ, როცა რამდენიმე სისტემა გამოდის მწყობრიდან სხვადასხვა დონეზე და როცა ამას სხვა ფაქტორებიც ახლავს, შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითმფრინავი მიწაზე დაცემისას დაიშლებოდა. თვითმფრინავის ჰაერში დაშლა მისი რომელიმე სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო შეუძლებელია...“
სმირნოვი კატეგორიული იყო:
„ჰაერში თვითმფრინავის დაშლის ერთადერთი ახსნა შეიძლება გარკვეული ზემოქმედებით, საჰაერო ხომალდზე წმინდა მექანიკური, ფიზიკური ზემოქმედებით“.
კატასტროფაგანცდილი თვითმფრინავის ავიაკომპანიის დირექტორის მოადგილემ ერთი-ორი დეტალიც აღნიშნა:
„ერთ წუთზე ნაკლებ დროში მოხდა თვითმფრინავის მიერ სიჩქარის დაკარგვა საათში 300 კილომეტრით და, ამავე დროს, მოხდა ერთ-ნახევარი კილომეტრით სიმაღლის დაკარგვა. ამ რეჟიმში თვითმფრინავს - მით უმეტეს, დიდ სამგზავრო, სატრანსპორტო თვითმფრინავს - ფრენა არ შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავის მართვა შეუძლებელი შეიქნა, ის კი არ მიფრინავდა, არამედ ვარდებოდა“.
ალექსანდრ სმირნოვმა ახსნა ის ვითარებაც, რამაც, სავარაუდოდ, განაპირობა ის, რომ მფრინავებს მიწასთან კავშირზე გამოსვლა არ უცდიათ:
„იმის მიზეზი, თუ რატომ შეწყვიტა ფრენა და დაიწყო ვარდნა, შეიძლება ის იყოს, რომ თვითმფრინავმა განიცადა არსებითი კონსტრუქციული დაზიანება, რის გამოც შეუძლებელი იყო ფრენის გაგრძელება. ალბათ, ამიტომაც მოხდა, რომ ამ კატასტროფულ ვითარებაში ეკიპაჟმა მთლიანად დაკარგა მოქმედების უნარი. ამით შეიძლება აიხსნას, რომ მას ერთხელაც არ უცდია კავშირზე გამოსულიყო და ბორტზე საავარიო ვითარების შესახებ ეცნობებინა“.
ახლა, სანამ არ გამოიძიებენ, რა მოხდა, რატომ დაიშალა ჰაერში თვითმფრინავი და რამ გამოიწვია ეს ავიაკატასტროფა, საერთაშორისო ავიაკომპანიებმა სინაის ნახევარკუნძულის თავზე, სადაც ავარია მოხდა, ფრენა შეწყვიტეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 ნოემბერს რუსეთში გლოვა გამოაცხადა.