Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობის ჩინოვნიკთა სადავო დაკავება


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას წყვეტს თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი იმ 4 პირის დაკავების გამო, რომელთაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრების უკანონო მითვისება-გაფლანგვას ედავება. საქმესთან დაკავშირებით გუშინ თბილისის მერიისა და საკრებულოს 23 ჩინოვნიკს დაჰკითხეს, რაც ოპოზიციამ შეაფასა როგორც უკანონო ქმედება და საკრებულოს წევრებზე პოლიტიკური ზეწოლა, მათი გადაბირების მიზნით.

თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, „თბილისის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე დავით ავალიანი, მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ისინი სამართალდამცავებმა 27 ივნისის ღამით დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მათ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება "თბილისის განვითარების ფონდს," რომელიც მერიის მიერ, ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გამოძიება სწავლობს დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვის სამ ეპიზოდს, აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ხელმძღვანელი ნათია სუხიაშვილი:

„2011 წლის ნოემბერში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო უბნების ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის ხელმძღვანელობით დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები 719 პიროვნებაზე, რომლებიც თითქოს მუშაობდენენ "თბილისის განვითარების ფონდში" შენობათა კვლევის სპეციალისტებად, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. დამზადებული პლასტიკური ბარათები თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის ალექსი თაბუაშვილის მეშვეობით გადანაწილდა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ათი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე.

შეწყვიტონ ოჯახების დაწიოკება, იმიტომ რომ სხვა არაფერია ღამის 12 საათზე ოჯახებში შევარდნა, ქუჩების გადაკეტვა და სპეცოპერაციების ჩატარება გამგებლის თუ გამგებლის მოადგილის დაკავებისათვის, მაშინ როცა ეს ადამიანები რამდენიმეგზის იყვნენ დაკითხულები...
გიგი უგულავა
პლასტიკურ ბარათებზე ხელფასის სახით თანხები ირიცხებოდა ყოველთვიურად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე, საიდანაც თანხები პერიოდულად გამოჰქონდათ ალექსი თაბუაშვილს, დავით ავალიანს, დიმიტრი ჩხეიძეს და მერიისა და გამგეობის 30-მდე თანამშრომელს“.

მეორე და მესამე ეპიზოდი კი შეეხება ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 000 000 ლარის მითვისების ფაქტს და არამიზნობრივად, ე.წ. ფურშეტებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვის დახარჯულ 719 862 ლარს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ამ პირებს 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა დაკავებას იმავე ღამით გამოეხმაურა თბილისის მერი გიგი უგულავა და განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და აღვირახსნილი საქციელი. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს:

„შეწყვიტონ ოჯახების დაწიოკება, იმიტომ რომ სხვა არაფერია ღამის 12 საათზე ოჯახებში შევარდნა, ქუჩების გადაკეტვა და სპეცოპერაციების ჩატარება გამგებლის თუ გამგებლის მოადგილის დაკავებისათვის, მაშინ როცა ეს ადამიანები რამდენიმეგზის იყვნენ დაკითხულები. გამოგზავნონ უწყებები და არავინ არ აპირებს დამალვას და მეტსაც შევთავაზებდი, თუ ეს მას ეხება, ხადურს, - მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ამას ხელმძღვანელობს ბატონი ღარიბაშვილი, - მოგვაწოდოს, თუ გნებავთ, გვარები და თავის ფეხით მივა ეს ხალხი. შეწყვიტონ ოჯახების დატერორება“.

მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა დაკავების საფუძვლად პოლიტიკური ანგარიშსწორების ალბათობას გამორიცხავს. საკითხის პოლიტიკურ რაკურსში წარმოდგენის მცდელობა და ატეხილი აჟიოტაჟი იმის შიშით არის განპირობებული, რაც მათ ელით ჩადენილი დანაშაულის გამო, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, გარდა იმისა, რომ სრულიად უარყოფს რაიმე სახის პოლიტიკურ ინტერესს, ამბობს, რომ მსგავსი ქმედება სამართალდამცავთა მხრიდან, კანონის უზენაესობის დაცვის გათვალისწინების მიუხედავად, სულაც არ ასხამს წყალს ხელისუფლების წისქვილზე:

გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. საპარლამენტო ფრაქცია ტოვებს პარლამენტის სხდომას და მთელი შემადგენლობით მიდის თბილისში, რათა თბილისში გავაგრძელოთ ჩვენ ჩვენი სიმართლისთვის და კანონიერებისთვის ბრძოლა...
ლევან ბეჟაშვილი
„ეს მათ ჰქონდათ ასეთი მანერა და ასე ჰგონიათ დღეს, ყველა თავისი გადმოსახედიდან იყურება. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად არ იყო სასარგებლო ის, რაც მოხდა გუშინ, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვკარნახობთ და მე არ ვკარნახობ“.

გავიხსენოთ, რომ 27 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადგილობრივი თვითმმართველობის 23 ჩინოვნიკს დაჰკითხეს და გამოუშვეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ახვლედიანის სიტყვებით კი, ის საერთოდ არ დაუკითხავთ და ხანმოკლე დაკავების შემდეგ ბოდიშის მოხდით გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით მამუკა ახვლედიანმა, სხვა 22 პირთან ერთად, პროკურატურას სარჩელით მიმართა.

საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა დაკავების გამო საპარლამენტო მუშაობაზე უარი განაცხადეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის სიტყვებით, ისინი პარლამენტის რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მაშინ, როცა მსგავსი ფაქტები ხდება:

„მივიღეთ გადაწყვეტილება: გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. საპარლამენტო ფრაქცია ტოვებს პარლამენტის სხდომას და მთელი შემადგენლობით მიდის თბილისში, რათა თბილისში გავაგრძელოთ ჩვენ ჩვენი სიმართლისთვის და კანონიერებისთვის ბრძოლა“.

არასამთავრობო ორგანიზიციებს კითხვები თვითმმმრთველობის მაღალჩინოსანთა დაკავებასთან დაკავშირებით მაინც რჩებათ. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, საგამოძიებო ორგანოების ქმედება, სულ ცოტა, არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG